"შესაძლოა, იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევა მოითხოვნონ" - შეუწყვეტს თუ არა უფლებამოსილებას ზურაბიშვილი ანა დოლიძეს? - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევა მოითხოვნონ" - შეუწყვეტს თუ არა უფლებამოსილებას ზურაბიშვილი ანა დოლიძეს?

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინფორმაციით, საბჭო მისი გაწვევის მოთხოვნით ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას გეგმავს. ამის შესახებ დოლიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

დოლიძის ინფორმაციით, აღნიშნულის სურვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, სერგო მეთოფიშვილს აქვს, რომლის ინიციატივასაც ზოგიერთი მოსამართლეც იზიარებს.

ანა დოლიძის თქმით, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ წარდგენილი წევრის უკან გაწვევის უფლება აქვს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ წევრი არაჯეროვნად ასრულებს მის უფლება-მოვალეობებს.

"სერგო მეთოფიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ვინაიდან ჩემი განცხადებების გამო დისკომფორტს განიცდიან, მიმართონ პრეიზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოდან ჩემი გაწვევის შესახებ... არ გამიკვირდება, რომ მათ საკუთარ თავს საახალწლო საჩუქარი გაუკეთონ. კანონის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს გაწვევის უფლება აქვს, თუ საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი არაჯეროვნად ასრულებს ან არ ასრულებს მის უფლებას. სისულელეა, რომ ეს სამართლებრივად გაკეთდეს, თუმცა "ეს საჩუქარი“ რომ პოლიტიკურად მოითხოვოს ე.წ. კლანმა, არ გამიკვირდება ნამდვილად. ადრე თუ გვიან, ქალბატონ სალომეს მოუწევს ამ თემებთან შეხება იმიტომ, რომ ფაქტია, "კლანი“ მსხვერპლს ითხოვს. ახლა ჩაცემენტდებიან უზენაესი სასამართლოს სათავეში, შემდეგ კი შესაძლოა, საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევა მოითხოვნონ და ის (სალომე ) დადგება ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე“, - განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ვადა 2022 წელს ეწურება. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად შეუწყვეტს უფლებამოსილებას და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი წევრი უკან იქნება გაწვეული, სალომე ზურაბიშვილმა საბჭოში შემდეგი 4 წლით ახალი წევრი უნდა დანიშნოს.