"იყო გამოწვევები, პრობლემები, თუმცა..." - რატომ უხდის მადლობას კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას - კვირის პალიტრა

"იყო გამოწვევები, პრობლემები, თუმცა..." - რატომ უხდის მადლობას კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას

მინდა გისურვოთ და საკუთარ თავსაც ვუსურვო კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი, ქალაქის განვითარების ახალ საფეხურზე გადამყვანი წელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 2018 წლის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2019 წელს მერიას უფრო მეტი სამუშაო, უფრო მეტი გასაკეთებელი ექნება, რომ ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს.

"წელს დედაქალაქის მთავრობის ბოლო, 44-ე სხდომაა. მომდევნო სხდომა გვექნება მომავალ, 2019 წელს. მინდა, გისურვოთ და საკუთარ თავსაც ვუსურვო კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი ქალაქის განვითარების ახალ საფეხურზე გადამყვანი წელი. 2018 წელი საინტერესო იყო. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, იყო გამოწვევები, იყო პრობლემები, თუმცა მგონია, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხეთ ყველა გამოწვევას და ყველა პრობლემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია ქალაქში, ყველა პრობლემა მოგვარებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვექნება სამუშაო, უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დღეს აწუხებს თბილისს და თბილისელებს.

წინასწარ მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. მინდა მოსახლეობას დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენ ამ მხარდაჭერას და თანადგომას ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვიგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ეს დამატებით სტიმულს და შემართებას გვაძლევს, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვნს ქალაქს და თბილისელებს. მინდა ჩემს ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ერთწლიანი მუშაობისთვის, გამგეობებს, ყველა სამსახურს და მის თანამშრომლებს, სსიპ-ებს , ააიპ-ებს. ახალი შემართებით, ახალი ენერგიით 2019 წელს ძალიან ბევრი გვექნება გადაკეთებელი, უამრავი პრობლემაა, რომელსაც სჭირდება მოგვარება", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"