"ეს არის პოლიტიკური პროცესი" - რას ამბობს პრემიერი ოპოზიციის ბრალდებებზე, ბესელიას გადადგომასა და პრეზიდენტზე? - კვირის პალიტრა

"ეს არის პოლიტიკური პროცესი" - რას ამბობს პრემიერი ოპოზიციის ბრალდებებზე, ბესელიას გადადგომასა და პრეზიდენტზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 27 დეკემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე 2018 წელი შეაფასა.

მისი თქმით, 2018 წელს ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და 2019 წელს ინფრასტრუქტურული განვითარება დარჩება პრიორიტეტულ მიმართულებად.

"მთლიანობაში 2018 წელი იყო პოზიტიური, ჩვენ გქვონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი დაწინაურება. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი მისწარაფებების რეალიზაციისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასე ახლოს ევროპულ ოჯახთან და ნატო-სთან არასდროს ყოფილა. ჩვენ შევეცდებით, რომ 2019 წელს ეს მიღწევები გავხადოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო და მოვახდინოთ ამ მიღწევების კონვერტაცია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. 2018 წელი ასევე ნაყოფიერი იყო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ეს ურთიერთობა ასეთი ყოვლისმომცველი არასოდეს ყოფილა. ჩვენი ქვეყანა რეგიონში აღიარებულია ლიდერად ყველა სფეროში", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე შეფასებით, 2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი და ამ წელს საქართველო უკვე სრულად გადავიდა საპარლამენტო დემოკრატიაზე.

ბახტაძის თქმით, სიღარიბის დაძლევა იქნება პრიორიტეტი შემდეგი 2 წლის განმავლობაში: "ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უმოკლეს ვადებში დავნერგოთ ის რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტ ინკლუზიურ ზრდას, საშუალებას მოგვცემს ქვეყნის განვითარების ეკონომიკური მოდელი შევცვალოთ და მოვარგოთ ინკლუზიურ ზრდას. მთავარი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული სიღარიბე. წელს სოციალური დახმარებები გაეზარდათ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. სოციალური პროგრამები მომავალ წელსაც გაგრძელდება და დაიხვეწება. იცით, რომ წელს შევძელით და ფინანსური ტვირთი მოვხსენით ასეულობით ათას მოქალაქეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეკონომიკური წინსვლა აისახოს თითოეულ მოქალაქეზე. დარწმუნებული ვარ, რომ 2019 წელი იქნება გარდამტეხი და ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც აუცილებლად ამუშავდება საქართველოში, ქვეყანას მოუტანს ინკლუზიურ ზრდას.

სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება კიდევ ორი უმძიმესი გამოწვევა - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ჩვენ გვაქვს მომზადებული სამშვიდობო ინიციატივა".

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, კერძოდ კი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შემოწირულებებს კვლავ იღებს და ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ აღნიშნული შემომწირველი კომპანიები ტენდერებში იმარჯვებენ.

"თუ ოპოზიციას აქვს ეჭვი და აქვს კონკრეტული ფაქტები, პირველ რიგში, მე ვიქნები დაინტერესებული, რომ ეს ფაქტები მოვისმინოთ. ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მათგან მსგავსი ბრალდებები და სამწუხაროდ, შემდეგ ეს აღმოჩენილა "ფეიქ ნიუსი". ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. არჩევნების დასრულებით ქვეყნაში არც ეკონომიკური და არც სოციალური ცხოვრება არ სრულდება, ეს პროცესი არის მუდმივი და აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ "ქეისს" ცალკე უნდა ჩავუღრმავდეთ. თუ მასში გამოიკვეთება რაიმე დეტალი, თუკი სამოქალაქო საზოგადოება, ან ოპოზიციური პარტიები აღმოაჩენენ მასში რაიმე კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც გამაგრებული იქნება შესაბამისი არგუმენტებით, მე გაძლევთ პირობას, რომ ვიქნები პირველი დაინტერესებული, რომ პროცესი განვიხილოთ", - აღნიშნა ბახტაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომას: "ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება. მან გააკეთა განმარტება. ჩემი პოზიცია აუცილებლად და ყოველთვის იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, მოგეწონებათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? - ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, გვაქვს ახალი და გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ".

ამასთან, კითხვაზე უკავშირდება თუ არა რაიმე სახის დაპირისპირებას ეკა ბესელიას წასვლა, ბახტაძემ აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობა გუნდში შესაძლოა, რომ არსებობდეს.

"ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა საკითხზე იყოს აზრთა ერთობლიობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი არის თანხვედრაში ამ ინტერესებთან. ეს არის პოლიტიკური პროცესი და ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი კონკრეტული შეხედულება", - აღნიშნა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით