"ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ქალბატონმა ეკამ გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ქალბატონმა ეკამ გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს"

"ჩემთვის ცოტა გაუგებარია ქალბატონი ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა ქალბატონმა ეკამ გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, გადადგომის ლოგიკური საფუძველი არ ჩანს, ვინაიდან გუშინ თავად მან თქვა, რომ საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის გადაიდო.

"ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარალმენტო ფორმატში, ასევე პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ორ ნაწილად იყო გაყოფილი ეს შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა ამ შეხვედრას, საუბარი იყო პროცედურასა და კანდიდატებზე. პროცედურას რაც შეეხება, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლში, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილია 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლე. ბუნებრივია, ეს აფერხებს საქმეთა განხილვას უზენაეს სასამართლოში. პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება კანდიდატებს, პოზიცია იყო იმაში, რომ უნდა განხილულიყო თითოეული კანდიდატი და საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს იყო საერთო პოზიცია, მოგვიანებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, შესაძლებლად მიაჩნდა საბჭოს ამ პროცედურის გადატანა, ასევე მე გავაკეთე განცხადება, რომ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ქალბატონი ეკას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა ქალბატონმა ეკამ გადადგომა ამ ყველაფერს. ლოგიკური საფუძველი არ ჩანს. ვეერანაირი კავშირი ვერ დავინახე პროცედურასა და მის გადადგომას შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალოს, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა: "გუნდი არის მყარი. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენთვის ეს პრინციპული არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები არ არის შესატანი, კონსტიტუცია არის მიღებული. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. გუნდი არის მყარი, ხოლო რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, რაც იურიდიულ კომიტეტში მოხდა, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ზოგადად, გუნდი არის ძლიერი, მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და უზრუნველყოფილი იქნება, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგძელებთ მუშაობას და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის".

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. თანამდებობა დატოვა ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმაც. ბესელიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომით კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი შეჩერდება.

იხილეთ ასევე: "ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები ჩვენ ვიცით"

"ინტერპრესნიუსი"