"თუ პოლიტიკაში მიდიხარ, თან ისეთ ხალხთან, ვინც საზოგადოებაში ჯალათად მოიაზრება, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდე" - კვირის პალიტრა

"თუ პოლიტიკაში მიდიხარ, თან ისეთ ხალხთან, ვინც საზოგადოებაში ჯალათად მოიაზრება, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდე"

პაატა ბურჭულაძის რუსეთში იური ტემირკანოვის საიუბილეო საღამოზე გამოსვლამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან კონცერტზე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც იმყოფებოდა. ვნებათაღელვა კიდევ გრძელდება და მსოფლიო ბანს თავს დაესხა ყველა, ვისაც არ დაეზარა, მათ შორის მისი პოლიტიკური თანამოაზრეებიც. გვესაუბრება ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე:

- იური ტემირკანოვი საქართველოში 2008 წელს სწორედ პაატა ბურჭულაძის მოწვევით იმყოფებოდა. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და მუსიკოსია! ამიტომაც პაატა ბურჭულაძე თავის მეგობართან იმყოფებოდა დაბადების დღის მისალოცად, სადაც დარბაზში ვლადიმირ პუტინიც აღმოჩნდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონ პაატას სხვა არაფერი მიზანი არ ჰქონია გარდა იმისა, რომ ჩასულიყო და თავის საუკეთესო მეგობრისთვის იუბილე მიელოცა!

ის თავდასხმა, რაც ბატონ პაატაზე ვნახეთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რაც შენი საქმე არ არის, იმას არ უნდა გაეკარო... თუ პოლიტიკაში მიდიხარ, თან ისეთ ხალხთან, რომლებიც საზოგადოებაში ჯალათებად მოიაზრებიან, ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდე, ისიც წინასწარ უნდა გათვალო სად ჩადიხარ და ვინ შეიძლება იქ დაგხვდეს... თუ წინასწარ არ იცი, როცა დაინახავ, მაშინ შესაბამისი რეაქცია მაინც უნდა გამოხატო, თუ პოლიტიკაში ხარ! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ განცხადებებს რომ არ აკეთებდეს და მხოლოდ ხელოვანი იყოს, მაშინ ხმას ვერავინ ამოიღებდა! სცენიდან დაინახა პუტინი, უკან ვერ გაბრუნდებოდა და თავის უახლოესი მეგობრის პატივისცემის გამო იქ სკანდალს ვერ ატეხდა. მაგრამ პოლიტიკურად ეს სხვაგვარად ჩანს და ადამიანს ხშირად იმას წამოაძახებენ ხოლმე, რაშიც დამნაშავე ნამდვილად არ არის!

- მისი პოლიტიკური თანამოაზრეებისგანაც იყო მწვავე შეფასებები...

- ეგ ხალხი ყველაფრის მკადრებელია. ერთ საინტერესო რამეს გიამბობთ: 2008 წელს, ომის შემდეგ მოხდა ისე, რომ პაატა ბურჭულაძემ მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტზე იმღერა, რომელსაც მისი ახლანდელი მეგობრების "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან დიდი გაღიზიანება მოჰყვა.  არიქა, კონცერტზე რუსეთის პრეზიდენტი - მედვედევი იმყოფებოდაო! - ისეთი წივილ-კივილი ატეხეს, მეტი არ შეიძლებოდა და იმჟამინდელმა კულტურის მინისტრმა ოპერის თეატრში დარეკა... ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილი გახლდათ და მე კი მისი მოადგილე ვიყავი. სამინისტროდან ჩვენგან მოითხოვეს პაატა ბურჭულაძესთან ერთად დანიშნული კონცერტი გაგვეუქმებინა! ბატონი ზაზას პასუხი იყო, რომ იგი პოლიტიკაში არ ერეოდა, კონცერტი დანიშნული იყო და აუცილებლად ჩაატარებდა! თუ კულტურის სამინისტროს ისე სურდა და სწორად მიაჩნდა, თვითონ დაკავშირებოდნენ პაატა ბურჭულაძეს და ოფიციალურად ეთქვათ, რომ პაატა ბურჭულაძე არ დაიშვებოდა თბილისის ოპერის ორკესტრთან ერთად სამღერლად! აღნიშნული კონცერტი ჩავატარეთ და შემდეგ ძალიან მალე თანამდებობიდან მოხსნეს ზაზა აზმაიფარაშვილიც და მეც! ორივე გამოგვიშვეს თეატრიდან, ასეთები ხდებოდა და ის ხალხი ლაპარაკობს, დღეს რეპრესიებიაო!

იხილეთ ბურჭულაძის "ღვინოვ კახურო" კონცერტზე, რომელსაც პუტინი დაესწრო

(სპეციალურად საიტისთვის)