"გადაწყვეტილების მიღებამდე ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრე" - რას აპირებს ეკა ბესელია? - კვირის პალიტრა

"გადაწყვეტილების მიღებამდე ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრე" - რას აპირებს ეკა ბესელია?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების გამართვას ელოდება.

როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებს უკვე მეორე დღეა ელოდება, თუმცა მან "სამწუხაროდ" ამ დრომდე ვერ მოიცალა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ გუშინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა განცხადება ოფიციალურად დაწერილი ჯერ არ აქვს. ბესელიას თქმით, იგი ამ განცხადებას ბიუროს პირველივე სხდომაზე წარადგენს და გადაწყვეტილების შეცვლას გამორიცხავს.

"მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც უკან წაიღებს თავის სიტყვას ან თავის გადაწყვეტილებას ასეთ საკითხებზე. ეს არის მხოლოდ პროცედურული საკითხი. ბიუროს პირველივე სხდომაზე გავიტან ამ განცხადებას. უბრალოდ, არის საკითხები, რომელიც გადასაბარებელია, რამდენიმე დოკუმენტზე ხელია მოსაწერი ანუ ეს მთლიანად პროცედურული საკითხებია. სამწუხაროდ, ამ დრომდე პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ მოიცალა კონსულტაციებისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებით. გუშინდელის შემდეგ ამ დრომდე ველოდები, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ ვერ მოიცალა", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ახალი წლის შემდგომ ისაუბრებს. ამასთან, ბესელია მმართველი გუნდის დატოვებას გამორიცხავს.

"ჩემს გეგმებზე ვისაუბრებ მოგვიანებით. ჩემთვის მთავარია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ განწესების ეს პროცესი შეჩერდა, ჩემთვის მთავარია ასევე, არ შეჩერდეს კომიტეტის საქმიანობა. ბევრი მიმდინარე პროექტია დაწყებული, ბევრი მიმდინარე კანონპროექტია, რომელზეც ვმუშაობდი და ეს საკითხები რომ არ დაზიანდეს, უნდა გავიარო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან. ამის შემდეგ, ახალი წლების შემდეგ, მექნება დრო, რომ ვისაუბრო ჩემს გეგმებზე. მე ვარ იმ გუნდში, რომლის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი ვარ. გუნდურობასთან დაკავშირებით რაიმე მინიშნებებიც არის არაკორექტული. მე ვარ ამ გუნდში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. თუმცა მომავლის გეგმებზე, სად გავაგრძელებ საქმიანობას პარლამენტში, ამაზე ახალი წლის შემდეგ ვისაუბრებ", - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, კომიტეტის თავმჯდომარის დატოვების საკითხზე კომუნიკაცია "ქართული ოცნების" ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა.

"პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი და მაქვს კომუნიკაცია. გადაწყვეტილების მიღებამდეც მქონდა მასთან საუბარი. არ მინდა ამ თემებზე საუბარი", - აღნიშნა ბესელიამ.

იხილეთ ასევე: "ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები ჩვენ ვიცით"

"ინტერპრესნიუსი"