ვინ არის პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი და რა აკავშირებს ე.წ. მოსამართლეთა კლანთან - კვირის პალიტრა

ვინ არის პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი და რა აკავშირებს ე.წ. მოსამართლეთა კლანთან

27 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. მან განაცხადა, რომ დაპირისპირება ჰქონდა თავის ყოფილ პირველ მოადგილესთან, ვანო ზარდიაშვილთან. ზარდიაშვილი წლების განმავლობაში სახელდებოდა სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის - ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობისტად. ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების სადავო პროცესი პარლამენტში იმიტომ შეჩერდა, რომ მან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაუგზავნა პარლამენტს, წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური მოტივებით მოქმედი მოსამართლეები მოხვდნენ, ამიტომაც სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული...

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიამ, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა, უკმაყოფილო დატოვა ბევრი - როგორც პოლიტიკოსების, სასამართლო სისტემაში მოძლიერებული "კლანის" გავლენებზე ლაპარაკობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. მათი თქმით, სწორედ ამ "კლანის" გამოკვეთილი წარმომადგენელია უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაში შეყვანილი მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასანიშნთა სიაში ერთ-ერთ ყველაზე მიუღებელ ფიგურად სწორედ მიხეილ ჩინჩალაძე სახელდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომლის გვარსაც ხშირად სწორედ ვანო ზარდიაშვილს უკავშირებდნენ. როგორც ამბობენ, ჩინჩალაძის კლანი სწორედ ზარდიაშვილის იმედზე იყო, როდესაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეადგინა და პარლამენტს წარუდგინა სასურველი მოსამართლეობის კანდიდატების სია. როგორც ამბობენ, სასამართლო სისტემის გავლენიან ჯგუფს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი ლობირებდა, რადგან სწორედ ის არის ყველა იმ კანონპროექტის თანაავტორი, რამაც ამ ჯგუფისა და მიხეილ ჩინჩალაძის სასარგებლოდ იმუშავა.

ვინ არის ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის წევრი 2016 წლის არჩევნების შედეგად "ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა. მანამდე, სამი წლის განმავლობაში, იგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა, იყო გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, 2004-2012 წლებში, ვანო ზარდიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს აპარატში, იყო უშიშროების მინისტრის თანაშემწე, გენერალური პროკურორის მრჩეველი, განყოფილების უფროსი თბილისის მერიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი და ა.შ.

2004 წლიდან ის ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე იყო და როდესაც იგი გენერალურ პროკურორად დაინიშნა, ზარდიაშვილი მისი მრჩეველი გახდა.ზარდიაშვილი სასამართლო სისტემაში 2010 წლიდან მოვიდა და იმავე წელს მისი მეუღლე თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტად დაინიშნა. 2012 წლიდან ზარდიაშვილმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმდა. იმავე პერიოდში, როგორც ამბობენ, მან მიხეილ ჩინჩალაძის ცოლი და დედა დაასაქმა აუდიტის სამსახურში. ხოლო მისი მეუღლე იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა ყოფილი პარლამენტარის, "აღორძინების კავშირის" წევრის ანზორ აბრალავას შვილია. იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2010 წლის 1-ლი ივნისიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2015 წლის 30 იანვრიდან უკავია მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.

ზარდიაშვილს სამსახურებრივის გარდა, ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს მიხეილ ჩინჩალაძესთან, ისინი მეჯვარეები და ნათელმირონები არიან.

ვანო ზარდიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა და მისმა მეუღლემ თინათინ აბრალავამ 2013 წლის შემდეგ თბილისში რამდენიმე საცხოვრებელი ბინა და 1 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში 1 მშენებარე საცხოვრებელი ბინა შეიძინეს.

2012 წლის მდგომარეობით, ვანო ზარდიაშვილის საკუთრებაში მხოლოდ ერთი უძრავი ნივთი ირიცხებოდა - ქ. თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე 117.0 კვ.მ ბინა, რომელიც მან 2011 წელს 90 000 აშშ დოლარად შეიძინა.

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2013 წლის შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა და მისმა მეუღლემ თბილისში მდებარე 5 საცხოვრებელი ბინა და 1 კომერციული ფართი იყიდეს:

2013 წელს - ვანო ზარდიაშვილმა იყიდა კეკელიძის ქუჩის №1-ში მდებარე 160.0 კვ.მ ბინა, ღირებული 105 000 აშშ დოლარად;

2014 წელს - დოდაშვილის ქუჩის №1ა-ში მდებარე 4 მშენებარე საცხოვრებელი ბინა, რომელთა საერთო ფართობი 196 კვ.მ-ია, ღირებულება - 100 000 აშშ დოლარი;

2017 წელს - პარლამენტის წევრის მეუღლემ თინათინ აბრალავამ 30 000 აშშ დოლარად იყიდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე 60.0 კვ.მ კომერციული ფართი.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში, თინათინ აბრალავამ კიდევ 3 საცხოვრებელი ბინა შეიძინა: მან თავისი მამის, ანზორ აბრალავასგან ჩუქების ფორმით მიიღო ქალაქ თბილისში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩის №9-ში, მე-6 სართულზე მდებარე 2 საცხოვრებელი ბინა, რომელთა ფართობი ჯამში 110 კვ.მ-ს აღემატება. ქალაქ ბათუმში იყიდა ანგისას ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში, მე-9 სართულზე არსებული 51.6 კვ.მ ბინა.

ვანო ზარდიაშვილის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2014 წლის 17 ივნისს მან აიღო იპოთეკური სესხი 131 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადა 12 წელი იყო, თუმცა მსესხებელმა 1 წლის განმავლობაში თანხა სრულად გადაიხადა. მანვე 2016 წლის ნოემბერში "თი ბი სი ბანკიდან" 10 წლით აიღო 110 000 აშშ დოლარი, თუმცა დავალიანება იმავე წლის ბოლომდე მთლიანად დაფარა.

ქონებრივ დეკლარაციებში ვანო ზარდიაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი და მეუღლის წლიური შემოსავალი საშუალოდ 122 196 ლარი იყო, წინა წლებში კი მნიშვნელოვნად ნაკლები.

თინათინ აბრალავა შპს "პენტჰაუზში" კაპიტალის 5% წილის მფლობელია. "პენტჰაუზის" საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩის №43-ში, "ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებარე კომპლექსში არსებული 4 საოფისე ფართი, რომელთა საერთო ფართობი 550,6 კვ.მ.-ია, ასევე 2 ავტოპარკინგი.

ლია მუხაშავრია, იურისტი: ლია მუხაშავრია

- თავის დროზე ჩინჩალაძის, როგორც კლანის ლიდერის შექმნა, პირდაპირ პარლამენტთან არის დაკავშირებული. პარლამენტმა მიიღო ის კანონი, რომლითაც ის სამიდღემჩიოდ გამწესდა ისე, რომ საგამოცდო ვადის შემდეგ არ ჭირდებოდა არანაირი ვალდებულების შესრულება, არანაირი კრიტერიუმის დაკმაყოფილება და არა მგონია, ეს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის გარეშე მომხდარიყო. ვგულისხმობ არა მარტო ეკა ბესელიას, არამედ მის მოადგილე ვანო ზარდიაშვილსაც. ვინაიდან ზარდიაშვილს აქვს გამოვლილი ადეიშვილთან მუშაობის ის სკოლა, რომელიც ასეთ საკითხებს კარგად აკვარახჭინებდა თავის დროზეც და აკვარახჭინებს დღესაც. როდესაც თავის დროზე ეს კლანი შეიქმნა სწორედ იმის გამო, რომ მათ უკონტროლობას და თავგასულობას საკანონმდებლო საფუძველი შეექმნა. ეს არ იყო მათი უკანონო ქმედება. ისინი კანონისმიერი ნაბიჯებით ნელ-ნელა ქმნიდნენ იმ ვითარებას, რომელიც შეიქმნა 24 დეკემბერს, როდესაც კლანმა მოისურვა თავისი წევრებისგან უკვე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება. დააკომპლექტებდნენ კიდეც, რომ არა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წივილ-კივილი.

- საუბრობენ იმაზე, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს პარლამენტში ვანო ზარდიაშვილი ლობირებს და ისაა მათი ინტერესების გამტარებელი საკანონმდებლო ორგანოში...

- ზარდიაშვილზე ლობისტის თქმა ცოტა არ იყოს, მისთვის აღმატებულია. ეს ადამიანი ალბათ მოქნილი შუამავალი იყო "ოცნებას", "ნაციონალებსა" და ამ სასამართლო სიტემის კლანს შორის. როგორც ჩანს, ბატონ ზარდიაშვილს ძალიან კარგად შეუძლია ვაჭრობა და გარიგებების დადება, ამიტომაც მოიპოვა ის ადგილი, რომელიც მას აქამდე ეჭირა. ეს ადამიანი მარტო კი არ იჯდა პარლამენტში, არამედ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო...

იხილეთ ასევე: "გადაწყვეტილების მიღებამდე ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრე" - რას აპირებს ეკა ბესელია?

(სპეციალურად საიტისთვის)