"მე არ ვარ უგულავასნაირი, ან მელიასნაირი უცოდველი, რომ ქვა ვესროლო მურუსიძეს, ან ვინმე სხვას" - კვირის პალიტრა

"მე არ ვარ უგულავასნაირი, ან მელიასნაირი უცოდველი, რომ ქვა ვესროლო მურუსიძეს, ან ვინმე სხვას"

ლევან მურუსიძის განმწესება თვითონ სასამართლოს პრეროგატივა იყო, იუსტიციის საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე არ ვარ უგულავასნაირი, ან მელიასნაირი უცოდველი, რომ ქვა ვესროლო მურუსიძეს, ან ვინმე სხვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ქრონიკის" ეთერში მან იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე ისაუბრა.

"არის ფუნდამენტური პროგრესი, გარკვეული ძალები, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტები და პირველ რიგში ისინი, ცდილობენ ეს ფუნდამენტური ცვლილება გადაფარონ მუდმივი სპეკულირებით, სახელებით და გვარებით. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. დღეს არ მინდა გამოვიდე არც ადვოკატად და არც პროკურორად, ეს ვერ იქნება ჩემი ფუნქცია, მე ვსაუბრობ როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, შესაბამისად, არ მინდა ამ პოლემიკაში შევიდე გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ხელისუფლების სხვა განშტოებას და მან მიიღო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეს გადაწყვეტილება.

რაც შეეხება მურუსიძეს, მოხდა მისი დემონიზაცია, ეს გაკეთდა პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების მიერ. მოხდა დემონიზაცია კონკრეტული ადამიანის, 2013 წელს დაინიშნა მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ისე, რომ არავის გაუგია ამის თაობაზე. ერთი წელი ისე გავიდა, არც არასამთავრობო ორგანიზაციას, არც "ნაცმოძრაობას", არც "რუსთავი2"-ს, არც სხვა ტელევიზიებს და ა.შ. არავის არაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით, როცა მოხდა მისი ფუნდამენტალურად დაწინაურება. თუმცა, როგორც კი მათ დაინახეს, ანუ პოლიტიკურმა ოპონენტებმა, რომ მურუსიძე გახდა დამოუკიდებელი თავისი არსით, მაშინვე დაიწყო პოლიტიკური შეტევა მის წინააღმდეგ. მთავარი ამოცანა ოპონენტებისთვის არის, რომ კონკრეტული სახელები და გვარები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოახდინონ მთლიანად სისტემის დისკრედიტაცია", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე მოსამართლედ უვადოდ გაამწესა.

"ინტერპრესნიუსი"