დაპირისპირება "ოცნებაში" - რა არჩევანის წინაშე დააყენეს ივანიშვილი "ძველებმა" და "ახლებმა"?! - კვირის პალიტრა

დაპირისპირება "ოცნებაში" - რა არჩევანის წინაშე დააყენეს ივანიშვილი "ძველებმა" და "ახლებმა"?!

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გვიახლოვდება და სწორედ ამისთვის ემზადება "ქართული ოცნების" თითოეული ჯგუფი. საკითხი ასე დგას - ვინ აიღებს ხელში სადავეებს ისე, რომ 2020 წლისთვის "ქართული ოცნების" საპარლამენტო სია განსაზღვროს"

სკანდალური გამოდგა 2018 წლის ბოლო კვირა - განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების კონტურებიც კი გამოკვეთა. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს წევრობის ათი კანდიდატი დაასახელა, რომელთა უმრავლესობა სააკაშვილის ხელისუფლების დროს არაერთი გახმაურებული საქმის განხილვაში მონაწილეობდა, შესაბამისად, მათ კანდიდატურებს საზოგადოების უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მეტიც, ეს თემა იქცა განხეთქილების ვაშლად "ქართულ ოცნებაშიც". სწორედ ამ საკითხს დაუკავშირა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა ეკა ბესელიამ, რომლის თქმითაც, ეს სია უკან უნდა გაიწვიონ. მის აზრს იზიარებს "ქართული ოცნების" ე.წ. ძველი ფრთის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ინფორმაცია კარგა ხნით ადრე ვრცელდებოდა. ორგანული კანონით, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მაგრამ კანონმდებლებმა ამ საკითხის განხილვა შეაჩერეს და გადაწყვეტილების მიღება საგაზაფხულო სესიისთვის გადადეს. ექსპერტთა აზრით, მმართველ პარტიას პოლიტიკურად ურთულესი წელი ელის. ვესაუბრებით პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს:

- როგორ შეაფასებთ პარლამენტში განვითარებულ პროცესებს? ფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მმართველ პარტიაში მნიშვნელოვან რყევებს უნდა ველოდოთ?

- "ქართულ ოცნებაში" დაჯგუფებები რომ არსებობდა, საზოგადოებამ კარგა ხანია იცის, თუმცა ამაზე საჯაროდ მმართველი პარტიის წევრები არ ლაპარაკობდნენ. პირველი განხეთქილება, ალბათ, გახსოვთ, 2018 წლის დასაწყისში გამოაშკარავდა, როდესაც დავით ჭიჭინაძემ და გედი ფოფხაძემ მკაცრი განცხადებები გააკეთეს. შედეგად ჭიჭინაძე პარტიიდან წავიდა, ფოფხაძე დარჩა, თუმცა, აშკარაა, რომ დაპირისპირების საფუძველი არ გამქრალა.

სწორედ ეს იყო პირველი სიმპტომი იმისა, რომ "ქართულ ოცნებაში" საქმე კარგად ვერ იყო. ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს დაასახელა. გარკვეულწილად პარტიაში არსებულ პრობლემებს დაუკავშირდა გიორგი კვირიკაშვილის ჯერ - პარტიის თავმჯდომარეობიდან, შემდეგ კი პრემიერობიდან წასვლაც, მაგრამ, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" შექმნილ ვითარებას ამან ვერ უშველა. ამ ყველაფრის გახსენებით იმის თქმა მინდა, რომ "ქართულ ოცნებაში" ვითარება დროდადრო აშკარად იძაბებოდა, შესაბამისად, ისმოდა ხმები ხან - ბესელიას, ხანაც კობახიძის გადადგომაზე... ვახტანგ ძაბირაძე ის, რაც "ქართულ ოცნებაში" ხდება, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ამას არჩევნებამდე არ გააკეთებდნენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ამ უთანხმოების საჯაროდ გამოტანა შესაძლებლად მიიჩნიეს. აქ, როგორც ჩანს, დასწრების პრინციპითაც მოქმედებდნენ... ამით "ქართული ოცნებისთვის" ახალი ეტაპი იწყება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გვიახლოვდება და სწორედ ამისთვის ემზადება "ქართული ოცნების" თითოეული ჯგუფი. საკითხი ასე დგას - ვინ აიღებს ხელში სადავეებს ისე, რომ 2020 წლისთვის "ქართული ოცნების" საპარლამენტო სია განსაზღვროს. ყველაფერი სწორედ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ.

ვფიქრობ, ეკა ბესელიამ პარტიაში უთანხმოების საჯაროდ გამოტანისთვის საუკეთესო დრო შეარჩია და პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი ნაბიჯიც გადადგა. მან თავისი გადადგომა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესს დაუკავშირა. არა მგონია, უახლოეს მომავალში რომელიმე საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსის გადაწყვეტილება და კარის გაჯახუნება ასე დაემთხვეს საზოგადოებრივ აზრს. ეკა ბესელიას პროტესტი და განცხადება გადადგომის თაობაზე აბსოლუტურად ემთხვევა მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოების ნეგატიურ განწყობას.

ირაკლი კობახიძეც და ისინიც კი, ვინც რაღაც-რაღაცების გამო იძულებული არიან, მართვის სადავეების შესანარჩუნებლად მხარი დაუჭირონ მურუსიძესა და მის "კომპანიას", ძალიან ცუდ პოზიციაში აღმოჩნდნენ. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში, გარდა დაინტერესებული პირების ვიწრო წრისა, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ იტყვის, რომ იუსტიციის საბჭოს მომზადებული სია და მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ გამწესება, საშინელებაა.

აქ მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესზეც არ არის ლაპარაკი.

"ქართული ოცნების" ეს ე.წ. ძველების ფრთა მართლაც ვერ იტანს მოსამართლეთა ამ ჯგუფს. დარწმუნებული ვარ, ეს მოსამართლეები არც "ახალგაზრდა გვარდიას" ეპიტნავება მაინცდამაინც, მაგრამ ისინი იძულებული არიან, კონიუნქტურას გაუწიონ ანგარიში.

ამას მოჰყვა კობახიძის საინტერესო განცხადება, რომ თურმე "ბესელიასთან დაკავშირებით არის რაღაც მოტივები, რაც გასაჯაროვდება." არ ვიცი, რას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა ბესელიაც არ უნდა იყოს "ხელცარიელი"... მან განაცხადა კიდეც, რომ რაღაც-რაღაცების გახმაურებას აპირებს... თუმცა ამ ეტაპზე მაინცდამაინც მკვეთრ დაპირისპირებასა და განცხადებებს აღარ ველი. საქმე ის არის, რომ ეს დაპირისპირება და გამიჯვნა მიმართულია, ერთი მხრივ - საზოგადოებისა და მეორე მხრივ ივანიშვილისადმი. ამ პროცესს უკვე მოჰყვა საზოგადოების შეფასება. რა რეაქცია მოჰყვება ივანიშვილისგან, რთული სათქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, როგორც ძველი, ისე ახალი "გვარდია" ივანიშვილს აყენებს არჩევანის წინაშე: ან ძველ გვარდიას დაუჭიროს მხარი, ან - ახალს. ასეთი მიდგომა სწორედ 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. ეს ხალხი ეძებს თავის ადგილს "ქართულ ოცნებაში", ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, მომავალში ექნებათ ადგილი "ქართულ ოცნებაში", თუ სხვაგან უნდა გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა...

- გვახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ როგორ უხმო დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილმა "ძველ გვარდიას". დღევანდელი ვითარება რომ გავაანალიზოთ, თუ ის მართლაც დადგა არჩევანის წინაშე, სამომავლოდ ვის აირჩევს თანამებრძოლებად - "ძველებს" თუ "ახლებს"? - ბიძინა ივანიშვილი ამ მიმართვის ადრესატად უფრო ამომრჩეველს მიიჩნევდა, მესამე, მეოთხე ეშელონის მხარდამჭერებს, ვიდრე - პოლიტიკურ სპექტრს, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ პოლიტიკურ ლიდერებსაც გულისხმობდა...

პარტიაში რომ საქმე კარგად ვერ არის, ეს ივანიშვილმა თქვა, როცა დაბრუნდა, მაგრამ დავინახეთ, მისი დაბრუნებიდან ექვსი თვის შემდეგ, პარტიამ როგორ ჩააფლავა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მან ეს ვერ შეძლო. პარტიის საქმეების მოგვარებაზე არც ვიდარდებდით, რომ არ ვხედავდეთ, რა რთულადაა საქმე ხელისუფლებასა და მთავრობაში.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, გარკვეულ დრომდე მოახერხოს და "ძველებსა" და "ახლებს" შორის ბალანსი დაიცვას, შედეგად კი საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნოს.

თუ ერთ-ერთმა ჯგუფმა დაინახა, რომ მომავალ პარლამენტს გარეთ რჩება, ვფიქრობ, დაფიქრდებიან, სჭირდებათ კი საერთოდ ბიძინა ივანიშვილი და საკუთარ თამაშს დაიწყებენ. ივანიშვილისთვის ყველაზე კარგი იქნება და ვფიქრობ, ამას ეცდება კიდეც, რომ გუნდის ერთობა ერთი წელი მაინც შეინარჩუნოს. როგორ გამოუვა ეს, არ ვიცი.

ველოდები, რომ გაზაფხულზე ის დადგება არჩევანის წინაშე. აქვე აღვნიშნავ, რომ ძველების გუნდი დღეს მომგებიან პოზიციაშია. მოსამართლეების დანიშვნა კი გადაიდო, მაგრამ პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თუ ისევ ეს მოსამართლეები იქნებიან წარდგენილნი, ამას ხალხი კვლავაც გააპროტესტებს და მათი მხარდამჭერი პარლამენტში სწორედ ეს ჯგუფი იქნება. თუ პარლამენტის უმრავლესობამ ამ პროტესტის ფონზე ისინი მაინც დანიშნა, პოლიტიკურად მოგებული სწორედ "ძველების" ჯგუფი დარჩება. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ შეცვლის იუსტიციის საბჭო ამ სიას... თუ შეცვალა...

- როგორ ფიქრობთ, დღეს შექმნილი ვითარების გაგრძელებად შეიძლება იქცეს "ქართული ოცნების" წიაღიდან ახალი პოლიტიკური ძალის აღმოცენება? - ვფიქრობ, დიახ, ოღონდ მიჭირს თქმა, რა ფორმას მიიღებს ეს. მგონია, რომ პირველ ეტაპზე ისინი ფრაქციას შექმნიან. რა მოჰყვება ამას, დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ პროცესსა და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე.

ვფიქრობ, გაზაფხულიდან საინტერესო, თუმცა არცთუ სასურველი პროცესის მომსწრენი გავხდებით. ძლივს დავაღწიეთ თავი საპრეზიდენტო არჩევნების სამთვიან გაწამაწიას და იმედია, უარეს სიბინძურეში არ გადავეშვებით.

"ქართულ ოცნებას" პრობლემების სხვისთვის გადაბრალება ახასიათებს. ჯერ იყო და, გამოწვევებს რომ ვერ უმკლავდებოდნენ, ეს იმ პოლიტიკური ძალების ბრალი იყო, ვინც 2012 წელს მათთან ერთად, ერთ კოალიციად მოვიდა ხელისუფლებაში; 2016 წლიდან ერთპარტიულად მართავენ ქვეყანას და არ გამოვრიცხავ, კუდიანებზე ნადირობა ხელისუფლების შიგნით დაიწყონ, მაგალითად, "ძველების" ფრთისთვის სცადონ ყველაფრის გადაბრალება, კორუფციის თემა წამოსწიონ და გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის დროინდელი ამბებიც გაიხსენონ... კობახიძის განცხადება სწორედ ამის წინა პირობად მენიშნა...

არის ერთი პრობლემაც... ივანიშვილს დრო არა აქვს, დაპირებები როგორმე უნდა შესრულდეს. არ ვგულისხმობ, რომ ერთ წელიწადში ქვეყანა შეიძლება აყვავდეს, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადაიდგას. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ისეთ ნაბიჯებს, როგორიც იყო ბუნებრივი აირის ტარიფის გაიაფება 0. 014 თეთრით. მოკლედ, გენიოსია, ვინც ეს მოიფიქრა... საზოგადოების ასეთი დაცინვა, მგონი, არც მსმენია...

მოკლედ, ძალიან დაძაბული საგაზაფხულო სესია იქნება. თუ ამას დავუმატებთ, რომ სოციალურ-ეკონომიკური ვითარება უარესდება და ეკონომიკის მინისტრისგან განსხვავებით, ჩვენ ამას აშკარად ვგრძნობთ, "ქართულ ოცნებას" დამშვიდების საშუალება არ უნდა ჰქონდეს.

- დავუბრუნდეთ სასამართლო სისტემას, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებშიც "ავგიას თავლად" არის ქცეული. ბრძანეთ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთასაც არ მოსწონს იუსტიციის საბჭოს წარდგენილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატები, მაგრამ კონიუნქტურას ვერ აღწევენ თავსო... ვინ შექმნა ეს კონიუნქტურა? - ეს კონიუნქტურა შექმნა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, რომ ეს მოსამართლეები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი. რატომ თქვა ეს, ერთი მხრივ, თითქოს რთული ასახსნელია, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ახსნის მარტივი ვერსიაც - საქმე ის არის, რომ ეს მოსამართლეები სააკაშვილის მორჩილნი კი არ იყვნენ, არამედ - ხელისუფლების, ამიტომ სააკაშვილი იქნება, ივანიშვილი თუ ვინმე სხვა, ისინი მას დაემორჩილებიან... ეს არის კომუნისტებისგან გამოყოლილი მავნე ტრადიცია, რომელსაც თავს ვერაფრით ვაღწევთ...

ახლა რა არის პრობლემა... ვიდრე ეს ხალხი იქნება სასამართლო სისტემაში - არ ვლაპარაკობ იმაზე, ვის რა წვლილი მიუძღვის ამ ნეგატიურ პროცესებში - მოსახლეობის ნდობა იქნება ნულის ტოლი. სასამართლო, რომელსაც საზოგადოება არ ენდობა, ქვეყანაში სამართალს ვერ დაამკვიდრებს. აი, ეს არის მთავარი პრობლემა...

რამდენი წელია, გვესმის მურუსიძის სახელი... ვუსმინე უვადოდ გამწესებისას მის საუბარსაც და გაოგნებული ვარ! ეს კაცი ამბობს, მე ვარ სასამართლო სისტემის ლიდერიო, ანუ ვის დაჰკარგვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე!

თურმე მურუსიძეა დღეს ქართული სასამართლოს სახე! გვიხსნიდა, როგორი ავტორიტეტით სარგებლობს მოსამართლეებში, მაგრამ საზოგადოების თვალში მისი ავტორიტეტი ნულს ქვემოთაა...

მე არ ვიცი, რას წარმოადგენს "მურუსიძის კლანი" ან ვინ მფარველობს პარლამენტში ქვეყნისთვის დამღუპველ ამ პროცესებს, მაგრამ ცხადია, რომ ყველაფერი სათავეს იღებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან, როდესაც მან მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერზე უწერდნენ ხელს სააკაშვილის ხელისუფლებას, მსხვერპლად გამოიყვანა.

ჩემი აზრით, ასე ნაუცბადევად მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ გამწესება იყო რეაქცია იმაზე, რაც მოხდა პარლამენტში, როდესაც იუსტიციის საბჭოს მომზადებული სიის განხილვა შეჩერდა.

ვფიქრობ, მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესება იუსტიციის საბჭოს მხრიდან არის პარლამენტისა და მთელი საზოგადოების გამოწვევა. მათი გზავნილი დაახლოებით ასეთია - ერთს თუ დაბლოკავთ, სხვას მაინც გავიყვანთ და ჩვენსას გავიტანთო...

კიდევ ერთი - ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.

- კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას წარდგენილი კანდიდატების სიის განხილვაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და კრიტერიუმებს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამებს... - რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ მოთხოვნას. პარლამენტმა უნდა დაიწყოს ძირეული რეფორმა და დაიწყოს ის სწორედ იუსტიციის საბჭოდან. "ქართულ ოცნებაში" უნდა გაიგონ, რომ ვიდრე მურუსიძე იქნება უვადო მოსამართლე, მოსახლეობის უმრავლესობა ჩათვლის, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის.

- საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი დაპირების გაცემამ მოუწია, მათ შორის იყო სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების დაპირებაც... - სამწუხაროდ, რეალური ცვლილებების სურვილს მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ყველაფერი უფრო პირიქით ხდება და ამის ნათელი მაგალითი მოსამართლეების დანიშვნის პროცესია... ამას დაუმატეთ ბუნებრივი აირის ვითომ გაიაფება, რაც მხოლოდ დაცინვაა და დაინახავთ, რომ ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, მისი რეიტინგის განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯებია, ამიტომ მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი არა ვარ, მაგრამ მოდი, ჩემს ოპტიმიზმს მოვეშვათ და ვილაპარაკოთ იმაზე, არის თუ არა შანსი, რაღაც მართლაც შეიცვალოს, ბოლოს და ბოლოს, შეჩერდეს "ქართული ოცნების" რეიტინგის ვარდნა? ეს შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება ძირეული რეფორმები, როგორც სტრუქტურული, ისე საკადრო და სტრატეგიული მიმართულებით. კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამას სჭირდება მობილური ხელისუფლება და, რაც მთავარია, ეს ვერ გაკეთდება, თუ ხელისუფლება კონსტიტუციის შესაბამისად არ მოიქცევა.

კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ქვეყანაში უმაღლესი აღმასრულებელი პირი არის პრემიერი, რეალურად კი ვხედავთ, რომ პრემიერის ზემდგომი პარტიის თავმჯდომარეა. არ გამოვა ასე!

სწორედ ამიტომ ივანიშვილის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დაბრუნება იქ, სადაც მისი ყოფნა აუცილებელია, ანუ დაიკავოს მთავრობის მეთაურის თანამდებობა. პარტიის თავმჯდომარეობით ქვეყნის მართვა რომ არ გამოდის, წესით, კარგად უნდა დაენახა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით.

- მედიაში პრემიერის შეცვლის საკითხი ბოლო დროს კი გააქტიურდა, მაგრამ ბახტაძის შემცვლელად სახელდება არა ივანიშვილი, არამედ გიორგი გახარია. - რაც შეეხება გახარიას შესაძლო პრემიერობას, უნდა გითხრათ, რომ თუკი ბახტაძე გახდა პრემიერი, რატომ არ შეიძლება, გახარია გახდეს? თუმცა უკვე ვთქვი, რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი - საჭიროა, ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად. სხვას თეორიული შანსიც კი არა აქვს, ეს ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს.

ვთქვი და გავიმეორებ: ერთ წელიწადში მნიშვნელოვანი, ძირეული ცვლილებები ვერ მოხდება, მაგრამ საზოგადოებამ ხელისუფლების ცვლილებებისთვის მზადყოფნა მაინც უნდა დაინახოს...

ქართველ საზოგადოებას არ უნდა "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში, მაგრამ ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უკვე სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში - "ქართული ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა".

უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი კი ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე უარის თქმა და სასწრაფოდ რეფორმის დაწყება მგონია. ასევე საჭიროა ფარცხალაძის საქმის დეტალურად გამოძიება, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეებზე დაგროვილი კითხვებისთვის პასუხის გაცემა, ამასთან ერთად კი - ეკონომიკური პროცესების გააქტიურებაზე ზრუნვა, თუმცა ამ ეკონომიკის მინისტრის ხელში ეს როგორ მოხდება, არ ვიცი... მოკლედ,

ყველა ფაქტორი მეტყველებს, რომ დაძაბული და მძიმე წელი გველის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, რადგან დაწყებულია ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესები და ამ პროცესებით წარმოშობილ გამოწვევებთან გამკლავებაც პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის...

იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართება.

დამდეგი შობა-ახალი წელი, მინდა, მივულოცო "კვირის პალიტრის" რედაქციას და თქვენს მკითხველს. ღმერთმა მშვიდობა და სიკეთე მოგცეთ!