"მურუსიძე 22 წელი იქნება მოსამართლე" - კვირის პალიტრა

"მურუსიძე 22 წელი იქნება მოსამართლე"

"დღეს სასამართლო სისტემა ერთ კუნძულზეა, ყველა დანარჩენი - მეორეზე"

საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება შეაჩერა - ამ საკითხზე მსჯელობა გაზაფხულამდე გადადო. საეჭვო რეპუტაციის კანდიდატების სიიდან ამოღებას სამოქალაქო სექტორი და იუსტიციის საბჭოს კრიტიკულად განწყობილი წევრები მოითხოვენ. ამ სიის წინააღმდეგი იყო საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი: - სიაში ერთი კანდიდატიც არ იყო ისეთი, რომლის შემოხაზვის სურვილიც გამიჩნდებოდა. კვირა ღამით საბჭოს ვებგვერდზე დაიდო დღის წესრიგი, რომელზეც არ დაურთავთ არანაირი სია და ინფორმაცია მოსამართლეებზე. ორშაბათს, როცა სხდომა გაიხსნა, მიქაუტაძემ ეს მერვე საკითხად გამოიტანა და პირდაპირ დაასახელა გვარები. შემდეგ პარლამენტში გაიგზავნა ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც მხოლოდ კანდიდატების გვარები და მათი თანამდებობები იყო მინიშნებული. საბჭოში ერთი კვირით ადრე შევიტანე პროექტი - გამოგვეცხადებინა კონკურსი, ჩაგვერთო საზოგადოება... უარი თქვეს, გვითხრეს, ყველაფერი გამჭვირვალე იქნებაო, მაგრამ ვნახეთ, როგორიც იყო.

სასამართლო სისტემას ჩინჩალაძის კლანი მართავს, ერთმანეთში შეთანხმდნენ და ეს კანდიდატები დაასახელეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონი ამბობს, რომ შეიძლება მათ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვოთ და მაინც გახდნენ უზენაესის მოსამართლეები. საბჭომ ამ გადაწყვეტილებით კარი ჩაუკეტა ძალიან მაღალი რანგის ადვოკატებსა და იურისტებს... კანდიდატურების უმეტესობა ისედაც უვადო მოსამართლეა, მაგრამ არის ერთი ნიუანსი:

სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციებს ეს კლანი კი აკონტროლებს, მაგრამ მესამეზე, ანუ უზენაესზე, გავლენას ვერ ახდენენ. ამიტომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ინსტანციაც.

მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ნორმალურ ქვეყანაში უმაღლესი დონის გარანტიაა დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ქვეყანაში, სადაც კლანი თავის თავზე ირგებს სისტემას, აღარ მუშაობს. ყველა ველოდით, რომ უვადოდ დანიშვნა მოსამართლეებს დამოუკიდებლობის მთავარ ბერკეტებს მისცემდა, მაგრამ მოხდა პირიქით - იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების, კლანისა და ერთგულების ფასი უფრო გაიზარდა. თუ არა ხარ კლანთან დაკავშირებული, ვერ დარჩები სისტემაში და როცა მოინდომებენ, ნებისმიერ დროს გაგიშვებენ.

გვრიტიშვილი ისედაც უვადოდ დანიშნულია, ჩინჩალაძეც ნომერი პირველი მოსამართლეა, რომელიც უვადოდ დაინიშნა. მათთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია უზენაეს სასამართლოში მოხვედრა, სადაც მათი კონტროლი შესუსტებულია, ასევე აქვთ უფრო მაღალი თანამდებობისა და ხელფასის ინტერესი.

- რომელია ამ ათეულიდან ყველაზე ოდიოზური და საეჭვო რეპუტაციის ფიგურა? - ჩინჩალაძის შემდეგ ყველაზე გამორჩეულია გვრიტიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არაფრის რცხვენია, ყველაფრის მკადრებელია.

- თავმჯდომარის პოსტზე ვის შეიძლება მოიაზრებდეს კლანი? - მის კანდიდატურასაც საბჭო წარუდგენს პარლამენტს, მაგრამ თავმჯდომარეს ის არჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან. თუ ადრე პრეზიდენტი ამ პოსტზე ნებისმიერ იურისტს წარადგენდა, ახლა ასე არ არის. შესაძლოა ამ პოსტზე ამ ათიდან რომელიმე, მაგალითად, ჩინჩალაძე ან გვრიტიშვილი ვიხილოთ.

- ლევან მურუსიძეც უვადო მოსამართლე გახდა. იყო თუ არა ეს ე.წ. კლანის საპასუხო დარტყმა ხელისუფლებაზე სიის ჩაგდებისთვის? - მურუსიძე 22 წელი იქნება მოსამართლე. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ის ლიდერია. ამით თქვა, რომ არაფორმალური ლიდერია და კლანის არსებობას გაუსვა ხაზი, მას ხომ სხვა თანამდებობა არ უკავია, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად უმოქმედო ორგანიზაციის მოსამართლეთა ასოციაციის ხელმძღვანელია. საბჭოს სხდომა იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამ ჯგუფმა ვეღარ შეძლო სიტუაციის მართვა და დამრტყმელ ძალად გამოიყვანა მურუსიძე და ყველას უჩვენა თავისი ძალაუფლება. ამ გადაწყვეტილებით პარლამენტს უთხრეს, დიახ, ჩვენ შეგვიძლია მისი დანიშვნაო. გავრცელდა ხმა, თითქოს მურუსიძე მიდიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ნახეს, რომ ის სჭირდებათ... დღეს სასამართლო სისტემა ერთ კუნძულზეა, ყველა დანარჩენი - მეორეზე. იმედია, პარლამენტი ისეთ კანონმდებლობას შეიმუშავებს, კლანს იმ ბერკეტებს წაართმევს, რომლებითაც ის სისტემას მართავს.