"ეკა ბესელია ლობირებს ამ საშიშ კლანს" - კვირის პალიტრა

"ეკა ბესელია ლობირებს ამ საშიშ კლანს"

"არა მგონია, კობახიძე ისეთი გონიერი იყოს, ბესელიას გადაყენება მოეხერხებინა"

27 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კოლეგებსა და საზოგადოებას პოსტის დატოვების შესახებ აცნობა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატი მოსამართლეების სიაა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაპირისპირება ჰქონდა თავის ყოფილ პირველ მოადგილესთან, ვანო ზარდიაშვილთან. ზარდიაშვილს წლების განმავლობაში ასახელებდნენ სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის - ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობისტად. ბესელიას თქმით, სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გაუგზავნა, წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური მოტივით მოქმედი მოსამართლეები მოხვდნენ, ამიტომაც სია კი არ უნდა შეაჩერონ, არამედ გაიწვიონ. კვირის ყველაზე სკანდალურ თემასა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე იურისტი ლია მუხაშავრია გვესაუბრება:

- თავის დროზე ჩინჩალაძის, როგორც კლანის ლიდერის შექმნა, პარლამენტთან არის დაკავშირებული. პარლამენტმა მიიღო ის კანონი, რომლითაც ის სამუდამოდ გამწესდა ისე, რომ საგამოცდო ვადის შემდეგ არც რაიმე ვალდებულების შესრულება სჭირდებოდა და არც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება და არა მგონია, ეს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის გარეშე მომხდარიყო. ვგულისხმობ არა მხოლოდ ეკა ბესელიას, არამედ მის მოადგილესაც, ვინაიდან

სწორედ ვანო ზარდიაშვილს აქვს გამოვლილი ზურაბ ადეიშვილთან მუშაობის სკოლა, რომელიც ასეთ საკითხებს ადრეც კარგად აკვარახჭინებდა. თავის დროზე სასამართლო ხელმძღვანელობის ეს კლანი შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ მათ თავგასულობას საკანონმდებლო საფუძველი შეჰქმნოდა. ისინი უკვე კანონიერი ნაბიჯებით, ნელ-ნელა ქმნიდნენ იმ ვითარებას, რომელიც შეიქმნა 24 დეკემბერს, როდესაც კლანმა თავისი წევრებით მოისურვა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება. დააკომპლექტებდნენ კიდეც, რომ არა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხმაური. ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ ბესელია ასე იოლად არ გადადგებოდა. ზარდიაშვილი რომ პარლამენტში ზის, ამისთვის მე და თქვენ ხომ არ შეგვიწყვია ხელი? ეს ადამიანი მხოლოდ პარლამენტარი კი არ არის, არამედ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ეს შემთხვევით ხომ არ მომხდარა? ჩვენმა ხმამაღალმა კრიტიკამ და პირუთვნელმა შეფასებებმა შექმნა საზოგადოების განწყობა, რომელიც"საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნებისთვის" სახიფათო აღმოჩნდა. მგონია, მათ ჩვენზე უკეთ აქვთ შესწავლილი საზოგადოებრივი აზრი, ხვდებიან, რომ მათი რეიტინგი ძალიან დაბალია და რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგან. ეს არის საშიში ვითარება და პირობას გაძლევთ, მომავალი წლისთვის ეს გადასანსლავს""ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერებს.

- სავარაუდოდ, მოსამართლეების სია პარლამენტში მხარდამჭერების იმედად შევიდა. ვინ შეიძლება იყვნენ ისინი? - პარლამენტში რომ ბრიყვები და უგუნურები სხედან, ეს უბედურებაა, მაგრამ იუსტიციის საბჭოში არამც და არამც არ სხედან უგუნურები. ძალიან გაქნილი და გამოცდილი იურისტები არიან. ეს არ მოხდებოდა ბესელიასა და ზარდიაშვილთან შეთანხმების გარეშე.

ეკა ბესელიას უყვარს შავის თეთრად და თეთრის შავად წარმოჩენა. მას ისე შეუდგა წყალი, რომ უნდა გადამდგარიყო. ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება. ბესელიამ რაღაცას მიაღწია და იმ სკამს ნებაყოფლობით დათმობდა? ამდენი ხანია, შეხმატკბილებულად მუშაობენ და ახლა დაუპირისპირდა ზარდიაშვილს? ვფიქრობ, ეს იყო ბოლო წვეთი ივანიშვილის მოთმინების ფიალაში და მათი წასვლაც სწორედ მისი ჩარევის შედეგია. არა მგონია, კობახიძე ისეთი გონიერი იყოს, ბესელიას გადაყენება მოეხერხებინა. ეკა ბესელიას, ალბათ, ივანიშვილის განკარგულება მოუვიდა, მან კი თავისებურად, თეთრი შავად გაასაღა და თქვა, თითქოს ამ სიის გამო მიდის, რათა პოლიტიკაში თავისუფალი გასასვლელი დაიტოვოს.

- ვინ არის ვანო ზარდიაშვილი და რა აკავშირებს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანთან? ამბობენ, რომ პარლამენტში ის ლობირებდა კლანს. - ზარდიაშვილისთვის ლობისტის დარქმევა, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია. ის, ალბათ, მოქნილი შუამავალია "ოცნებას", "ნაციონალებსა" და ამ კლანს შორის. მას კარგად შეუძლია ვაჭრობა და გარიგებების დადება, ამიტომაც მოიპოვა ის ადგილი, რომელიც აქამდე ეჭირა. არ ვფიქრობ, რომ ბესელია-ზარდიაშვილის წასვლით ჩინჩალაძის კლანი უკან დაიხევს, თუმცა შეიძლება ცოტა ხანს გაისუსოს.

- სიის განხილვის გადავადების საპასუხო ნაბიჯი და კლანის ძალაუფლების დემონსტრირება ხომ არ იყო მეორე დღესვე მურუსიძის უვადოდ გამწესება? - ეს უდავოდ იყო საპასუხო დარტყმა. ისინი ისე მოძლიერდნენ, რომ ეს გაბედეს და გამოუვიდათ, მაგრამ მგონი, ამას მოჰყვა ბესელია-ზარდიაშვილის თავების გაგორება.

საპასუხო ნაბიჯი გახლდათ ის, რომ მურუსიძე უეცრად გამოგვეცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე და მისი უვადო დანიშვნის საკითხი მაინცდამაინც ახლა უნდა გადაწყდეს.

ეს ძალიან საშიში კლანია, ამიტომ მათთან ურთიერთობისას სიფრთხილეა საჭირო. არც ის მგონია, რომ ვინმეს ეყოფა გამოცდილება და კვალიფიკაცია, მათ კისერი მოუგრიხოს.

- თუ არა ზარდიაშვილი, მაშ, თქვენი აზრით, ვინ ლობირებს ამ საშიშ კლანს პარლამენტში? - უნდა ვიფიქროთ, რომ მას ეკა ბესელია ლობირებს, რადგან ვინც მას კარგად იცნობს, იცის - მოადგილეს თავისზე წინ არ გაუშვებდა.

ზარდიაშვილი შეიძლება იდეებს აწვდიდა და ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა, მაგრამ იურიდიული კომიტეტი არის პარლამენტის ხერხემალი, სადაც საკანონმდებლო შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს გზა სწორედ ბესელიაზე გადის.

- რამ გამოიწვია სასამართლო სისტემის პარალიზება?

- თავდაპირველად, ალბათ, "ოცნება" ფიქრობდა, არაფერი დაშავდება, თუ მოსამართლეს დავურეკავთ და რასაც გვინდა, იმას გადავაწყვეტინებთო. მაგრამ მალე მოსამართლეთა კორპუსში ყველაზე გაქნილმა დ გონიერმა ტიპებმა შენიშნეს, რომ ეს ხელისუფლება უნიათოა. კლანად შეკავშირებული მოსამართლეები მხოლოდ სკამებისთვის არ იბრძვიან, მათ გადასაფარი აქვთ უფრო მძიმე დანაშაულები, რაც ჩაიდინეს სააკაშვილის დროს და ძალიან კარგად იციან, რომ შეიძლება, პასუხი 20-30 წლის შემდეგაც მოეთხოვოთ. სწორედ ამიტომ მოახერხეს და უვადო მოსამართლის სკამზე გამწესების შესაძლებლობა მოიპოვეს.

- და უკვე უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს რა ეშველებათ? - არ ვიცი. მათ მართლაც საკვანძო ადგილები უჭირავთ და თანაც - უვადოდ...

- სასამართლო კრიზისი, ალბათ, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში დანაშაულის ზრდასთანაც... - რა თქმა უნდა! ხორავას ქუჩის ამბავი რას ნიშნავს? როცა ვიღაცას მკვლელობა შერჩება, სხვამ რატომ არ უნდა იფიქროს, მიჭირს და თუ მოვიპარავ, მე მით უფრო შემრჩებაო? ან საჯარო მოხელემ რატომ არ უნდა იფიქროს, ვიღაცას მილიონი აუღია და შერჩა და მე რატომ არ წავციცქნო ვიღაცას 100 ათასიო? აქედან მოდის სწორედ კრიმინოგენული ვითარების გამწვავება. ვიღაცები ასიათასობით პრემიებს იჯიბავენ, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვთ, ქათმისა და საჭმლის ქურდებს კი ციხეში უშვებენ. არის უნივერსალური პოსტულატი - არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა, რაც ჩვენს საზოგადოებაზეც კარგად აისახა. ვიღაც კითხულობს, მე რომ მარიხუანა მოვწიე და ციხეში მიშვებ, ვიღაცამ ბიუჯეტი გაძარცვა, მილიონები შეჭამა და პასუხს რატომ არ სთხოვო? სწორედ ეს ქმნის ქვეყანაში დესტაბილიზაციას!