ეკა ბესელია: "მე ვთქვი სათქმელი, მაგრამ არა ყველაფერი..." - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია: "მე ვთქვი სათქმელი, მაგრამ არა ყველაფერი..."

"გუნდურობის პრინციპი საჯაროდ დაარღვიეს ოხანაშვილმა და კილაძემ"

კვირის ყველაზე რეზონანსული საქმის ეპიცენტრში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მაშინ მოექცა, როდესაც მან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბესელიას წასვლის ნამდვილი მიზეზი გაუგებარია და დასძინა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თამაში ეწინააღმდეგება გუნდურ თამაშს. "რა იყო მიზეზი? ეს დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულოა, თუმცა, ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ" - განაცხადა კობახიძემ. ბესელიას მტკიცებით კი მისი გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატებს უკავშირდება. "კვირის პალიტრა" ეკა ბესელიას ესაუბრა:

- ვისაც არ ესმის, რას ნიშნავს კომფორტის სანაცვლოდ მორალური სტანდარტების დაცვა, ალბათ, რთული გასაგები იქნება, რაც გავაკეთე. სამართლიანობის იდეა იყო ის, რამაც გადამატანინა ამდენი ბრძოლა - ვიდექი ტყვიების ზუზუნში, გავუძელი ოჯახის წევრების მძევლად აყვანას, ამდენი წელი ვიომე და რისთვის, ამ პრინციპებს რომ გადავაბიჯო?!

- რჩება შთაბეჭდილება, ბევრი გაქვთ სათქმელი. ეს დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო, თუ ამაში გუნდისა და ივანიშვილის წვლილიცაა? - რეალური მიზეზი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი, მათი სია და პროცესის ამ კვირაში დასრულება. მე ვიყავი ამის წინააღმდეგი და ჩემს კომიტეტს უნდა განეხილა ეს საკითხი. წასვლის გადაწყვეტილება ოთხშაბათ დილით მივიღე. ველოდებოდი ზარდიაშვილის განცხადებას წასვლის თაობაზე, რათა ის არ გამხდარიყო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. მან ოთხშაბათის ნაცვლად ხუთშაბათს გამომიგზავნა განცხადება და ამიტომაც გაკეთდა ჩემი განცხადება ხუთშაბათს.

- როგორ ფიქრობთ, გაიწვევს პარლამენტი თუ არა ამ საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეების კანდიდატურების სიას, თუ საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს მას? - კანდიდატების სია უნდა იყოს გაწვეული! ეს არის შედეგი კომიტეტის იმ წევრების პრინციპულობისა, ვინც იყო ამავე პოზიციაზე. სია იქნება გაწვეული!

- ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თქვენი თამაში გუნდურ თამაშს ეწინააღმდეგება და ამის მიზეზებს გარეთ გამოვიტანთო. თქვენც იმუქრებით, რომ რაღაცების მოყოლას დაიწყებთ. ეს ყველაფერი შანტაჟის ენას ჰგავს... - გუნდს ყოველთვის ვიცავდი ჩემი პირადი რეპუტაციის ხარჯზე და არასოდეს დამიხევია უკან. გუნდურობის პრინციპი საჯაროდ დაარღვიეს ოხანაშვილმა და კილაძემ საჯარო შეფასებებით, სცადეს ისრების სხვა მიმართულებით გადატანა, მაგრამ იქაც ხაფანგია მათთვის. რა იგეგმებოდა და ვის მიერ თვეების წინ? არსად ვაპირებდი წასვლას და ვინც აპირებდა, ამაზე იმან ილაპარაკოს, ვინც ეს თემა გახსნა. გუნდში ვარ და იმ გუნდს ვიცავ, რომელიც ივანიშვილმა შექმნა და მე მთხოვა პარტიის დარეგისტრირება. მე მოვდივარ პირველი დღიდან და ვინ მასწავლის, გუნდურობა რა არის?

- თქვენ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდით, რაზე ისაუბრეთ და შეთანხმდით? - ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე. გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ არსებობს საჯარო ინტერესი: არ დაზიანდეს საკანონმდებლო პროცესი. ჩემთვის პირადზე მაღლა საჯარო ინტერესი დგას. ვფიქრობ, ღიად და პირდაპირ ვთქვი სათქმელი, ყველაფერი არა, მაგრამ რაც ვთქვი, გულწრფელად ვთქვი. მე მთავარი - შედეგი მაინტერესებდა.

- ახლა რას აპირებთ, პარლამენტში სად გააგრძელებთ საქმიანობას? - ახლა მთავარია ეს პროცესი როგორ გაგრძელდება და განვითარდება. თანამდებობა არ არის ჩემთვის მთავარი და ამისთვის არასოდეს მიბრძოლია. ახალი წლების მერე ვისაუბროთ...

იხილეთ ასევე: დაპირისპირება "ოცნებაში" - რა არჩევანის წინაშე დააყენეს ივანიშვილი "ძველებმა" და "ახლებმა"?!