"ირაკლი კობახიძე და კოლექტიური ზარდიაშვილები მოსამართლეების დახმარებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძე და კოლექტიური ზარდიაშვილები მოსამართლეების დახმარებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ"

ეკა ბესელიას თქმით, ის თავისი გადადგომით შეაჩერებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი დღის წესრიგში ნოემბერში დადგა, მაშინ, როცა მოსამართლეების თემა არც განიხილებოდა. არსებული ინფორმაციით, მისი გადაყენება უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე გადაწყდა. სხდომას ივანიშვილიც ესწრებოდა. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძისთვის გაუგებარია, ბესელიას წასვლა რატომ უკავშირდება მოსამართლეების თემას. რა ხდება "ქართულ ოცნებაში", პარტიის ყოფილ წევრს, დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ:

- მოსამართლეების საკითხი ის წითელი ხაზია, რომელიც "ოცნების" ძალიან ბევრი წევრისთვის წყალგამყოფი იქნება.

მოსამართლეებს საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი გვარ-სახელები კარგად არის ცნობილი. სწორედ ისინი იყვნენ სააკაშვილის ჯალათები. აქედან გამომდინარე, დღეს, როდესაც "ოცნების" პორტირებული წევრები თავიანთი "ნაჩალნიკის" მეთაურობით ცდილობენ ამ პირებს მისცენ უზენაესი სასამართლოს მუდმივი განკარგვის უფლება, ეს "ოცნების" ბევრი წევრისთვის წყალგამყოფი ხაზი აღმოჩნდება.

- ეკა ბესელია ხომ არ არის პორტირებული "ნაციონალი"? არც მას გაუპროტესტებია მოსამართლეთა ის სია, რომელიც პარლამენტს გადასცეს, თანაც მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი უმრავლესობაში ჯერ კიდევ ნოემბერში განიხილებოდა. - ბესელიას პორტირებული "ნაციონალები" უვრცელებდნენ ხმას, მიდისო, რადგან იცოდნენ, რომ ბესელია ამ კანდიდატების დასახელებას არ დაუშვებდა. ბესელია გადადგა იმიტომ, რომ შეაჩერა ეს პროცესი და მთავრობა აიძულა, რომ კანდიდატები უკან გაეწვია.

- რა ხდება "ოცნებაში", ვის აწყობდა ეკა ბესელიას ჩაჩოჩება? - "ოცნებაში" არიან პირები, რომლებსაც ცრუინფორმაციის მიწოდება-გავრცელება სჩვევიათ, და არიან ისეთებიც, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ეს არის ის ძველი ხალხი, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წელს გამარჯვება მოიპოვეს. დანარჩენები მეორე მხარეს არიან და მაქსიმალურად ცდილობენ მათთვის კომფორტის შექმნას. "ოცნების" ახალი წევრები და მოსამართლეები ალიანსის შექმნას ცდილობენ, რათა ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში.

- ვის გულისხმობთ? - ირაკლი კობახიძესა და კოლექტიურ ზარდიაშვილებს. ეს ის ხალხია, რომელიც მოსამართლეების დახმარებით ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. კობახიძემ ეგზიტპოლიც კი გააყალბა და რაზეა ლაპარაკი?! სასამართლოს ბერკეტიც რომ მივცეთ, მურუსიძესთან ერთად ხომ წარმოგიდგენიათ, რა დატრიალდება? სამართალს ვეღარავინ იპოვის...

ივანიშვილი თავისი სიჩუმით ძალიან რთულ ვითარებას შეიქმნის. ამიტომ "ოცნებას" გაზაფხულზე საკმაოდ მძიმე პერსპექტივა ელის.

- საზოგადოების დიდი ნდობითა და მხარდაჭერით არც ბესელია სარგებლობდა... - ბესელია ემსახურებოდა სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ გუნდური პრინციპიდან გამომდინარე, ბევრ რამეზე თავი შეიკავა.

- ანუ ბესელიას სკანდალურ აღსარებას უნდა ველოდოთ? - დროთა განმავლობაში ყველაფერს იტყვის. მას ბევრი რამ ექნება სათქმელი სწორედ ამ უსამართლობაზე.

- მოსალოდნელია თუ არა "ქართული ოცნების" გაყოფა? -"ქართული ოცნება" პრაქტიკულად დაშლილია. თურმე არც ისე ყოფილა საქმე, როგორც გვეგონა, რომ თითქოს ივანიშვილი წყვეტდა ყველაფერს.

- მაშ, ვინ იღებს ივანიშვილთან ერთად გადაწყვეტილებას? - ყველა ვითარებას თავისი დირიჟორი ჰყავს.

- ამ გუნდის წევრი თქვენც იყავით და არ იცით ივანიშვილთან ერთად ვინ "დირიჟორობდა"? - ერთხანს კობახიძე, მაგრამ დღეს მისი დროშა დახეულია და აბსოლუტურად უსარგებლო თავმჯდომარეა. ასეთივეა პრემიერ-მინისტრი და ქვეყანაში ამიტომაც ღვივდება მძიმე პოლიტიკური კრიზისი.

- ზარდიაშვილი არ "დირიჟორობდა"? - "ოცნებაში" ლოკალურ ჯგუფებზე ზოგიერთ პირს დიდი გავლენა აქვს, ზარდიაშვილის პოლიტიკური მზე კი ამ გადაყენებით ჩაესვენა.