"ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს და არაფერზე აგებს პასუხს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს და არაფერზე აგებს პასუხს"

დავით უსუფაშვილი, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი: - "ოცნება" ღრმა კრიზისშია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ეს სახელისუფლებო კრიზისში გადაიზარდა. ამის მიზეზია "ოცნების" ქაოსური მმართველობა. პოლიტოლოგიური ანბანური დარღვევაა, როდესაც პარტიის თავმჯდომარე, ძალაუფლების მფლობელი, არ იმყოფება თანამდებობაზე, ისე მართავს პარტიასა და ქვეყანას, როგორც კომუნისტების დროს პარტიის გენერალური მდივანი. ამიტომ, როდესაც გაზაფხულზე ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკაში ვბრუნდებიო, იმ წუთიდან ვამბობ, თუ მართლა ადარდებს სახელმწიფოს ბედი, პრემიერ-მინისტრად უნდა დაბრუნდეს! სასამართლო სისტემის პრობლემების სათავე ის არის, რომ მართლმსაჯულება ქვეყნის რეალური მმართველის, ივანიშვილის პირდაპირ გავლენაშია მოქცეული. ის, რომ პრემიერ-მინისტრს ხელი არ მიუწვდება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, მურუსიძისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას სულაც არ ნიშნავს. სასამართლო სისტემა არის ივანიშვილის ექსკლუზიურ მმართველობას დაქვემდებარებული. დღეს ივანიშვილი აკონტროლებს ყველაფერს, მაგრამ არაფერზე აგებს პასუხს, ყველა სხვა პასუხს აგებს ყველაფერზე, მაგრამ არ ფლობს რეალურ ძალაუფლებას. ეს არის ყველაზე უარესი ვერსია სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა...

2019 წელი უკიდურესად მძიმე იქნება. თუ მმართველი ძალა მიიღებს გადაწყვეტილებას და 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებს, პოლიტიკური ძალები, მათ შორის მმართველ პარტიაში აღმოცენებული სხვადასხვა დაჯგუფება, მზადებას დაიწყებენ არჩევნებისთვის. ეს ხელისუფლებასაც მისცემდა საშუალებას, მეტი აღარაფერი გაეფუჭებინა, ვიდრე დღემდე გააფუჭა.