კოტე ჯანდიერი: "ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა სათანადო დასკვნები საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან" - კვირის პალიტრა

კოტე ჯანდიერი: "ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა სათანადო დასკვნები საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან"

რა არჩევანი გააკეთა ევროპამ და რა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ? რატომ ბრუნდებიან ადეიშვილის მოსამართლეები სასამართლო სისტემაში და რა ვალდებულებებით ხვდება 2019 წელს ხელისუფლება? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" მწერალი კოტე ჯანდიერი ესაუბრა:

- როგორც იქნა, მიილია ეს მძიმე, ბოროტი ვნებებით სავსე წელი; მიდის და ტოვებს უსიამოვნო, მწარე ნალექს. ამისი ხილული გამოხატულებაა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აულაგებელი კარვები რუსთაველის პროსპექტზე. ვერც შვილმკვდარმა მამებმა და ვერც საზოგადოებამ დღემდე ვერ გავიგეთ, ვინ აფარებდა ხელს დათო სარალიძის მკვლელობის ფიგურანტებს, ვინ ანადგურებდა მტკიცებულებებს, ნამდვილად იყო თუ არა თამერლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი, მართლა ეჭირა თუ არა ხელში ხელყუმბარა, რამდენად კანონიერი და ადეკვატური იყო სპეცრაზმის მოქმედება და ა.შ. შექმნილ ვითარებას ოპოზიცია, ცხადია, თავის სასარგებლოდ იყენებს და ხშირად სპეკულირებს ამ ადამიანთა ტრაგედიით... მაგრამ ეს პრობლემების ხილული ზედაპირია. უფრო ფუნდამენტური პრობლემაა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის საკითხი. საარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობა მხოლოდ ერთი ასპექტია. მსოფლიოში ვერც ერთი მთავრობა ვერ ახერხებს დაპირებების სრულად შესრულებას, ვინაიდან რეალური ცხოვრება ათას ხელის შემშლელ ბარიერს წარმოქმნის, რასაც წინასწარ ვერავინ გათვლის. მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რა გარემოებებმა შეუშალა ხელი მთავრობას კონკრეტული აქტივობის შესრულებაში.

მმართველი ძალა ყველასთვის გასაგებად არ განმარტავს პრემიერ-მინისტრის ვადამდე შეცვლის ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის ნამდვილ მიზეზებს. ასეთი მნიშვნელობის ცვლილებები კულუარულად, ბურუსით მოცულ ადგილსა და ვითარებაში ხდება.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში ხდება, პარლამენტისა და მთავრობის პასუხისმგებლობის სფეროს არ განეკუთვნება, მწარედ ცდება. როდესაც ანა დოლიძისთანა კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლამის განწირული ყვიროდა, რომ სასამართლო რეფორმა¬ ჩიხში შევიდა, ხოლო კომპრომეტირებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა დაასამარებს სასამართლო ხელისუფლების ისედაც წამხდარ რეპუტაციას, რა პასუხს ვისმენდით ხელისუფლებისაგან? როგორც წესი, ეს იყო საღი აზრის იგნორირება, სარკაზმი და მტრული დამოკიდებულება.

2018-მა წელმა დაგვანახა საზოგადოების დიდი ნაწილის უნდობლობა არა მარტო მმართველი ძალის, არამედ ოპოზიციისა და საერთოდ, პოლიტიკური კლასის მიმართ. ცხადია, ხელისუფლება ბევრად ძლიერია ოპონენტებზე, მაგრამ თუკი ოპოზიციას აქვს ერთი იარაღი, რასაც მორალური უპირატესობა ჰქვია, მაშინ ჩნდება რეალური შანსი, რომ ძალთა განლაგება შეიცვალოს და ხელისუფლებაში მოვიდეს. სწორედ ასე მოხდა 2012 წელს. გეკითხებით, რა მორალური უპირატესობა აქვს "ნაცმოძრაობას", რომელმაც ლამის ქვეყანა საკონცენტრაციო ბანაკად აქცია? მჯერა, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში იყო დარღვევები, მაგრამ როდესაც ამაზე გველაპარაკებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამას რა ფასი აქვს?

მორალური უპირატესობის არქონა გამორიცხავს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას და ამიტომაც ცდილობენ პროცესების მაქსიმალურად რადიკალიზაციას. ეს ვითარება კი ხელს აძლევს მმართველ ძალას, მორალური კაპიტალის უქონელი პარტია მისთვის ძალიან კომფორტული ოპონენტია.

იქ, სადაც არ არის მორალი და სახელმწიფოებრივი აზროვნება, რჩება ხელისუფლების შენარჩუნების ან მისი ხელში ჩაგდების მანიაკური ლტოლვა. სწორედ ეს აჩენს მოქალაქეებში უნდობლობასა და ნიჰილიზმს.

- 2019 წელს რაზე უნდა იფიქროს ყველაზე მეტად ხალხმა, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ? - ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს ეს ბიპოლარული დაპირისპირება "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის. ორივე სრული და განუყოფელი ძალაუფლებისთვის იბრძვის და ფიქრადაც კი არა აქვს პასუხისმგებლობის გადანაწილება სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. უპირველესად აი, ამაზე უნდა იფიქრონ საზოგადოებამაც, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც.

საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა 2020 წლისთვის შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის სხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და გაერთიანებებისთვისაც. მაგრამ კვლავ მწვავე პრობლემაა ფინანსური რესურსის თითქმის სრული კონცენტრაცია ორი პოლიტიკური პარტიის ხელში.

თუნდაც 7-8 სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კვალიფიციური ადამიანის გაერთიანება ნათელი იდეების გარშემო შექმნიდა ინტელექტუალური ძალების მიზიდულობის ცენტრს, გააჩენდა პერსპექტივას და ამ შემთხვევაში ფინანსური რესურსის მოზიდვაც გაადვილდებოდა.

ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა სათანადო დასკვნები საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მათ თავის მაგარ ბიჭობას მიაწერეს, მოფერიანდნენ და ძველებური აპლომბი დაიბრუნეს. არჩევნები არ მოუგია არც მათ ადმინისტრაციულ და არც მატერიალურ რესურსს, როგორც "ნაცმოძრაობა" ამტკიცებს, არც "ქართული ოცნებისადმი" ხალხის ნდობასა და სიყვარულს.

არჩევნები მოიგო ამ ქვეყნის მოქალაქეთა თვითგადარჩენის ინსტინქტმა და ღირსების გრძნობამ. თუ ხელისუფლება კვლავ განაგრძობს საზოგადოების იგნორირებას, სასამართლო "რეფორმის მსგავს აქტივობებს და საეჭვო რეპუტაციისა და კვალიფიკაციის პირების წინ წამოწევას, 2020 წელს უმცირესობაში აღმოჩნდება.

- მაინც რა ახსნა აქვს ადეიშვილის მოსამართლეების დაბრუნებას სისტემაში?

- ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც ლევან მურუსიძე სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად გამოცხადდა. ეს იყო ინდულგენცია იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდნენ. რომ არა ეს ინდულგენცია, პარლამენტის მიერ მიღებული მათთვის ხელსაყრელი კანონები და რეგულაციები, იუსტიციის უზენაესი საბჭო ვერ გაბედავდა ასეთი ცინიზმითა და საკუთარი დაუსჯელობის რწმენით აღსავსე გადაწყვეტილებების მიღებას.

მოსამართლეთა კორპუსს, სადაც ბევრი პატიოსანი და კარგი მოსამართლეა, აგრესიულად მორჩილი უმცირესობა მართავს. მათ პარლამენტშიც ეგულებათ მოკავშირედ აგრესიულად მორჩილი კოლექტიური ზარდიაშვილების ჯგუფი. პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაცემული მოსამართლეთა სია და მურუსიძის უვადოდ გამწესება სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელად მორალური, ადამიანური პრინციპებისა და სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვაა.

- ერთ ინტერვიუში აცხადებდით, რომ ჩვენი არჩევანია, თუ რას მოვძებნით ევროპაში: განავლის ძეგლებს თუ მიქელანჯელოს... ამ გადმოსახედიდან, ჩვენი არჩეული გზით, რას ვანიჭებთ უპირატესობას? - ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ორპარტიულ კინკლაობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და განუყოფელი ხელისუფლებისათვის მანიაკურ ბრძოლას, უზნეობასა და მორალს შორის. ევროპაში არჩევანი უკვე გააკეთეს და ურს ფიშერის განავლის მონუმენტი უკვე აიღეს სენიორიის მოედნიდან. ჩვენც უნდა გავთავისუფლდეთ მსგავსი "ძეგლებისაგან", რომლებიც მრავლად გვაქვს ჩაბეტონებული ცნობიერებაში.

- რას უსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს? - უმსგავსობასთან შეუგუებლობას, კრიტიკულ აზროვნებასა და მშვიდობას.