"მე იმ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ეს პარტია მანანა კობახიძესთან და სხვებთან ერთად დავარეგისტრირე" - კვირის პალიტრა

"მე იმ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ეს პარტია მანანა კობახიძესთან და სხვებთან ერთად დავარეგისტრირე"

იმის მიუხედავად, რომ გარკვეული უცნაური ამბები ხდებოდა კომიტეტის სხდომამდე, ახლა კომიტეტს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელიც შეასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც დღეს თავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ უხელმძღვანელა.

ბესელიას თქმით, სხვებისგან განსხვავებით მან კარგად იცის პარლამენტის რეგლამენტი და როგორც თავად აღნიშნა, თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძის არჩევა პროცედურის სრული დაცვით მოხდა.

"ეს 6 წელი უქმად არ გამიტარებია. გარდა იმისა, რომ სხვა ბევრ კანონზე ვმუშაობდი, რეგლამენტსაც კარგად ვიცნობ და ბევრიც ვიმეცადინე სხვებისგან განსხვავებით, რომ რეგლამენტის ყველა ნორმა ვიცოდე, რა შემთხვევაში რომელი ნორმა მოქმედებს და კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მუშაობდეს პარლამენტი. ამიტომ რეგლამენტის პროცედურას გავყევით და იმის მიუხედავად, რომ გარკვეული უცნაური ამბები ხდებოდა კომიტეტის სხდომამდე, შესაძლებელი გახდა რეგლამენტის დაცვით არჩევნების მეორე ტური ჩატარებულიყო, სადაც გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. მე კომიტეტს მივეცი შესაძლებლობა ემსჯელა და კენჭი ეყარა არა ერთი, არამედ სამი კანდიდატისთვის. ახლა კომიტეტს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელიც შეასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას იქამდე, ვიდრე პარლამენტი თავმჯდომარეს არ აირჩევს საგაზაფხულო სესიაზე.

ამ კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც პრინციპულად დაიცავს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც კომიტეტი და პირადად მე ვიცავდი. თავმჯდომარე უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც ასევე პრინციპული პოზიცია ექნება ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის მართლმსაჯულების რეფორმა. მე არ დავუჭერ არცერთ იმ ადამიანის კანდიდატურას მხარს კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ამ პრინციპებიდან გადაუხვევს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, რა უცნაური ამბები ხდებოდა კომიტეტის სხდომაზე, ბესელიამ აღნიშნა, რომ სხდომას არ დაესწრო კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა ჩანაცვლებაც შესაძლებელი იყო ფრაქციის თავმჯდომარის წერილის საფუძველზე.

მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესმა მმართველი გუნდისთვის დამაზიანებელი სახე არ მიიღოს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის ბრძოლას გააგრძელებს.

"მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესმა ჩვენი ხელისუფლებისთვის არ მიიღოს პოლიტიკურად დამაზიანებელი სახე. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას. მე ვარ მოპასუხის და არა თავდამსხმელის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს. მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც ან სადმე იმალება, ან რამე მოსარიდებელი აქვს და ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. მე იმ გუნდთან ერთად ვარ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა 2011 წელს და მე დავარეგისტრირე ეს პოლიტიკური პარტია მანანა კობახიძესთან და სხვებთან ერთად. მე ამ გუნდის ღირებულებებსა და იდეალებს ვიცავ დღესაც ამ პოზიციით. ასე რომ, მე ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, ვაგრძელებ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ჩემი შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორი განვითარება ექნება ამ პროცესს. ჯანსაღად წარიმართება პროცესი და ყველა ერთად შევთანხმდებით, რომ იმ პირობებს ვასრულებთ, რომელიც მოსახლეობას ვუთხარით. თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ კომფორტულ გარემოში, სხვა პოზიციას აირჩევენ და მე გადავხედავ ჩემს პოზიციებს შემდეგ. ერთი ვიცი, ბრძოლას გავაგრძელებ," - განაცხადა ბესელიამ.

ჟურნალისტების კითხვა, ვის წინააღმდეგ გააგრძელებს ის ბრძოლას და ხომ არ არის ეს ადამიანი ირაკლი კობახიძე, ბესელიამ უკომენტაროდ დატოვა.

"უკომენტაროდ. მე ვიცი, ვისაც ველაპარაკები და იცის მანაც, ვისაც ვგულისხმობ," - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიამ, რომელმაც გასულ კვირას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, კომიტეტის რიგით წევრად რჩება.

"ინტერპრესნიუსი"