"სამწუხაროა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით არის არჩეული" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით არის არჩეული"

სამწუხაროა, თუმცა უკვე შემდგარი ფაქტია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლემიკის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ბიურომ საკითხი ცნობად უნდა მიიღოს.

"მე მგონი ჯობია, ამ საკითხზე პოლემიკა არ წარვმართოთ, ეს იყო სამართლებრივი განმარტება, რომელიც მოვისმინე და რომელსაც აბსოლუტურად ვიზიარებ. ვფიქრობ, ამას ალტერნატივაც არ აქვს. არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იურიდიული კომიტეტი, საპროცედუროსთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც არის პასუხისმგებელი რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს ეს მოვლენა. აქედან გამომდინარე, კენჭისყრის გარეშე ვიღებთ ცნობად ამ საკითხს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულმა კომიტეტმა დღეს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძე აირჩია.

"ინტერპრესნიუსი"