"ვპირდები მოსამართლეებს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ - ვფიქრობ, ცოტა ხანში იუსტიციის საბჭოს უნდა დავემშვიდობოთ" - კვირის პალიტრა

"ვპირდები მოსამართლეებს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ - ვფიქრობ, ცოტა ხანში იუსტიციის საბჭოს უნდა დავემშვიდობოთ"

მათ გაიხადეს მოსამართლის მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებებს.

გოგიჩაიშვილის თქმით, ცოტახანში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დავემშვიდობოთ, რადგან როგორც მან აღნიშნა, მისი წევრები მორალითა და პროფესიონალიზმით არ შეეფერებიან მოსამართლეობას.

"ეს ადამიანები არიან ბიუროკრატიული აპარატი, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოიპოვონ პირველ, მეორე და მესამე ინსტანციაზე, რაც მათ არ გამოუვათ. ვფიქრობ, ამ განცხადებებით ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გაიხადეს მოსამართლის მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე, სადაც ვპირდებით მათ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ. ცოტახანში საკითხი დადგება ისე, რომ, ვფიქრობ, უნდა დავემშვიდობოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმიტომ, რომ ეს ადამიანები თავისი მორალით, საქციელით და პროფესიონალიზმით არ შეეფერებიან მოსამართლეობას. შესაბამისად, ის კრიტერიუმები, რომელსაც ჩვენ გავწერთ გაზაფხულზე და რომელიც უნდა დააკმაყოფილონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბუნებრივია, გავრცელდება პირველ და მეორე ინსტანციის მოსამართლეებზეც. ამ სტანდარტს დაადგენს საზოგადოება,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"