"არ მინდა ვიფიქრო, რომ..." - რას ამბობს ეკა ბესელია გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევაზე? - კვირის პალიტრა

"არ მინდა ვიფიქრო, რომ..." - რას ამბობს ეკა ბესელია გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევაზე?

საკითხები, რომელიც მე მეხება, ეთიკურია, რომ ჩემთან ერთად იხილებოდეს. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც იურიდიული კომიტეტიდან მისი წარდგინებით დანიშნული გედევან ფოფხაძის გაწვევის თაობაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, პრინციპული საკითხია, რომ იურიდიული კომიტეტის თანამდებობაზე იყოს ადამიანი, ვისაც სწორი პოზიცია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის შესახებ. ეკა ბესელიამ მწუხარება გამოთქვა, რომ ასეთი საკითხი მისი საქართველოში არყოფნის დროს იხილება.

"მე არა ვარ საქართველოში და სამწუხაროა, რომ ასეთ დროს იხილება ეს საკითხი. არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ ხდება ასე, რადგან ირაკლი კობახიძემ იცოდა ამის თაობაზე. საკითხები, რომელიც მე მეხება, ეთიკურია, რომ ჩემთან ერთად იხილებოდეს. რაც შეეხება გედის კომიტეტიდან გაყვანის საკითხს, არ ვიცი, რა არგუმენტებით მოხდა ეს. ჩამოვალ, გავარკვევ და ვისაუბრებ. პრინციპულია ის, რომ იურიდიული კომიტეტის თანამდებობაზე იყოს ადამიანი, ვისაც აქვს სწორი და პრინციპული პოზიცია მართლმსაჯულების რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიების საკითხზე. არ მინდა ვიფიქრო, რომ აკრძალული წესების გამოყენება მოხდება," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"