"ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია" - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა? - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია" - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა?

"ქართული ოცნების" ოფისში ფრაქციის რამდენიმე საათიანი სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, დასრულდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ფოფხაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას ის არ აპირებს.

"არ მომწონს ის წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო. ეს წესი ჩემთვის მისაღები არ არის. ის, რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, ამას არ ვმალავ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ საჯარო დისკუსიებშიც მივიღოთ მონაწილეობა და საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ისაა, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის სწორი. პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის", - განაცხადა ფოფხაძემ.

უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა. "ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სხდომაზე იყო საუბარი, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევას შეეხო. ქუცნაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარემ ორი მიზეზი დასახელა: "ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან".

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან არ არის ფრაქციის წევრი.

ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული.

"ეკა ბესელია არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და ყველამ მოვითხოვეთ, რომ მისი თანდასწრებით განვიხილოთ ეს საკითხები. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო აგვისტოს თვეში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობა.

"ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა ვართ. რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ჩვენ ვეძახით აზრთა სხვადასხვაობას. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სანამ არ შემუშავდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმები, იქამდე თავს შევიკავებ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისგან. დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, ბატონმა ბიძინამ თქვა - ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც ზოგჯერ არ იზიარებს მათ შორის მის შეხედულებებს. ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა",- განაცხადა ქუცნაშვილმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის აზრი გუნდის უმრავლესობის მოსაზრებას დაემთხვა გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის საკითხზე.

რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომის საკითხის მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებას, მდინარაძის თქმით, ამ თემების ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია.

"არავინ მარცხდება და არ იმარჯვებს. არ ვაპირებ დღეს ძველ მიზეზებზე ვისაუბრო. მოსამართლეების საკითხის განსახილველად ჩვენ ბევრი დრო გვაქვს. ვიმსჯელებთ გუნდში და გუნდი თანხმდება მთავარ პრინციპზე, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის შესანარჩუნებელი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია და რაც გამოიხატა შემდეგ გუნდის გადაწყვეტილებაშიც. პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა პრაქტიკულად უმრავლესობას",- აღნიშნა მდინარაძემ.

იხილეთ ასევე: "ამას ბოდვაც აღარ ჰქვია" - რას პასუხობს ეკა ბესელია პარტიიდან მისი გარიცხვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით