"ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც..." - კვირის პალიტრა

"ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც..."

ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე, აქედან გამომდინარე ჟურნალისტური საზოგადოების მოლოდინი, რომ სხვა პიროვნებაზე გავრცელდებოდა რაიმე სანქცია, არ გამართლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა.

რაც შეეხება კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა.

"ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან",- განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან არ არის ფრაქციის წევრი.

"ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა ვართ. რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ჩვენ ვეძახით აზრთა სხვადასხვაობას. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სანამ არ შემუშავდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმები, იქამდე თავს შევიკავებ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისგან. დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, ბატონმა ბიძინამ თქვა - ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც ზოგჯერ არ იზიარებს მათ შორის მის შეხედულებებს. ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა",- განაცხადა ქუცნაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია" - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა?

"ინტერპრესნიუსი"