"კომიტეტიდან ჩემი გაძევების საფუძველი არ არსებობს" - დატოვებენ "ქართულ ოცნებას" ბესელია და ფოფხაძე? - კვირის პალიტრა

"კომიტეტიდან ჩემი გაძევების საფუძველი არ არსებობს" - დატოვებენ "ქართულ ოცნებას" ბესელია და ფოფხაძე?

"ქართულ ოცნებაში" გავლენების სფეროებისთვის ბრძოლა მძფარდება - იურდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ, მან ყველაფერი გააკეთა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა მის კოლეგასა და მეგობარს გედევან ფოფხაძეს დაეკავებინა, თუმცა უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, გადაწყვიტეს, რომ გედევან ფოფხაძეს საერთოდ გაიწვევენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან.

kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, იურდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. განაწყენებულმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ კი შესაძლოა უმრავლესობის რიგები დატოვონ და შეეცადონ დამოუკიდებლად შექმნან ფრაქცია. მათ, სავარაუდოდ, შეუერთდება "ქართული ოცნებიდან" უკვე განკვეთილი დავით ჭიჭინაძე. ფრაქციის შესაქმნელად კიდევ 3 დეპუტატი იქნება საჭირო, საკითხავია, თანაგუნდელების მხარდაჭერას თუ გაბედავენ "ქართული ოცნების" სხვა პარლამენტარები.

გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნებიდან" წასვლის შესაძლებლობას არც ადასტურებს და არც უარყოფს, ამბობს, რომ უღირსი მოსამართლეების დანიშვნის წინააღმდეგ იბრძოლებს, მაგრამ საიდან ეს უკვე ტექნიკური საკითხია.

საინტერესოა თავად ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც, თუმცა როგორც ამბობენ, ივანიშვილი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს და ასპარეზს ირაკლი კობახიძეს და ე.წ. ახლების გუნდს უთმობს, რომელიც "კბილებით იცავს" ამ მოსამართლეებს.

ამბობენ, რომ თათბრიზე, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა ყველაზე მეტს კობახიძე საუბრობდა. უფრო მეტიც, მან ისიც კი აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს პარასკევს მოაგვარებდნენ. ბიძინა ივანიშვილმა კი ამასთან დაკავშირებით მხოლოდ საკანონმდებლო დეტალები მოიკითხა, რაზეც კობახიძემ უთხრა, რომ კანონი არ დაირღვევაო.

ამასთანავე, როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, მაშინ როდესაც იუსტიციის საბჭო იკრიბებოდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შესარჩევად მამუკა მდინარაძემ და არჩილ თალაკვაძემ პირადად დაურეკეს დეპუტატებს და იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე მოსაზრების დაფიქსირება კატეგორიულად აუკრძალეს.

როგორც კულუარებიდან ირაკლი კობახიძის ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას, ეკა ბესელიას გადაყენების საკითხი დღის წერიგში ჯერ კიდევ აგვისტოში დადგა და ეს კორუფციის პრომლემებს შეეხებოდა. რასაც ბესელიას მომხრე დეპუტატები არ ადასტურებენ და ამას შემოგდებულ "შავ პიარს" უწოდებენ.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე კომიტეტიდან მის გაწვევას ე.წ. მოსამარლეების საკითხს უკავშირებს. თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხან დაკავშირებით ბრძოლას გააგრძელებს.

"ის რომ ჩემი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით ვიღაცას არ მოსწონს და მაგიტომ არ უნდათ იურიდიულ კომიტეტში ჩემი ყოფნა გასაგებია, თორემ მე ამ კომიტეტში წინა მოწვევის პარლამენტის დროსაც ვიყავი და კომიტეტიდან ჩემი გაძევების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

თუ სადაო იყო მოსამართლეების თემა, მაშინ ამაზე უნდა გვედავა კომიტეტში შიდა ორგანიზაციულად. მე მაქვს ჩემი პოზიცია, რომელიც შეიძლება არაპოპულარულია და ვიღაცამ მისაყვედუროს, მაგრამ ჩემთვის ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია - სასამართლოში უნდა გავამწესოთ ღირსეული ადამიანები. მე სხვა არაფერი მაინტერესებს.

ლაპარაკი იმაზე, რომ გედიმ და ეკამ ხმა იმიტომ ამოიღეს, რომ სხვა მოტივაცია აქვთ, არასწორია. პოლიტიკური პროცესი ემსგავსება ფარსს. ვიღაცას უნდა გამათანაბროს მურუსიძესა და ჩინჩალაძესთან, რაც არასწორია.

მე არაფრის თქმას აღარ ვაპირებ, ჩემს პოზიციას ნელ-ნელა დავასაბუთებ და დასკვნები გააკეთონ სხვებმა. რატომ ხდება ეს ყველაფერი სხვებმა შეაფასონ", - გვითხრა გედევან ფოფხაძემ.

ხოლო ჩვენს კითხვაზე დარჩებიან თუ არა ის და ეკა ბესელია უმრავლესობის რიგებში, - გვიპასუხა: "ეს არის ტექნიკური მხარე, რომელზეც აქცენტირება საჭიროდ არ მიმაჩნია. როგორც კი მექნება საშუალება, ვიბრძოლებ უღირსი მოსამართლეების წინააღმდეგ, რა მნიშვნელობა აქვს საიდან. "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ვიქნებით ან მე ვიქნები თუ არა. მთავარია, ვისუბროთ იმაზე, თუ რა მოხდება სასამართლოში".

იხილეთ ასევე: "ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია" - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა?

(სპეციალურად საიტისთვის)