"პატარ-პატარა ფრთებს მოიშორებს ივანიშვილი და ბოლოს ჩაიძირება, მას არ შეუძლია კოლეგიური ურთიერთობა" - კვირის პალიტრა

"პატარ-პატარა ფრთებს მოიშორებს ივანიშვილი და ბოლოს ჩაიძირება, მას არ შეუძლია კოლეგიური ურთიერთობა"

პატარ-პატარა ფრთებს მოიშორებს ივანიშვილი და ბოლოს ჩაიძირება, მას არ შეუძლია კოლეგიური ურთიერთობა, - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "ქართულ ოცნებაში" ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს.

დავით ბერძენიშვილის თქმით, მმართველ გუნდში რღვევის პროცესი დაიწყო. ის ვარაუდობს, რომ ბესელია-ფოფხაძე რამდენიმე სხვა დეპუტატსაც გაიყოლებენ გუნდიდან.

"როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს, სახელისუფლებო-სახელმწიფო ბიუროკრატიული სტრუქტურები, რომელსაც პირობითად ჰქვია პარტია, მისი მეორე ვადის დასასრულისკენ მიხრწნილების სტადიაში გადადის და ასეთ დროს ჩამოტყდება ხოლმე ნატეხები, თუმცა, იმდენი ნატეხი ჩამოტყდება ხოლმე, მერე უჭირს ასეთ ორგანიზაციას ფეხზე წამოდგომა და არჩევნების გზით გამკლავება კონკურენტებთან. "მოქალაქეთა კავშირის" ხვედრს ვუწინასწარმეტყველებდი "ოცნებას". ის, რომ ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე და ალბათ, კიდევ რამდენიმე დეპუტატი დისტანცირებული იქნებიან ბიძინა ივანიშვილისგან, მისივე გადაწყვეტილებით, ეს აშკარაა. სხვანაირად იქ არ ხდება. გადაწყვეტილებებს მაგ პარტიაში ერთი კაცი იღებს. ივანიშვილი შემკრები არ არის, ის არის გამყოფი. მას არ შეუძლია კოლეგიური ურთიერთობა. აქ მთავარია რღვევის პროცესი და ეს რღვევა იქნება, რომ ძირითადი ნაწილი დარჩება ივანიშვილთან და ჩამოტყდება ბესელია-ფოფხაძე, ასევე დროთა განმავლობაში ვფიქრობ, რამდენიმე დეპუტატს გაიყოლებენ. არ არის გამორიცხული მერე კიდევ სხვა ჩამოტყდეს. ასე რომ პატარ-პატარ ფრთებს მოიშორებს ივანიშვილი და ბოლოს ჩაიძირება", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღეს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია. გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, გასულ კვირას აირჩიეს.

იხილეთ ასევე: "ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც სწორია" - რა საკითხები განიხილეს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა?

"ინტერპრესნიუსი"