"არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ ივანიშვილი შლიდეს პარტიას და ცდილობდეს რამდენიმე პოლუსის შექმნას..." - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ ივანიშვილი შლიდეს პარტიას და ცდილობდეს რამდენიმე პოლუსის შექმნას..."

"ეკა ბესელია არ ესწრებოდა სხდომას და ყველამ მოვითხოვეთ, რომ მისი თანდასწრებით განვიხილოთ ეს საკითხები"

"ქართულ ოცნებაში" ე.წ. კობახიძის გუნდსა და ძველ სახეებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. კულუარებიდან ზედაპირზე გამოსული გავლენების სფეროებისთვის ბრძოლა გამძაფრდა. როგორც აღმოჩნდა ივანიშვილის დაბრუნებით, "ოცნების" შიგნით ვითარების დაბალანსების მცდელობა, ამაო აღმოჩნდა.

ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ნუკრი ქანთარია - გაიზიარებენ თუ არა ეს დეპუტატები თავის დროზე პარტიიდან გარიცხულ დავით ჭიჭინაძის ბედს უახლოეს მომავალში გაირკვევა. მაგრამ ის, რომ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნისთვის ემზადებიან, ამას დავით ჭიჭინაძე პრაქტიკულად არც უარყოფს. უფრო მეტიც, სწორედ ამის გამო მან "პატრიოტთა ალიანსის" რიგები დატოვა და ახლა მისი კოლეგების გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც ჩანს, ე.წ. კობახიძის გუნდს ბევრი ნაწყენი დეპუტატი ჰყავს, თუმცა ზოგიერთი მათგანი პარტიის დატოვებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე "ოცნების" უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება.

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა გუნდში დემოკრატიის ნაწილია, ამიტომ პარტიის რიგების დატოვებას არ აპირებს. თუმცა ფოფხაძის მსგავსად კობახიძეზე განაწყენებული ისიც არის.

რაც შეეხება კომიტეტიდან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა.

"ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან", - განაცხადა ქუცნაშვილმა. ზაქარია ქუცნაშვილი

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან არ არის ფრაქციის წევრი.

ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული. "თუმცა მე პირადად ეს გადაწყვეტილება ახლა გავიგე და რა იგულისხმა კობახიძემ არ ვიცი".

"ეკა ბესელია არ ესწრებოდა სხდომას და ყველამ მოვითხოვეთ, რომ მისი თანდასწრებით განვიხილოთ ეს საკითხები. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო აგვისტოს თვეში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობაა.

"არ დავყოფდი "ქართულ ოცნებას" გუნდებად, მას ერთი ლიდერი ჰყავს ბიძინა ივანივილის სახით. ნაწყენი კი ბევრნი ვართ მათ შორის მეც. მაქვს მიზეზები, რომ ვიყო ნაწყენი. მაგალითად მიმაჩნია, რომ პარლამენტის თავმდჯომარის ბოლო განცხადება იყო სწორი, მაგრამ სჯობდა ეს განცხადება გაკეთებულიყო უფრო ადრე. ირაკლი კობახიძემ სწორი შეფასება გააკეთა, რომ სამართლიანი კრიტერიუმების ჩამოყალიბების გარეშე არ უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა. ეს არის სწორი და ობიექტური განცხადება, მაგრამ ჯობდა მანამდე გაკეთებულიყო და შემუშავებულიყო კრიტერიუმები.

ივანიშვილთან ყოველთვის ვსაუბრობ და ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც, დღეს გაიხსენა შემთხვევა, როდესაც არ გავიზიარე მისი პოზიცია და პრინციპულად შეუვალი დავრჩი. ასე, რომ ეს ნორმალურია და ჩვენს ურთიერთობას ხელს არ უშლის მიუხედავად იმისა, რომ არის საკითხები, რომელსაც ვეთანხმები და არის საკითხები რომელშიც ის არ მეთანხმება. დემოკრატიული უმრავლესობა გვაქვს და არ ვთვლი საჭიროდ ყველა საკითხი უსიტყვოდ გავიმეორო.

მაგალითად, სასმართლოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ადრე კატეგორიულად არ დავეთანხმე ბიძინა ივანიშვილს. ამ სფეროში ვსაქმიანობ, სასამართლო არის პროფესიული საქმის ასპარეზი და უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობ, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი, აქედან გამომდინარე, ივანიშვილმა ეს თემა გაიხსენა და მიუხედავად ჩემი პოზიციისა, დარჩა თავისი შეხედულების ერთგული", - უთხრა kvirispalitra.ge-ს ქუცნაშვილმა.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით კი, დატოვებენ თუ არა პარტიას გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია მეორეხარისხოვანია. მისი აზრით, ეს საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

"ქვეყნის დეგრადაციის პროცესი გრძელდება. შეგვპირდნენ, რომ აქედან გამოვიდოდით და ქვეყანას მიხედავდნენ, მაგრამ ისევ პოლიტიკურ ნაგავში ვიქექებით. ვწუხვარ, რომ ივანიშვილი ამ ნაგავში ქექვით არის დაკავებული.

"ქართული ოცნება" ყოველთვის იყო დაჯგუფება, პარტია პირობითად ეწოდებოდა. ამ ადამიანებს არაფერი არ აერთიანებთ არც საერთო ინტერესები და არც გეგმები. ერთადერთი, რაც აერთიანებთ არის პარაზიტირება ბიძინა ივანიშვილის მხრებზე. ბრძოლა მიდის რესურსებთან ვინ უფრო ახლოს არის და ვინ უფრო შორს. ამის ერთ-ერთი ეპიზოდი ვიხილეთ დღეს.

საქართველოს ისტორია გედის უკავშირდება, პირველ ეტაპზე გედი მღეროდა "ოცნების" სიმღერას, ახლა "ქართული ოცნება" იმღერებს გედის სიმღერას. და სამწუხაროდ, ამ მარაზმში ვიხარშებით", - გვითხრა ხუხაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ დუმს ბიძინა ივანიშვილი ხუხაშვილი გვპასუხობს, რომ ივანიშვილს მართვის სადავეები გაექცა.

"ივანიშვილი ცდილობს ეს კრიზისი მცირე დანაკარგებით გადააგოროს. სისტემურად ივანიშვილი დიდი ხანია ვერ წყვეტს, აღარ არის ლიდერი. უბრალოდ, ცდილობს ფასადური რაღაც შეინარჩუნოს. არა მგონია, რომ მისთვის კობახიძე უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე ფოფხაძე.

ლიდერის ფუნქციას დიდი ხანია აღარ ასრულებს ის არის ძალის ცენტრი, რომელიც ვიღაც ადამიანებს სიკეთეებს ურიგებს, ის ავტორიტეტი დიდი ხანია აღარ არის", - გვითხრა ხუხაშვილმა. არჩილ გამზარდია

ანალოგიურად ფიქრობს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიაც, თუმცა არ გამორიცხავს, რომ პარტიის დაშლა თავად ბიძინა ივანიშვილის სცენარის ნაწილიც იყოს.

"ოცნების" დაშლა ახლა უფრო რეალისტურია ვიდრე არჩევნებამდე. რამდენიმე სახეა გამოკვეთილი, რომელიც ალბათ დატოვებს პარტიას და ცალკე გააგრძელებენ საქმიანობას. ჭიჭინაძეს ალბათ ბესელია და გედევან ფოფხაძე მიჰყვება. გოგიჩაიშვილის ფაქტორმაც წამოიწია წინ, რომელიც ასევე არ ეთანხმება ამ მოსამართლეების თემას. ხოლო ძველი გუნდიდან ალბათ ქანთარიაც შეურთდება, რადგან კობახიძის მიმართ დადებითად განწყობილი არც ისაა. მაგრამ ესენი გახდებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეები, ესაა ახლა მთავარი საკითხი.

ივანიშვილს ან გაექცა სადავეები ან კიდევ პირიქით, ძალიან კარგად ფლობს. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი შლიდეს პარტიას და ცდილობდეს რამდენიმე პოლუსის შექმნას...  შედაგად ამ პოლუსებიდან დაიწყებს ოპერირებას პოლიტიკურ ბაზარზე, როგორც ბიზნესშია ხოლმე. მაგალითად, სუპერმარკეტი დაშალო და საპროფილო მაღაზიებად გაუშვა. და მერე ნახოს რომელ გუნდს შეუძლია მისთვის წარმატების მოტანა. ანუ ბაზარი დაიპყროს არა ჰიპერჯგუფით, არამედ შედარებით წვრილ-წვრილი ჯგუფებით", - უთხრა kvirispalitra.ge-ს გამზარდიამ.

იხილეთ ასევე: "ამას ბოდვაც აღარ ჰქვია" - რას პასუხობს ეკა ბესელია პარტიიდან მისი გარიცხვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას

(სპეციალურად საიტისთვის)