"არ დავყოფდი „ოცნებას“ გუნდებად, მას ერთი ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი ჰყავს... ნაწყენი კი ბევრნი ვართ, მათ შორის მეც" - კვირის პალიტრა

"არ დავყოფდი „ოცნებას“ გუნდებად, მას ერთი ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი ჰყავს... ნაწყენი კი ბევრნი ვართ, მათ შორის მეც"

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა გუნდში დემოკრატიის ნაწილია, ამიტომ პარტიის რიგების დატოვებას არ აპირებს. თუმცა, გედევან ფოფხაძის მსგავსად, კობახიძეზე განაწყენებული ისიც არის.

რაც შეეხება იურიდიული კომიტეტიდან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა.

"ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან არ არის ფრაქციის წევრი.

ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული. თუმცა მე პირადად ეს გადაწყვეტილება ახლა გავიგე და რა იგულისხმა კობახიძემ არ ვიცი.

"ეკა ბესელია არ ესწრებოდა სხდომას და ყველამ მოვითხოვეთ, რომ მისი თანდასწრებით განვიხილოთ ეს საკითხები. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო აგვისტოს თვეში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობა.

"არ დავყოფდი „ოცნებას“ გუნდებად, მას ერთი ლიდერი  ბიძინა ივანივილი ჰყავს... ნაწყენი კი ბევრნი ვართ, მათ შორის მეც. მაქვს მიზეზები, რომ ვიყო ნაწყენი. მაგალითად მიმაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო განცხადება იყო სწორი, მაგრამ სჯობდა ეს განცხადება გაკეთებულიყო უფრო ადრე.

ირაკლი კობახიძემ სწორი შეფასება გააკეთა, რომ სამართლიანი კრიტერიუმების ჩამოყალიბების გარეშე არ უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა. ეს არის სწორი და ობიექტური განცხადება, მაგრამ სჯობდა მანამდე გაკეთებულიყო და შემუშავებულიყო კრიტერიუმები.

ივანიშვილთან ყოველთვის ვსაუბრობ და ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც, სხდომაზეც გაიხსენა შემთხვევა, როდესაც არ გავიზიარე მისი პოზიცია და პრინციპულად შეუვალი დავრჩი. ასე, რომ ეს ნორმალურია და ჩვენს ურთიერთობას ხელს არ უშლის მიუხეედავად იმისა, რომ არის საკითხები, რომელსაც ვეთანხმები და არის საკითხები რომელშიც ის არ მეთანხმება. დემოკრატიული უმრავლესობა გვაქვს და არ ვთვლი საჭიროდ ყველა საკითხი უსიტყვოდ გავიმეორო.

მაგალითად, სასამრთლოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ადრე კატეგორიულად არ დავეთანხმე ბიძინა ივანიშვილს. ამ სფეროში ვსაქმიანობ, სასამართლო არის პროფესიული საქმის ასპარეზი და უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობ, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი, აქედან გამომდინარე, ივანიშვილმა ეს თემა გაიხსენა და მიუხედავად ჩემი პოზიციისა, დარჩა თავის შეხედულების ერთგული", - უთხრა kvirispalitra.ge-ს ქუცნაშვილმა. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც..."