"ივანიშვილმა უნდა თქვას, თუ რამდენად უღირს თავისი პოლიტიკური კაპიტალი და არა მონების, შეალიოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა უნდა თქვას, თუ რამდენად უღირს თავისი პოლიტიკური კაპიტალი და არა მონების, შეალიოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს"

ირაკლი კობახიძე ლევან მურუსიძის მესიჯებით საუბრობს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა სიას ირაკლი კობახიძე ლობირებს. მისივე თქმით, აუცილებელია საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმაც, რათა საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თუ სადამდე მიდის სასამართლო სისტემით დაინტერესებულ პირთა სია.

"ირაკლი კობახიძე პირდაპირ საუბრობს ლევან მურუსიძის გზავნილებით. მურუსიძემ თქვა, რომ მდევნიან 2013 წლის შემდეგო, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გახდა სასამართლოო და ზუსტად ამას იმეორებს ირაკლი კობახიძე ანუ ის არის მხარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს დამოუკიდებელი პოლიტიკური მომავალი არ აქვს. არც მანამდე ჰქონდა. მაგრამ სად უნდა გავჩერდეთ? ირაკლი კობახიძის და ამ უბიოგრაფიო გუნდის პასუხისმგებლობაზე, თალაკვაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი... თუ უფრო ზევით უნდა წავიდეთ? ამის გარკვევა კარგი იქნება. საინტერესოა, არის თუ არა ეს "ქართული ოცნების" ლიდერის გადაწყვეტილება? მან ეს უნდა თქვას. ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას, თუ რამდენად უღირს თავისი პოლიტიკური კაპიტალი და არა მონების, შეალიოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს.

ირაკლი კობახიძე ამ ნაბიჯებს დამოუკიდებლად რომ ვერ გადადგამს, ეს ცხადია. რა ტიპის ალიანსში არიან მოსამართლეებთან, ეს გასარკვევია, თუმცა ცხადია, რომ ირაკლი კობახიძე ლობირებს ამ გუნდს.

ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუების დროს ფონი სასამართლოსთან მიმართებაში უკვე შექმნილი იყო, რომ ყველაფერი კარგად არ ხდება. მიუხედავად ამისა, არცერთხელ არ მოგვისმენია მისი პოზიცია - მოსწონს რაც ხდება, თუ არ მოსწონს.

მე პირადად, როგორც მოქალაქე, რომელსაც ამ თემაზე გული შემტკივა, ვისურვებდი, რომ პირადად ივანიშვილისგან მოვისმინო მისი პოზიცია, მურუსიძის უვადოდ დანიშვნას წყნარად უნდა შევეგუოთ თუ არა. ასევე, ეს "შავი სია" უნდა მოგვწონდეს თუ არა?" - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"