"თუ ჩათვლიან საჭიროდ, თვითონ გაგვრიცხავენ, პრობლემა არაა" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" დატოვებაზე? - კვირის პალიტრა

"თუ ჩათვლიან საჭიროდ, თვითონ გაგვრიცხავენ, პრობლემა არაა" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" დატოვებაზე?

ამ ეტაპზე არ მგონია საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თემის წამოწევა მნიშვნელოვანი იყოს, თუ ჩათვლიან საჭიროდ, თვითონ გაგვრიცხავენ, პრობლემა არაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება და ამ კუთხით ჩემი აქტიურობა. ნაწილს, ვისაც საწინააღმდეგო პოზიცია გვაქვს, გვიძაბავს ეს სიტუაციას და ეს ჩანს დაწყებული ეკას მიმართ ბინძური ჭორებით და დამთავრებული ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადებებით. საერთო ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ იურიდიულ კომიტეტში არ ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც კითხვის ნიშნებს დადებს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით. თუ მე არ ვიქნებოდი, ნებისმიერი ისეთი უნდა ყოფილიყო, ვინც გარანტი იქნებოდა, რომ არ მოხდებოდა საჯარო ინტერესის დარღვევა.

ვიღაცას უნდოდა ეს სია ფორსირებულად მიღებულიყო. თუ ჩვენ დავიწყეთ დაშლაზე საუბარი, ეს ფარავს ძირითად საკითხს. რომ მოვკვდე, უნდა დამმარხონ და უნდა გააგრძელონ სიაზე მუშაობა. სიაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერი არ არის. ჩვენ არ ვიქნებით პოლიტიკაში, როდესაც ეს მოსამართლეები კვლავ უვადოდ იქნებიან დანიშნულნი და გადაწყვეტენ ქვეყანაში მართლმსაჯულების საკითხებს.

რაც შეეხება გუნდის დატოვებას, ამ ეტაპზე არ მგონია ამ თემების წამოწევა მნიშვნელოვანი იყოს. თუ ჩათვლიან საჭიროდ თვითონ გაგვრიცხავენ, პრობლემა არაა. ჩვენი ამოცანაა მოსამართლეების საკითხის აქტუალურობა", - განაცხადა ფოფხაძემ.

"ინტერპრესნიუსი"