"რაც სასამართლოში ხდება, ფაქტობრივად, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა" - კვირის პალიტრა

"რაც სასამართლოში ხდება, ფაქტობრივად, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა"

"ივანიშვილი უნდა გათავისუფლდეს თავისი გარემოცვის იმ წევრებისგან, რომლებიც ატყუებენ და მხოლოდ მაამებლობით არიან დაკავებული"

ვითარება "ქართულ ოცნებაში" უფრო და უფრო მწვავდება. ვარაუდობენ, რომ განაწყენებულმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ შესაძლოა უმრავლესობის რიგები დატოვონ და შეეცადონ დამოუკიდებლად შექმნან ფრაქცია. მათ, სავარაუდოდ, შეუერთდება "ქართული ოცნებიდან" განკვეთილი დავით ჭიჭინაძე. ფრაქციის შესაქმნელად კიდევ სამი დეპუტატი იქნება საჭირო და საკითხავია, თანაგუნდელების მხარდაჭერას თუ გაბედავენ "ქართული ოცნების" სხვა წევრები.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა, თუმცა თითქმის ყველა თანხმდება, რომ მმართველ პარტიაში პროცესების განვითარება დიდწილად სწორედ ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რა პრინციპით იმართება მმართველი პარტია მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე არაერთი უმწვავესი შიდა და გარე გამოწვევაა? - ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე ცხადი შეიქნა, რომ "ქართულ ოცნებაში" კრიზისია, რომელმაც სულ უფრო და უფრო იჩინა თავი, და მისი კულმინაცია იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. კრიზისი კი განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მამათა და შვილთა ბრძოლაა, რომელსაც "ძველებისა" და "ახლების" ბრძოლა შეარქვეს და ეს ყველაზე ცხადად პარლამენტში ჩანს.

ბრძოლა მიმდინარეობს გავლენებისთვის, პოზიციების დაკავებისთვის და ა.შ. თავიდანვე ვთვლიდი, რომ გადაწყვეტილება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალგაზრდებს მისცემოდათ ამხელა ძალაუფლება, მცდარი იყო. უნდა ითქვას ისიც, რომ იმ პირებმა, რომელთაც დაავალეს ახალგაზრდული გუნდის დაკომპლექტება, მძიმე შეცდომები დაუშვეს. რომ გადახედო ამ ახალგაზრდების სიას, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, რომ ისინი, ერთი მხრივ, შეარჩიეს ნათესაობა-ნათელმირონობით, მეორე მხრივ კი ლამის ერთი კურსის გამოშვების ხალხია.

ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე კაცი ნამდვილად ერთი საუნივერსიტეტო ჯგუფიდანაა... და დღეს ეს ხალხი პარლამენტში ამინდს ქმნის. მოკლედ, ნიჭიერებითა და განსაკუთრებული უნარების გამო კი არ შეარჩიეს ახალგაზრდული გუნდი, არამედ ზემოხსენებული პრინციპით. ამაში ივანიშვილის დადანაშაულება გამიჭირდება, რადგან 2016 წლის საპარლამენტო სიის დაკომპლექტებაში დიდად არ მონაწილეობდა.

რაც შეეხება დაპირისპირების სიმწვავეს, მათ იმაზე მეტი ძალაუფლების ხელში აღება მოინდომეს, ვიდრე აწევა შეეძლოთ. ძალაუფლების ფლობა უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და პოლიტიკის ნიუანსების ცოდნას. სამწუხაროდ, გუნდი, რომელმაც ეს იკისრა, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც გათვითცნობიერებულია პოლიტიკაში.

ეს არის არსებული დაპირისპირების ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. მეორე მიზეზი ის არის, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა, რომელზეც "ძველებმა" 2012 წლამდეც და მერეც საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა დააფუძნეს, მეათეხარისხოვნად გამოცხადდა, თანაც ისე, რომ ამ მიმართულებით დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებელი ისევ "ძველები" ხდებოდნენ.

მაგალითად, ავიღოთ მოსამართლეების თემა, რომელზეც კამათი დღეს არ დაწყებულა. მართალია, ეს ამბავი არ გამოდიოდა პარლამენტის კედლებს გარეთ, მაგრამ საქმეში ჩახედულებმა ხომ იცოდნენ, რომ დაპირისპირება არსებობდა. ამ იდეას, რომ შენარჩუნებულიყვნენ ოდიოზური მოსამართლეები, ატარებდა "ახლების" ჯგუფი და ამისთვის ილანძღებოდნენ "ძველები", სხვათა შორის, ივანიშვილის ჩათვლით.

- ამ საკითხზე ივანიშვილის პოზიცია გაურკვეველია, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე კი მინდა გასაანალიზებლად საკითხი ასე დავსვათ: გასული წლის გაზაფხულზე გამოაშკარავებული პარტიული კრიზისის შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და თქვა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო პარტიაში არსებული პრობლემები. გავიდა ექვს თვეზე მეტი და აშკარაა, რომ მან ამ პრობლემებს ვერ მოუარა. როგორ ფიქრობთ, რატომ? არის კი ის დღეს პარტიის რეალური მმართველი და ლიდერი? - რეალურად მმართველი კი არის, თუმცა მართვა ერთია და მეორე - მართვის შედეგი. სწორედ შედეგის თვალსაზრისით არის აშკარად პრობლემები.

გავანებოთ მოსამართლეების თემას თავი და გავიხსენოთ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის საკითხი, რომელიც ისევ გააქტიურდა ბოლო დღეებში. კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, უმრავლესობის ბოლო სხდომაზე ივანიშვილმა ამ საკითხზე ილაპარაკა. ერთხელ, თუ არ ვცდები, თქვენთან ინტერვიუში, ვთქვი, რომ ამაში პრობლემა და უბედურება არაფერია, ოღონდ დალაგებულ და ნორმალურ ქვეყანაში-მეთქი. სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციით მართლაც დიდი ფული იშოვეს კანადასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ოღონდ, ვიმეორებ, ეს შეიძლება გაკეთდეს დალაგებულ და მოწესრიგებულ ქვეყანაში, სადაც კანონი მთავარია და სამართლიანობა აყვანილია უზენაეს ხარისხში, რასაც საქართველოზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. გარდა ამისა, ჩვენთან პრობლემად იქცა ისიც, რომ საკითხი არ იყო მომზადებული და ისე მიაწოდეს საზოგადოებას. ამის მომზადება უპირველესად იყო პარლამენტის, მთელი ხელისუფლებისა და მათი პიარჯგუფების საქმე. როგორც ვიცი, უმრავლესობის სხდომაზე ეს საკითხი ივანიშვილმა სწორედ ცუდად გაკეთებული საქმის მაგალითად მოიყვანა. მან სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელობას უსაყვედურა.

- დავუბრუნდეთ "ქართული ოცნების" მართვაში არსებულ პრობლემებს... - საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მიჩვეულია ბიზნესსტრუქტურების მართვას, არადა, ბიზნესი სხვაა და პოლიტიკა - სხვა.

ბიზნესსაქმიანობისას მენეჯერი, რომელიც ვერ ასრულებს კონკრეტულ დავალებას, შეგიძლია სამსახურიდან უაპელაციოდ გაათავისუფლო და მოიყვანო ის, რომელიც შედეგს მოგიტანს, ოღონდ შედეგის მოტანას მუდმივად ვერ დააკვირდები, ამისთვის დრო არც გეყოფა. პოლიტიკაში ასე არ ხდება - პოლიტიკა მუდმივად ცვალებადია, მენეჯერის იმედზე ვერ იქნები, კონკრეტული პოლიტიკოსის გამოცდილების, ერუდიციისა და გონიერების იმედზე უნდა იყო. აი, ამიტომაც არის, რომ ივანიშვილი მართვით კი მართავს, მაგრამ შედეგს ვერ იღებს, რადგან პრობლემა მართვის პრინციპშია. სწორედ პრინციპია მცდარი, არ შეიძლება პოლიტიკას ბიზნესის წესებით მიუდგე.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ნამდვილად არ სურს ამ პარტიის დაშლა და მარცხი, მაგრამ უნებურად სწორედ ამას უწყობს ხელს. მისი შეცდომაა ისიც, რომ ამ ტიპის ხალხს დაეყრდნო.

- ექსპერტთა ნაწილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. - როცა წავიდა პრემიერობიდან, ვთქვი, მან პასუხისმგებლობას თავი აარიდა-მეთქი, რის მერეც, თუ გახსოვთ, სატელევიზიო ეთერში მე და ივანიშვილმა ვიკამათეთ კიდეც. ახლა ასე კატეგორიულად აღარ ვფიქრობ - თუ დაბრუნდება, არ იქნება ცუდი, თუ არა და, არც ეს იქნება კატასტროფა, თუ, ბოლოს და ბოლოს, დაინახავს შექმნილი რეალობის მთელ სიმწვავეს და სწორ გადაწყვეტილებებს თუნდაც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მიიღებს. დღეს ისეთი რთული ვითარებაა, რომ მხოლოდ ივანიშვილის დაბრუნება-არდაბრუნებაში არ არის საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საკადრო პოლიტიკა, სწორი ცვლილებები და იმ დაპირებების შესრულება, რომლებიც გასცა, თუნდაც გასული წლის დეკემბერში.

- ეკა ბესელიას დემარში დაუკავშირდა მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მისი გადაყენება ჯერ კიდევ აგვისტოში იყო გადაწყვეტილი. - ეკა ბესელია ნამდვილად იყო ე.წ. ძველების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. შესაბამისად, ნამდვილად ხილულია იმის საფუძველი, რომ შესაძლოა "ქართულ ოცნებაში" დანაწევრების პროცესი წავიდეს. ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, ეს არ დაუშვას, თუ სხვა რამ ჩანაფიქრი არა აქვს. ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან დაიკარგება დიდი ენერგია, ძალა და 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსი. თუ ბესელიამ, ფოფხაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა მართლაც შექმნეს ფრაქცია, ის შეიძლება ხალხმრავალი არ იყოს, მაგრამ აუცილებლად იქნება ქმედითი და აქტიური. გარდა ამისა, დაიწყება გაუთავებლად ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, კომპრომატების ფრიალი. ირაკლი კობახიძე კი ამბობს, ეკა ბესელია რომ უნდა წასულიყო, აგვისტოში ვიცოდიო, მაგრამ მარტო მან იცოდა?!

მინიშნებები არის კიდევ კორუფციულ გარიგებებზე... უკაცრავად, თუ მართლა არსებობდა ასეთი გადაცდომები, რას ელოდებოდნენ, ან ახლა რატომ არ ამბობენ კონკრეტულად, რა და როგორ იყო, რატომ არ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, რომ გამოიძიონ, ასეთი ფაქტები თუ არსებობს?! ეს ყველაფერი ჭორაობას ჰგავს. თუ რამე გადაცდომა ჰქონდა ეკა ბესელიას და ეს იცოდნენ, რატომ დუმდნენ?!

ერთი რამ ცხადია: ეკა ბესელიამ შექმნილი ვითარება ძალიან სწორად გააანალიზა და პოლიტიკურად სრულიად გამართლებული ნაბიჯი გადადგა. ის, რომ მოსამართლეების თაობაზე დავა პარლამენტში დიდი ხანია მიმდინარეობს, ეს ვიცოდი. დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები წარადგინეს, ეს იყო მართლაც ბოლო წვეთი პარლამენტართა ნაწილისა და საზოგადოებისთვისაც...

აქამდეც ვხედავდით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ ეფერებოდა ზოგიერთ ისეთ მოსამართლეს, რომლებსაც უდიდესი დამსახურება აქვთ სააკაშვილის რეჟიმის წინაშე. არადა, ამ ხალხს დანაშაული აქვს ჩადენილი. "ოცნების" წევრები გამოდიოდნენ, ხალხს ცხრაწლიან რეჟიმზე ელაპარაკებოდნენ, პარალელურად კი იმ რეჟიმის მსახური მოსამართლეები, რომელთაც სამარცხვინო განაჩენები გამოიტანეს, რაც საერთაშორისო სასამართლოებში უკანონოდ შეფასდა, "ქართული ოცნების" ვითომ რეფორმირებულ სასამართლო სისტემას ქმნიან.

- კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, ლამის ისე ჩანს, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილია ამ მოსამართლეების ლობისტი, მხარდამჭერი და უვადოდ მათ დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს... - პოლიტიკას ახასიათებს ერთგვარი ცინიზმი, რაც არასწორია, მაგრამ ეს მარტო ჩვენთან კი არ ხდება, საზოგადოდ პოლიტიკის თანმდევია. მამა-ბუშის ცნობილ გამონათქვამს გავიხსენებ: ის გარეწარია, მაგრამ ჩვენი გარეწარიო...

ზოგიერთი პირი, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი, მიზეზთა გამო სჭირდება დღევანდელ ხელისუფლებAას - ამ ხალხით მანიპულირება ადვილია, ისინი ყველა ხელისუფლებას ემსახურებიან და ამისთვის ყველაფერზე წავლენ. ვიმეორებ: არასწორია, მაგრამ ასეთ ადამიანებს იყენებენ, თუმცა არ შეიძლება ისინი ბაირაღად და სამართლიანობის სიმბოლოდ წარმოგვიდგინონ.

მოვლენების ლოგიკა ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ერთი ჯგუფი ფიქრობდნენ, ამ მოსამართლეებს გარკვეული დოზით გამოიყენებდნენ. ხატოვნად რომ ვთქვათ, მათ მცირედ გაუხსნეს კარი, მაგრამ ამ ხალხმა ეს კარი ჩამოგლიჯა და მთელი სისტემის დაპატრონებას ცდილობს.

მათ გზა და ასპარეზი განსაკუთრებით პარლამენტის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გაუხსნა.

ზუსტად ვიცი, ვინ იყო ის ხალხი, ვინც არწმუნებდა ბიძინა ივანიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ იქნებაო. ასევე მოხდა უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზეც, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა იკითხა, მოსამართლეობის ამ კანდიდატებს წინააღმდეგობა ხომ არ შეხვდებათო, ზოგიერთმა თავი გადაიკლა, ყველაფერი მოგვარებულია და პრობლემა არ იქნებაო. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილს უხსნიდნენ, ესა და ეს კაცი შეიძლება ცუდია, დამნაშავეც არის, მაგრამ საჭიროა ამაში, ამაში და ამაშიო.

იცით, "ქართულ ოცნებაში" რა ვერ გაიგეს კარგად? - რომ ამ მოსამართლეებისთვის ჩაბარებული სასამართლო სისტემა თავად მათ წინააღმდეგ ამოქმედდება და უდიდეს პრობლემებს შეუქმნის.

რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება, იუსტიციის საბჭოთი დაწყებული და უზენაესი სასამართლოთი დამთავრებული, ფაქტობრივად, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს კონკრეტული პირების კარგად გააზრებული, დაგეგმილი ნამუშევარია და კეთდება იმისთვის, რომ თუ მთლიანად ხელისუფლება ვერ ჩაიგდეს, მისი ერთი შტო მაინც ჩაიგდონ ხელში, სასამართლო სისტემის გაკონტროლებას კი რა შეუძლია და როგორ შეიძლება იქცეს ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის, არეულობისა და საბოლოოდ ხელისუფლების ცვლილების საფუძველი, არა მგონია, ასე რთული გასააზრებელი იყოს.

დღეს ეს მოსამართლეები ემსახურებიან ხელისუფლებას, მაგრამ პარალელურად სულ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებენ მასზე. ვფიქრობ, ეს პროცესი კარგად გამოიყენა "ნაციონალური მოძრაობის" მოაზროვნე გუნდმა და საბოლოოდ გვაქვს შედეგიც - სისტემას დღეს იუსტიციის საბჭო მართავს. ეს არის მათი მზადება მომავლისთვის. საბოლოოდ ეს ყველაფერი "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

- გამოდის, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სწორად ვერ აფასებს. - ივანიშვილიც და ზოგადად, ხელისუფლებაც ვერ აფასებს.

- პირველი ტურის შემდეგ მოვისმინეთ ივანიშვილის ინტერვიუ, რომელშიც აღიარა, რომ ტყუილის მსხვერპლი შეიქნა, ახსენა გაყალბებული სოციოლოგიური გამოკვლევებიც და ა.შ. თქვა, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს აპირებდა, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. როგორ ფიქრობთ, იმ პირებისგან მაინც თუ მოახერხა გათავისუფლება, რომლებიც, თვითონვე აღიარა, რომ ატყუებდნენ... - არა. ის ადამიანები ძალიან კარგად ორგანიზებული არიან და იციან, როგორც უნდა მოიქცნენ. ამ ორიოდე დღის წინ წავიკითხე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, მე ბიძინა ივანიშვილს ხშირად ვეკამათები, ეს დემოკრატიული პროცესიაო. ეს კარგია, მაგრამ რომ დავუკვირდეთ, ეს პოლიტიკოსი საერთოდ გარიყულია გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან და განსაკუთრებული ფუნქციის გარეშეა პარლამენტში დარჩენილი. ის ჯგუფი კი, რომელზეც ვლაპარაკობთ, არასდროს ეკამათება ბიძინა ივანიშვილს. ისინი მის მოწოდებას, რჩევას თუ დავალებას სიტყვის შეუბრუნებლად იღებენ, თუმცა ცუდად ასრულებენ, ან ისე, როგორც აწყობთ. ხომ აშკარაა, რომ სასამართლოსთან ურთიერთობა თავის თავზე აიღო რამდენიმე დეპუტატმა. როგორ აკეთებენ ისე, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური, ეს ცნობილ ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, ისინი ორ ფრონტზე ერთდროულად იბრძოდნენ... პირველ რიგში ივანიშვილი უნდა გათავისუფლდეს თავისი გარემოცვის იმ წევრებისგან, რომლებიც ატყუებენ და მხოლოდ მაამებლობით არიან დაკავებულები.

- რას გულისხმობთ? - არსებობს ერთი ცნობილი ტერმინი - გავლენის აგენტი. იგულისხმება ადამიანი, რომელიც გგონია, რომ შენიანია, მაგრამ სხვის დავალებებს ასრულებს, ან საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, თანაც ახერხებს და შენი სახელით ოპერირებს. თუ ამ ტექნოლოგიას კარგად იცნობს და გონიერიცაა, ასე დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში არიან ჯგუფები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციას ხელოვნურად აღვივებენ.

- გამოდის, ბიძინა ივანიშვილი თვითონ უწყობს ხელს თავის გარშემო მაამებელთა თავმოყრას. - სამწუხაროდ, მაამებლები ივანიშვილის გარემოცვაში გაცილებით კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლია,

ოღონდ ეს აზრი უნდა იყოს კარგად არგუმენტირებული. მას უყვარს არგუმენტები. პირადად შევსწრებივარ ასეთ პროცესებსა და დიდ კამათებსაც. დღეს კი მის გარშემო თავმოყრილ პირებს არგუმენტები არ სჭირდებათ. როცა გამუდმებით გიმტკიცებენ, რომ მართალი ხარ, ალბათ, იჯერებ, ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილიც ადამიანია.

- ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კარგად ეხერხება შიდასაპარლამენტო ინტრიგების მართვა... - მეეჭვება, ირაკლი კობახიძე ამას ახერხებდეს. ვფიქრობ, ამით სხვები არიან დაკავებული, ისინი ხლართავენ ინტრიგებს, საბოლოოდ კი ყველაფერს კობახიძეს ახმოვანებინებენ. ირაკლი კობახიძე გონიერი კაცია, მაგრამ პოლიტიკურად გამოუცდელია. მისი დანიშვნა პარლამენტის თავმჯდომარედ ძალიან ნაადრევი იყო.