"დიახ, მე დავურეკე გედი ფოფხაძეს, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"დიახ, მე დავურეკე გედი ფოფხაძეს, თუმცა..."

"ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მთავარ პრინციპს - სასამართლოს პროგრესს. ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ პრობლემები იმიტომ, რომ სასამართლოში აუცილებელზე სამჯერ ნაკლები მოსამართლეა"

"იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხის განხილვის დღეს ჯერ აჩიკო თალაკვაძემ დამირეკა, შემდეგ მამუკა მდინარაძემ, ერთი თხოვნით: "გედი, დღეს რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, რომ კომენტარი არ გააკეთოო" - განაცხადა ინტერვიუში იურიდიული კომიტეტიდან გაწვეულმა უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ. "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესთან ინტერვიუ ამ თემით დავიწყეთ.

- რატომ დაურეკეთ გედი ფოფხაძეს თქვენ და არჩილ თალაკვაძემ და რატომ ურჩიეთ კომენტარისგან თავის შეკავება? განსხვავებული აზრი ვინმეს დისკომფორტს უქმნის გუნდში?

- გედიმ მართალი თქვა. სანამ იუსტიციის საბჭო სიას წარმოადგენდა, ჩვენ გუნდის წევრებს დავურეკეთ და ვუთხარით, ვნახოთ, ვის დაასახელებენ და შემდეგ დავსახოთ საერთო პოზიცია-მეთქი. ჩვენ ასეთ რაღაცას თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ, გააჩნია, რა ხდება, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

შეხედულებების შეთანხმება არის ერთ-ერთი მთავარი თვისება, რაც გუნდს უნდა ახასიათებდეს. ამიტომ, როგორც კი გავიგეთ, რომ იუსტიციის საბჭო აპირებდა მოსამართლეების ვინაობის დასახელებას, გედისაც ვუთხარი და არაერთსაც, რომ სანამ არ გავერკვევით და არ ჩამოვყალიბდებით, კომენტარს ნუ გავაკეთებთ-მეთქი.

- ჯერ არ იცოდით, ვინ იქნებოდნენ მოსამართლეობის კანდიდატები? - არა, მე გედისგან გავიგე მათი გვარები. მითხრა, მე ვეკონტაქტები ანა დოლიძეს და გავიგე, ესა და ეს კანდიდატურები იქნებიან და ისინი ჩემთვის მიუღებელიაო.

- ფოფხაძის თქმით, გუნდმა იცოდა მისი კრიტიკული დამოკიდებულება ამ მოსამართლეების მიმართ. იქნებ თქვენი ზარის ქვეტექსტი გაჩუმება იყო? - არა, ასე არ არის. მე ისიც არ ვიცი, აჩიკომაც დაურეკა თუ არა. გედის გარდა, სხვებსაც ველაპარაკე. კრიტიკული იყო თუ არა მისი პოზიცია, არ ჰქონდა მნიშვნელობა. შეიძლება გუნდსა და საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყოლოდა იმას, რომ ჩვენ ასეთ სენსიტიურ საკითხზე სხვადასხვა პოზიცია გვაქვს, ამიტომ ჯერ უნდა შევთანხმებულიყავით და შემდეგ გაგვეხმაურებინა.

ვიცი, რომ გედის კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა ბევრი მოსამართლის მიმართ, მაგრამ ჩემი ზარი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გაჩუმებისკენ მოწოდებას. როგორ უნდა გააჩუმო დეპუტატი, ვის წარმოუდგენია, ვინმემ დაურეკოს და გაჩუმება მოსთხოვოს, ან რატომ უნდა გაჩუმდეს? ვინმემ იცის, მე პირადად რა აზრი მაქვს ამ საკითხზე?

- საინტერესოა თქვენი აზრიც, რა თქმა უნდა... - მე ამ დღეებში დასმულ ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. ჯერჯერობით კონკრეტულ პერსონებზე მსჯელობა არასწორი იქნება. როდესაც გუნდში ჯერ განხილვა არ დაწყებულა, არ მინდა ჩემი შეხედულების გახმაურება, რათა ამან შედეგზე არ იმოქმედოს. იცით, ჩემი პოზიცია როგორია? - სასამართლოს დამოუკიდებლობას, პროგრესს ხელი არავინ უნდა შეუშალოს, არავინ უნდა ჩაერიოს. ეს არის მთავარი პრინციპი. "ქართული ოცნების" მთავარი მიღწევაც ის არის, რომ სასამართლო აბსოლუტურად განსხვავებულია, შედარებაც კი შეურაცხმყოფელია იმასთან, რაც 2012 წლამდე იყო. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი და მეორეხარისხოვნად არ უნდა ჩავთვალოთ ის, რომ ნაცვლად 28-ისა, უზენაესში 10 მოსამართლეა და აქედან სისხლის სამართლის კოლეგიაში ერთადერთი მოსამართლეა. წარმოიდგინეთ, რამდენი მოქალაქის ბედზე შეიძლება აისახოს ეს ნეგატიურად: ვინც ციხეშია, ვინც განაჩენს ელის, საჩივარზე პასუხს ელოდება. ერთი მხრივ, თუ საზოგადოებას ამ საკითხზე კითხვები აქვს, ჩვენი ვალია სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მეორე მხრივ, უნდა დავეხმაროთ სასამართლოს ამ კოლაფსიდან გამოსვლაში. ამიტომ გადაწყვიტა პარლამენტმა, რომ ფორსირებულად გადაწყვეტილიყო ეს საკითხი.

- რასაც სწორედ მოწინააღმდეგეების პრეტენზიებიც მოჰყვა, რომ დრო არ მიეცათ საკითხის სიღრმისეულად განსახილველად. - ყველა ლიდერი ამბობდა, თუ პარლამენტი ჩათვლის, რომ ესა თუ ის პირი მოსამართლედ არ უნდა შეირჩეს, ამაზე ვიმსჯელოთო. მიუხედავად უზენაეს სასამართლოში ურთულესი მდგომარეობისა, ჩვენ საკუთარი თავისთვისა და პარლამენტარებისთვისაც უნდა მიგვეცა საშუალება, უფრო დეტალურად შეგვესწავლა ეს საკითხი. ამიტომაც გადავწყვიტეთ გადადება.

- ისე, იყავით თუ არა ამ სიის მომხრე? როგორი დამოკიდებულება გაგიჩნდათ, როცა კანდიდატურებს გაეცანით? - არც მისულა საქმე იქამდე, რომ ვინმეს მხარი დაეჭირა ან არა რომელიმე პერსონისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ვარ, როცა რომელიმე კონკრეტულ კანდიდატურაზე მეკითხებოდნენ, არც ერთზე წინასწარ აზრი არ გამომითქვამს, იმიტომ, რომ ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია თავისი აზრით გავლენა არ მოახდინოს თუნდაც ერთი დეპუტატის გადაწყვეტილებაზე. არ შეიძლება ნებისმიერ ორგანოში წარდგენილ კანდიდატზე ვთქვა, მე ეს მომწონს ან არა-მეთქი. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ თითოეულ პირზე ინდივიდუალურად და უდიდესი შეცდომა იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ან ის სია მიუღებელია. სხვა შემთხვევაში საზოგადოებას მიეწოდება არასწორი ინფორმაცია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მთავარ პრინციპს - სასამართლოს პროგრესს. ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ პრობლემები იმიტომ, რომ სასამართლოში აუცილებელზე სამჯერ ნაკლები მოსამართლეა. ეს ორი ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ და პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ცუდად ისმება კითხვა:- "ამ 10 კაცს მხარს უჭერთ?" როგორ შეიძლება ეს იკითხო? შეიძლება ერთს უჭერდე მხარს და მეორეს - არა. ამიტომ ვიმეორებ: მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭომ ეს სია წარმოადგინა, არც ერთი მომენტი არ ყოფილა, რომ სახელებსა და გვარებზე ყოფილიყო მსჯელობა. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, დაჩქარებულ რეჟიმში უნდა განხილულიყო თუ არა ეს საკითხი. საბოლოოდ, გუნდის გადაწყვეტილება იყო უარი.

- ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ ჯერ არ გამოუთქვამს აზრი ამ მნიშვნელოვან საკითხზე. - ბატონი ბიძინაც ზუსტად იმ აზრზეა, რაზეც გუნდის უმრავლესობა, პარტიის ხელმძღვანელები და სხვა ლიდერები - სასამართლოში კოლაფსი არ უნდა შეიქმნას და უნდა მივეხმაროთ, რომ უფრო გაძლიერდეს, უფრო დამოუკიდებელი გახდეს; რომ მომავალში, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არავინ გაბედოს და სასამართლოს დამოუკიდებლობას შეეხოს. ეს არის პარტიის ლიდერების, გუნდისა და უმრავლესობის დამოკიდებულება.

- ამ ყველაფერს ბესელიას თანამდებობის დატოვება და გედი ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა მოჰყვა. ფოფხაძე ამას თავის განსხვავებულ პოზიციას უკავშირებს, ბესელია მის დასჯად აღიქვამს. კიდევ არის სხვა მიზეზი? რატომ თქვით, შეგვეძლო უფრო ხისტიც ვყოფილიყავითო? - ჩვენ მივიღეთ ყველაზე მსუბუქი გადაწყვეტილება, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხი იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის ნამოქმედარზე. ეს არის პარტიის შიდა წესი, რომელიც არასდროს დარღვეულა - საპარლამენტო თანამდებობის პირი გუნდის წევრებთან შეუთანხმებლად არც არჩეულა და არც შერჩეულა.

გედევან ფოფხაძის კანდიდატურა გუნდის წევრებსა და ლიდერებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამით მთავარი პრინციპი დაირღვა, და მეორე - რეგლამენტის ნორმების სხვაგვარი ინტერპრეტირება მოხდა. ეს იყო გუნდთან შეუთანხმებლობა და პროცედურის დარღვევა.

ჩვენ არ გვინდოდა რადიკალურ ზომებზე გადასვლა. ჩვენ გუნდის ყველა წევრს ვუფრთხილდებით, ბოლო მომენტამდე შევეცდებით მათ შენარჩუნებას, მით უმეტეს, იმ ხალხის, ვისაც დიდი დამსახურება აქვს გუნდში.

- ანუ ეკა ბესელიასა და გედი ფოფხაძის პარტიიდან გარიცხვას არ აპირებთ... - ამაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. ჩვენ ვთქვით, რომ შევარჩიეთ ყველაზე რბილი ფორმა და თავად გედევან ფოფხაძესაც მოვუხსენით უხერხულობა, გამოვიწვიეთ კომიტეტიდან.