"ეს გუნდურობა კი არა, სადომაზოხისტური ურთიერთობებია" - კვირის პალიტრა

"ეს გუნდურობა კი არა, სადომაზოხისტური ურთიერთობებია"

"როდესაც საჯაროდ ვერავინ ამბობს, რომ ჩინჩალაძე ცუდია, მათთან ერთად რაიმეს კეთება უკვე საეჭვოდ მიმაჩნია"

პარტია "ქართულ ოცნებაში" კონფლიქტი სააშკარაოზე გამოვიდა, - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ, ეკა ბესელიამ ყველაფერი იღონა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა მის კოლეგასა და მეგობარს, გედევან ფოფხაძეს დაეკავებინა, თუმცა უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, გადაწყვიტეს, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაეწვიათ.

ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და მათი კიდევ რამდენიმე თანამოაზრე გაიზიარებენ თუ არა პარტიიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძის ბედს, უახლოეს მომავალში გაირკვევა, მაგრამ პარლამენტში რომ ახალი ფრაქციის შექმნისთვის ემზადებიან, ამას დავით ჭიჭინაძე არ უარყოფს და ახლა კოლეგების გადაწყვეტილებას ელოდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს ანრი ოხანაშვილი, რომელიც ბესელიასთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრია. თავად ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოზიციას ჯერჯერობით საჯაროდ არ აფიქსირებს, დუმილს ამჯობინებს.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქციის დახურულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარეს არწმუნებდა, რომ პრობლემა არ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის ამ ფორმითა და ტემპით მოგვარება, ბიძინა ივანიშვილმა კი მხოლოდ საკანონმდებლო დეტალები მოიკითხა, რაზეც კობახიძემ უთხრა, რომ კანონი არ დაირღვევა.

ირაკლი კობახიძის ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიას გადაყენების საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ აგვისტოში დადგა და მას პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა უნდა დაეკავებინა.

თავად გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ როდესაც იუსტიციის საბჭო იკრიბებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევად, მამუკა მდინარაძემ და არჩილ თალაკვაძემ მას დაურეკეს და იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე მოსაზრების დაფიქსირებისგან თავის შეკავება სთხოვეს.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე კომიტეტიდან გაწვევას მოსამართლეების საკითხსა და განსხვავებულ პოზიციას უკავშირებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას აზრით კი, ფოფხაძე დასაჯეს.

გედევან ფოფხაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

- არა მაქვს იმისი შიში, არიქა, კომიტეტში თუ არ გვექნება მყარი პოზიციები, ამის გამო ამ პროცესებზე ზეგავლენას ვერ მოვახდენთ-მეთქი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ნდობა მოიმატებდა, თუ იქ დომინანტი ის პირები იქნებოდნენ, რომლებიც თავიდანვე ამ პროცესის სხვანაირად წარმართვის მომხრენი იყვნენ. ვგულისხმობ ეკას, ლევანს და ჩემს თავსაც. მთავარი იყო განხილვის ვადები და პროცედურები. ბოლოს და ბოლოს, საკმარისი დრო და სივრცე იქნებოდა ამ საკითხის განხილვისა და იმისთვის, რომ დეპუტატებს ამ კანდიდატებისთვის მხარი არ დაეჭირათ, მაგრამ, როდესაც ყველაფერი ასე ფორსირებულად ხდება, უკვე საეჭვოა. როდესაც საჯაროდ ვერავინ ამბობს, რომ ჩინჩალაძე ცუდია, მათთან ერთად რაიმეს კეთება უკვე საეჭვოდ მიმაჩნია.

ვიღაცებს ჩინჩალაძე უნდათ და ამიტომ ცუდი არაფერი ვთქვათო, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტანდარტს ფსკერზე ვწევთ.

უზენაეს სასამართლოში კარგი კი არა, ძალიან კარგი და მაღალი კვალიფიკაციის იურისტები უნდა შევიყვანოთ.

- მართლა განსხვავებული პოზიციისა და გუნდთან შეუთანხმებლობის გამო დაისაჯეთ, თუ არის სხვა მოტივიც? - ეკას, ლევანის და ჩემი, ასევე ბევრის პოზიცია, უმრავლესობასთან თანხვედრაშია და უკავშირდება იმას, რომ სასამართლოს მესამე რგოლი არ შეიძლება ხელში ჩაუვარდეს სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათ მოსამართლეებს. დღეს ეს არის მთავარი, ჩემი დასჯა კი არა. ის, რომ ჩემი პოზიცია სასამართლოს საკითხზე ვიღაცას არ მოსწონს და ამიტომ არ უნდათ იურიდიულ კომიტეტში ჩემი ყოფნა, გასაგებია, თორემ მე ამ კომიტეტში წინა მოწვევის პარლამენტის დროსაც ვიყავი და კომიტეტიდან ჩემი გაძევების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მოსამართლეების თემა თუ სადავო იყო, მაშინ ამაზე კომიტეტში შიდაორგანიზაციულად უნდა გვედავა.

ჩემი პოზიცია შეიძლება არაპოპულარულია და ვიღაცამ მისაყვედუროს, მაგრამ ჩემთვის ეს ერთადერთი სწორი პოზიციაა - სასამართლოში ღირსეული ადამიანები უნდა გავამწესოთ.

- გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე და მისი ჯგუფი ლობირებენ მოსამართლეთა სიას. რაში აწყობთ მათ საეჭვო წარსულისა და რეპუტაციის მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში? - ვინაიდან ისინი ამ საკითხის ფორსირებულად განხილვის მომხრენი იყვნენ და არც სიაში არსებულ პირებზე გამოუთქვამთ კრიტიკული მოსაზრებები, იმაზე მეტყველებს, რომ ჯალათ მოსამართლეებს უჭერენ მხარს. თუმცა ბოლოს ანგარიში მაინც გაუწიეს იმას, რომ ეკა კომიტეტის სხდომებს არ ატარებდა და ბევრი დეპუტატიც წინააღმდეგი იყო. ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, თორემ ის, რომ საკითხის გადავადება დაკავშირებულია ეკას და სხვების პოზიციასთან, აშკარაა. მოსამართლეობის კანდიდატებ=ს კობახიძის ჯგუფი რაღაც დოზით ისედაც ლობირებდა, ეს ცხადი იყო, უბრალოდ, შემდეგ ამაზე კამათი დაიწყო. ვისაც ამ საკითხზე განსხვავებული აზრი გვქონდა, პარტიის ოფისში შევიკრიბეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. იმის მტკიცებას თუ დაიწყებენ, კანდიდატურები ჩვენც დიდად არ მოგვწონდაო, ტყუილი იქნება. თუ სია სესიაზე გავიდოდა, აუცილებლად დაუჭერდნენ მხარს. ლაპარაკი იყო იმაზე, ვისაც გინდათ, იმას დაუჭირეთ მხარი, მთავარია, სია გავიდესო. ეკა ძალიან პრინციპული იყო და ამბობდა, სულაც იდეალური რომ იყოს, ამ ფორმით და ტემპით არ შეიძლება მისი გატანაო. თვითონ კობახიძემ და მისმა მომხრეებმა თქვან, რაში აწყობთ ასეთი პირები. ისინი არ ამბობენ, რომ ჩინჩალაძე ცუდია, ჩემ მიმართ კი მკაცრი ზომების გატარება მოინდომეს.

- ფრაქციის სხდომაზე კობახიძე ბიძინა ივანიშვილსაც არწმუნებდა, რომ პრობლემა არ იქნებოდა, თუ სია დამტკიცდებოდა?

- არწმუნებდა, დაჩქარებული პროცედურები პრობლემა არ იქნებაო.

კობახიძეს კანდიდატებზე ცუდი არაფერი დასცდენია და, რა თქმა უნდა, მომხრე იყო. გვაქვს ამის თქმის საფუძველი, გუნდის ეს ნაწილი რომ ამ სიით უკმაყოფილო არ იყო, აშკარაა.

- კობახიძემ ბესელიაზე თქვა, გუნდური თამაშის წესები დაარღვიაო. რა იგულისხმა და რას ითვალისწინებს თქვენი გუნდური პრინციპები? - ვერ გაგვიგია, რას გვიკიჟინებენ, რა არის ეს გუნდურობა, რა სტანდარტია, რა ხილი, რამე დაწერილი წესების ნუსხაა და იმითი უნდა ვიხელმძღვანელოთ?

თუ, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ის, რაც მათ არ უნდათ, ისინი კი ყველაფერს უბერავენ, როცა უნდათ?!

ახლა რომ კითხვას მისვამთ, რომ გითხრათ, მდინარაძეს დავურეკავ და იმას ვკითხავ, რა გიპასუხოთო, ამის მერე ისევ დამირეკავთ? რა რესპონდენტი გამოვდივარ, თურმე სუფლიორი მყავს და ის მკარნახობს.

იცით, კობახიძე რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას? სტანდარტი დაგვიდგინეს ასეთი: მე რასაც მინდა, იმას ვიტყვი და ის თუ რამეს მიპასუხებს, ეს არაგუნდური იქნება. ხელები გაგვიკოჭე და თავში ჯოხს მირტყამ - ასეთი სტანდარტი დაგვიდგინეს და ეს გუნდურობაა?! ეს სადომაზოხისტური ურთიერთობებია და ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.

- კომიტეტის თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატად ანრი ოხანაშვილი მოიაზრება. აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ პოსტზე? - პრინციპული მნიშვნელობა აქვს არა იმას, ვინ გახდება თავმჯდომარე, არამედ იმას, ვინც გახდება, იმას რა პოზიცია ექნება მოსამართლეების საკითხზე - კონიუნქტურას დაიცავს თუ ხალხის ინტერესებს. ხალხის ინტერესი ის არის, რომ უზენაეს სასამართლოში არ მოხვდნენ ცუდი მოსამართლეები.

- ამ განაჩენის შემდეგ დარჩებით თუ არა თქვენ და ეკა ბესელია უმრავლესობაში? - ჩვენმა პრობლემებმა და დაპირისპირებამ მოსამართლეთა შერჩევის თემა არ უნდა მიჩქმალოს. გუნდში ვიქნებით თუ არა, მთავარია მოსამართლეების შერჩევა. ჩინჩალაძეებისა და მურუსიძეების დანიშვნა კატასტროფა იქნება. ეს გუნდის დანაპირები არ ყოფილა და ქართველი ხალხისა და სინდისის წინაშე მართლები არ ვიქნებით.

- უშვებთ ალბათობას, ფრაქციიდანაც რომ გაგრიცხონ? - მაინც მივიღებ ამ პროცესებში მონაწილეობას და ბოლომდე ვიბრძოლებ ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი მართლმსაჯულება უნდა გადავარჩინოთ, სასამართლო სისტემა დავიცვათ იმ ნეგატიური პროცესისგან, რომელიც იწყებოდა. ამაში უნდა შევამხანაგდეთ და არ უნდა დავიწყოთ იმის გარკვევა, ბესელიას რა მოტივაცია აქვს და ფოფხაძეს - რა.

- ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ არ გამოუხატავს აზრი ამ საკითხზე. გეცოდინებათ, მისი პოზიცია თუ ემთხვევა კობახიძისას... - ბატონმა ბიძინამ თავისი აზრი თვითონ უნდა დააფიქსიროს საჯაროდ. ძალიან მინდა, რომ არ გააწბილოს ქართველი საზოგადოება და სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეებს არ ჩააბაროს მესამე ინსტანციის სასამართლო.