თინა ხიდაშელი: "ოცნების" დაშლა გარდაუვალია" - კვირის პალიტრა

თინა ხიდაშელი: "ოცნების" დაშლა გარდაუვალია"

"ივანიშვილს ჰყავდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც კრიზისის განმუხტვის პოტენციალი ჰქონდა - გიორგი კვირიკაშვილი"

"ქართული ოცნების" დაშლას გარდაუვალად მიიჩნევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

- "ქართულ ოცნებაში" არავითარი დაჯგუფება არ არსებობს. როგორც ჩანს, გუნდის ერთ ნაწილს უჩნდება განცდა, რომ ხვალ შეიძლება გემბანის მიღმა აღმოჩნდნენ. ამიტომ საკუთარი თამაში წამოიწყეს, ეს კი არასოდეს ხდება წინააღმდეგობის და დაძაბულობის გარეშე. ვფიქრობ, ახლაც ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

პრინციპებისთვის ბრძოლასთან არ გვაქვს საქმე. ასე რომ იყოს, პრინციპულ ადამიანებს არჩევანი 2015 წელს უნდა გაეკეთებინათ, რადგან მურუსიძე, მოსამართლეები და სააკაშვილის სისტემა ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღები ზუსტად იმ დროს აღმოჩნდა. მაშინ ამ ადამიანებს ამ ყველაფერზე პრეტენზია არ ჰქონიათ, დღეს კი უბრალოდ საკუთარი თავის გადარჩენისთვის დაიწყეს ბრძოლა.

- ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გემბანის მიღმა?

- "ოცნებაში" არიან პირები, რომელთა ინტერესები პერიოდულად ერთმანეთს ხან ემთხვევა, ხან კი - არა. ამიტომ იწყებენ ერთობლივად რაღაცის კეთებას ან გაფუჭებას და ასე აღმოჩნდებიან რომელიმე მხარეს.

არა მგონია, სერიოზულად ღირდეს ლაპარაკი კობახიძის გუნდსა და მის ლიდერობაზე, ის არ არის ასეთი სერიოზული ფიგურა, ამიტომ მისი გუნდის წევრობა არაფერს ნიშნავს.

- "ქართული ოცნების" დაშლას რამდენად ვარაუდობთ? - ეს მოსალოდნელია. 2016 წელს კოალიციის დაშლა კონკრეტული პროცესის შედეგი იყო. ეგონათ, 2012 წელს გათავისუფლდნენ ე.წ. გარე ელემენტებისგან, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს ყველაზე მთავარი - როცა არა ხარ პოლიტიკური პარტია, არამედ ხარ ძალაუფლებისთვის გაერთიანებული ერთობა, ბრძოლა ასეთ ფორმას იღებს. ასე რომ, "ოცნების" დაშლა გარდაუვალია, მაგრამ საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს შემაკავშირებელი ფაქტორი, როგორც ძალის ცენტრი. ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა უფრო ნაკლები ხარისხით, უფრო მცირემასშტაბიანი და მცირე მოცულობით, ვიდრე სააკაშვილი. ეს არის მათ შორის განსხვავება.

- მიმდინარე პროცესებზე ივანიშვილი კომენტარს არ აკეთებს. - ჩემი აზრით, მას ხელიდან გაექცა მართვის სადავეები. უფრო სწორად, თავად გაიხლართა იმ ქსელში, რომელიც სხვებისთვის მოქარგა, თავისივე დაგებულ მახეში გაება. "ოცნებაში" არავითარი სხვა ლიდერი არ არსებობს. ურჩევნია, თვითონ დაიტოვოს აქედან გამოსავალი, რადგან გუნდში არ არსებობს ადამიანი, რომელიც კრიზისის განმუხტვას შეძლებს. ამიტომ თვითონვე უნდა განმუხტოს ეს ვითარება, არადა, გუნდში ამის პოტენციალი, პოლიტიკური წონა და შესაძლებლობა არავის აქვს. საამისოდ მას ჰყავდა ერთადერთი ადამიანი, ყოფილი პრემიერი, რომელიც საბოლოოდ ამავე მახეში გაება და იძულებული შეიქნა, წასულიყო. ამოიწურა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მისი პოტენციალი.

- გიორგი კვირიკაშვილს გულისხმობთ? - დიახ, კვირიკაშვილს.

- როგორ უნდა გამოვიდეს "ოცნება" ამ კრიზისიდან?

- არ მაინტერესებს, როგორ გამოვა. ყველაზე არასწორი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ივანიშვილისგან მივიღეთ წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ ეს იყო - ის პარტიის კრიზისიდან გამოყვანას დაგვპირდა.

ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ გვაინტერესებს რომელიმე კონკრეტული პარტია როგორ დალაგდება. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ დალაგდება ქვეყანა და როგორ გამოიყვანენ ქვეყანას კრიზისიდან. ეს ამ პარტიით მოხდება, კოალიციის შექმნით, უმრავლესობის დაშლით თუ რიგგარეშე არჩევნებით, ეს უნდა იყოს დღეს განსჯის საგანი და არა ის, "ოცნება" კრიზისშია და როგორ დასძლიოსო. ირაკლი კობახიძემ იდარდოს, რა ეშველება "ქართულ ოცნებას".

- რიგგარეშე არჩევნები ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს? - რიგგარეშე არჩევნებია გამოსავალი, შესაძლოა არა იდეალური, მაგრამ საუკეთესოა, რაც კაცობრიობას გამოუგონია კრიზისის განმუხტვისთვის.