"ბესელია რომ მექრთამეა, მანამდეც ყველამ იცოდა" - კვირის პალიტრა

"ბესელია რომ მექრთამეა, მანამდეც ყველამ იცოდა"

მმართველ პარტიაში დაპირისპირება არ გაჰკვირვებია "სამოქალაქო მოძრაობისა" და თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს:

- "ქართულ ოცნებაში" რაც ხდება, ლოგიკური და მოსალოდნელი იყო. ჯერ სადღესასწაულო დღეებია, ამიტომ ცოტა თავს იკავებენ. დღესასწაულების შემდეგ გუდებს თავს მოხსნიან და ისეთი ჭუჭყი გადმოინთხევა, უფრო საშინელი საყურებელი და მოსასმენი რომ იქნება. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ორივე ჯგუფს აქეზებს და თავად სეირს უყურებს. ეს კორუფციაში ჩაფლულთა დაპირისპირებაა. დაავიწყდათ, რომ ამ ქვეყანაში ხალხი ცხოვრობს და პრობლემები აქვს.

- ამბობთ, რომ "ოცნების" ლიდერები კორუფციაში არიან ჩაფლული. თქვენი აზრით, გამოიკვეთება თუ არა ეკა ბესელიას ბრალეულობა შეწყალების საქმეში, რაშიც თავის დროზე თქვენ დაადანაშაულეთ? - ბესელია რომ მექრთამეა, სანამ მე ვიტყოდი, მანამდეც ყველამ იცოდა. მთელი პროკურატურა ფეხზე დადგა, რომ ეს საქმე ჩაეფარცხათ. ახლა დადასტურდება ის, რასაც ვამბობდი, თვითონ "ქართული ოცნების" წევრები იტყვიან. ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, რამდენ ხანს დამალავდნენ? პროკურატურას რომ გამოეძია ეს საქმე, აქამდე არ მივიდოდნენ და არ გვაყურებინებდნენ ამ ჭუჭყს.

- შიდაპარტიული დაპირისპირება ქვეყანას არ აზიანებს? - მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილმა ლიმონივით გამოწურა ქვეყანა. დაშინებით თუ ფულის დარიგებით ყველა აიძულა, სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა. ამის შემდეგ კი რა შესთავაზა საზოგადოებას? - ერთმანეთის ლანძღვა. პრობლემებში ვიხრჩობით და ესენი რაღაც მარაზმს გვთავაზობენ, შავ-თეთრ ხანაში გვაბრუნებენ.

ამ ყველაფერში პასუხისმგებლობა ოპოზიციას არ ეკისრება, რომელმაც ვერაფრით მოახერხა ხელისუფლებასთან ჯანსაღი ოპონირება? < მე ჩემს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, სხვების ნაცვლად კი ვერაფერს ვიტყვი. სწორედ ამიტომაც ჩამოვაყალიბე "სამოქალაქო მოძრაობა". ხალხის პრობლემებზე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გაღატაკებული ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიყვანოთ. ესაა მთავარი და არა ის, რომ ბესელიამ ამას ეს უთხრა და იმას - ის... ჩვენთან პოლიტიკა ფულის საკეთებელი საქმეა და ეს არის მთავარი პრობლემა.

- ანუ მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას გეგმავთ?

- მესამე ძალა იქნება თუ ორმოცდამესამე, ვერ გეტყვით. თუ გადავწყვეტთ, რომ შევქმნათ პოლიტიკური მოძრაობა, გვექნება პრეტენზია, რომ ვიყოთ ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა.

- საამისო რესურსი გაქვთ? - ჩვენ ევროკავშირის დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის გრანტი ავიღეთ. იმით ვაკეთებთ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ოფისებს. პოლიტიკურ აქტიურობას დიდი ფული არ სჭირდება. ამაში ჩემი ორი არჩევნებით დავრწმუნდი, ენთუზიაზმი და ქვეყნის სიყვარულია საჭირო.

- თქვენი აზრით, "ოცნება" კრიზისიდან როგორ უნდა გამოვიდეს? - "ოცნება" თავის პრობლემებში და კორუფციულ სქემებში გახლართული პოლიტიკური ორგანიზაციაა. პარტიას მართავს ადამიანი, რომელიც აცდენილია რეალობას. ამიტომ მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. ახლა მთავარია, ვისაც გვინდა, რომ საქართველო უფსკრულში არ გადაიჩეხოს, დავირაზმოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყანა წინ წავიყვანოთ.

იხილეთ ასევე:  გამოხეული "ნასკებით" მოვიდნენ 2012 წელს ეს ტიპები და დღეს გოიმურ "დვარეცებში" ცხოვრობენ