"რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა" - კვირის პალიტრა

"რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა"

ვითარება "ქართულ ოცნებაში" უფრო და უფრო მწვავდება. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა, თუმცა თითქმის ყველა თანხმდება, რომ მმართველ პარტიაში პროცესების განვითარება დიდწილად სწორედ ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რა პრინციპით იმართება მმართველი პარტია მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე არაერთი უმწვავესი შიდა და გარე გამოწვევაა? - ამ საკითხებზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე ცხადი შეიქნა, რომ "ქართულ ოცნებაში" კრიზისია, რომელმაც სულ უფრო და უფრო იჩინა თავი, და მისი კულმინაცია იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. კრიზისი კი განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მამათა და შვილთა ბრძოლაა, რომელსაც "ძველებისა" და "ახლების" ბრძოლა შეარქვეს და ეს ყველაზე ცხადად პარლამენტში ჩანს.

მამუკა არეშიძე

... აქამდეც ვხედავდით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ ეფერებოდა ზოგიერთ ისეთ მოსამართლეს, რომლებსაც უდიდესი დამსახურება აქვთ სააკაშვილის რეჟიმის წინაშე. არადა, ამ ხალხს დანაშაული აქვს ჩადენილი. "ოცნების" წევრები გამოდიოდნენ, ხალხს ცხრაწლიან რეჟიმზე ელაპარაკებოდნენ, პარალელურად კი იმ რეჟიმის მსახური მოსამართლეები, რომელთაც სამარცხვინო განაჩენები გამოიტანეს, რაც საერთაშორისო სასამართლოებში უკანონოდ შეფასდა, "ქართული ოცნების" ვითომ რეფორმირებულ სასამართლო სისტემას ქმნიან.

- კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, ლამის ისე ჩანს, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილია ამ მოსამართლეების ლობისტი, მხარდამჭერი და უვადოდ მათ დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს...

- პოლიტიკას ახასიათებს ერთგვარი ცინიზმი, რაც არასწორია, მაგრამ ეს მარტო ჩვენთან კი არ ხდება, საზოგადოდ პოლიტიკის თანმდევია. მამა-ბუშის ცნობილ გამონათქვამს გავიხსენებ: ის გარეწარია, მაგრამ ჩვენი გარეწარიო...

ზოგიერთი პირი, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს დანაშაული აქვთ ჩადენილი, მიზეზთა გამო სჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას - ამ ხალხით მანიპულირება ადვილია, ისინი ყველა ხელისუფლებას ემსახურებიან და ამისთვის ყველაფერზე წავლენ. ვიმეორებ: არასწორია, მაგრამ ასეთ ადამიანებს იყენებენ, თუმცა არ შეიძლება ისინი ბაირაღად და სამართლიანობის სიმბოლოდ წარმოგვიდგინონ.

მოვლენების ლოგიკა ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ერთი ჯგუფი ფიქრობდნენ, ამ მოსამართლეებს გარკვეული დოზით გამოიყენებდნენ. ხატოვნად რომ ვთქვათ, მათ მცირედ გაუხსნეს კარი, მაგრამ ამ ხალხმა ეს კარი ჩამოგლიჯა და მთელი სისტემის დაპატრონებას ცდილობს.

მათ გზა და ასპარეზი განსაკუთრებით პარლამენტის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ გაუხსნა.

ზუსტად ვიცი, ვინ იყო ის ხალხი, ვინც არწმუნებდა ბიძინა ივანიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ იქნებაო. ასევე მოხდა უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზეც, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა იკითხა, მოსამართლეობის ამ კანდიდატებს წინააღმდეგობა ხომ არ შეხვდებათო, ზოგიერთმა თავი გადაიკლა, ყველაფერი მოგვარებულია და პრობლემა არ იქნებაო. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილს უხსნიდნენ, ესა და ეს კაცი შეიძლება ცუდია, დამნაშავეც არის, მაგრამ საჭიროა ამაში, ამაში და ამაშიო.

იცით, "ქართულ ოცნებაში" რა ვერ გაიგეს კარგად? - რომ ამ მოსამართლეებისთვის ჩაბარებული სასამართლო სისტემა თავად მათ წინააღმდეგ ამოქმედდება და უდიდეს პრობლემებს შეუქმნის.

რაც დღეს სასამართლო სისტემაში ხდება, იუსტიციის საბჭოთი დაწყებული და უზენაესი სასამართლოთი დამთავრებული, ფაქტობრივად, შიდასახელისუფლებო გადატრიალებაა. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს კონკრეტული პირების კარგად გააზრებული, დაგეგმილი ნამუშევარია და კეთდება იმისთვის, რომ თუ მთლიანად ხელისუფლება ვერ ჩაიგდეს, მისი ერთი შტო მაინც ჩაიგდონ ხელში, სასამართლო სისტემის გაკონტროლებას კი რა შეუძლია და როგორ შეიძლება იქცეს ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის, არეულობისა და საბოლოოდ ხელისუფლების ცვლილების საფუძველი, არა მგონია, ასე რთული გასააზრებელი იყოს.

დღეს ეს მოსამართლეები ემსახურებიან ხელისუფლებას, მაგრამ პარალელურად სულ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებენ მასზე. ვფიქრობ, ეს პროცესი კარგად გამოიყენა "ნაციონალური მოძრაობის" მოაზროვნე გუნდმა და საბოლოოდ გვაქვს შედეგიც - სისტემას დღეს იუსტიციის საბჭო მართავს. ეს არის მათი მზადება მომავლისთვის. საბოლოოდ ეს ყველაფერი "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "სამართლის" 10 მაფიოზი"