"ჩემი წელი მოდის... "კარგი ფეხი" და კარგი გული მაქვს" - ვისი მეკვლეა ეკა ბესელია და რა ტრადიცია აქვს ოჯახში? - კვირის პალიტრა

"ჩემი წელი მოდის... "კარგი ფეხი" და კარგი გული მაქვს" - ვისი მეკვლეა ეკა ბესელია და რა ტრადიცია აქვს ოჯახში?

"ლურჯი ძალიან მიყვარს, ამ ფერის ტანსაცმელიც ხშირად მაცვია. უბრალოდ, პარტიის ფერს დაემთხვა"

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი სახე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ განსაკუთრებით უხარია ახალი, 2019 წლის შემობრძანება, რადგან მისი წელი მოდის. ფიქრობს, რომ მისთვის საინტერესო სიახლეების წელი იქნება. განსაკუთრებით უყვარს შობა-ახალი წელი და თურმე ამ დღეების დადგომას მოუთმენლად ელოდება. როგორ ემზადება საახალწლოდ, ვინ არის მეკვლე და რა ტრადიცია აქვთ ბესელიებს ოჯახში, ამაზე თავად დეპუტატი გვესაუბრა.

- ეკა, 2018 წელი მიიწურა. როგორი იყო თქვენთვის ეს წელი?

- 2018 წელი რთული იყო. პოლიტიკურად დაძაბული, ძალიან ემოციური. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელმაც კიდევ უფრო მეტად პოლარიზებული გახადა პოლიტიკური სივრცე. მთლიანობაში მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა საერთაშორისო არენაზე. ქვეყნის შიგნით დიდი დაძაბულობა იყო, ამიტომ ემოციური ფონი მაღალია. საპრეზიდენტო არჩევნებმა დიდი ენერგია მოითხოვა და წლის მნიშვნელოვანი პროცესები სწორედ ამას უკავშირდებოდა.

- რა განწყობით ხვდებით 2019 წლის დადგომას და რა ტრადიცია გაქვთ ოჯახში? - ბავშვობიდან შობა-ახალი წელი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ნაძვის ხის მორთვა მიყვარს, ამიტომ ძალიან ადრე ვდგამთ და საახალწლო განწყობას ვიქმნით. წელს გამონაკლისი იყო, ცოტა გვიან მოვრთეთ, რადგან დაკავებული ვიყავი. სასწრაფოდ მოვრთეთ მე და ჩემმა ქალიშვილმა ლიზიმ და ვფიქრობ, კორექტივებს თანდათან შევიტანთ. მინდოდა, ფერები ლურჯის, იასამნისფრისა და ოქროსფრის კომბინაცია ყოფილიყო.

- ლურჯ ფერს პარტიის დროშიდან გამომდინარე ხომ არ ანიჭებთ უპირატესობას? - ლურჯი ძალიან მიყვარს, ამ ფერის ტანსაცმელიც ხშირად მაცვია. უბრალოდ, პარტიის ფერს დაემთხვა. რაც შეეხება ტრადიციას, ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად მაქვს, ღამის 12 საათზე პატრიარქთან, მის უწმინდესობასთან ერთად ვხვდები ახალ წელს. მერე მოვდივარ სახლში. როგორც წესი, სახლში მეკვლე მე ვარ.

- როგორც ჩანს, "კარგი ფეხი" გაქვთ და ამიტომ არ ცვლით მეკვლეს. - "კარგი ფეხი" და კარგი გული მაქვს, ასე ამბობენ ჩემები. წელს განსაკუთრებული მეკვლე ვიქნები, რადგან ჩემი წელი მოდის, ამ წელში ვარ დაბადებული. ტრადიცია გვაქვს ოჯახში, ახალი წლის ღამეს, 12 საათის მერე სახლში დედმამიშვილები ერთად ვიკრიბებით. შობამდე მარხვაზე ვარ და ჩემი საახალწლო მენიუ სამარხვოა. უფრო შობის მერე მაქვს ახალი წლის შემობრძანების შეგრძნება.

ეკა ბესელია პატრიარქთან ერთად

- აღნიშნეთ, პატრიარქთან ვხვდები ახალ წელსო, იქნებ უფრო მეტი რამ გვითხრათ?.. - ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთებია. პატრიარქთან ვიწრო წრეში ვიკრიბებით. 11 საათის მერე მივდივარ საპატრიარქოში, რაც ამაღლებულ განწყობას მიქმნის. 12 საათზე უწმინდესთან ერთად, ტრაპეზისას ახალ წელს ვულოცავთ ერთმანეთს. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა საოცარი და ამაღლებული განცდა გეუფლება, იქ საოცარი სიმშვიდე და სიყვარულია. მთელი წლის ტვირთი და დაძაბულობა, რაც მომყვება, თითქოს ერთბაშად მეხსნება და სახლში მისი უწმინდესობის ლოცვის მადლი შემაქვს. ჩემთვის ეს განსაკუთრებულად ემოციური მოვლენაა.

- ბავშვობაშიც მეკვლე იყავით? როგორ ხვდებოდით ადრე ახალ წელს? - ბავშვობაში ძალიან დიდ ნაძვის ხეს ვდგამდით სახლში, მაშინ ყველა ცოცხალ ნაძვის ხეს დგამდა. მაღალჭერიანი სახლი გვქონდა სენაკში და თითქმის ჭერამდე სწვდებოდა ნაძვის ხე. ახლა წლებია, უკვე ხელოვნურ ნაძვის ხეს ვდგამთ. მაშინ ყველანი ერთად ვრთავდით და დიდი ზეიმი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლდათ ჩიჩილაკის დადგმის რიტუალიც. სამეგრელოში ყველა სახლში აქვთ ჩიჩილაკი. თოვლის ბაბუაც აუცილებლად უნდა მოსულიყო, ამ რიტუალსაც ყოველთვის ვასრულებდით - ოჯახის ერთ-ერთი წევრი ჩაიცვამდა თოვლის ბაბუის სამოსს, აიღებდა ხურჯინს და მოჰქონდა ჩვენთვის საჩუქრები. ბუნებრივია, წინასწარ აგროვებდნენ ჩვენგან მშობლები სურვილებს და მერე გვისრულებდნენ. წლების განმავლობაში ამას მეც ვაკეთებდი ჩემი შვილებისთვის. ნაძვის ხის ქვეშ ხვდებოდათ მათ საჩუქრები და ასე ვუსრულებდი სურვილს.

- ახლა უკვე აღარ სჯერათ თოვლის ბაბუის არსებობის, თუმცა სურვილები მაინც ექნებათ. - დიდი ხანია, აღარ სჯერათ. ახლა თოვლის ბაბუის გარეშე შევუსრულე სურვილები. ახალი წლის დადგომას არ დაელოდნენ, უკვე ვუყიდე, რაც უნდოდათ.

- ეკა, როგორც ვიცი, მღერით. ადრე შობის ღამეს ბავშვები სამეგრელოში ხშირად იკრიბებოდნენ და ახლობლების სახლებში მისალოცად დადიოდნენ ხოლმე. ალილოში მონაწილეობა მიგიღიათ? - ჩემთვის სახლში ვმღერი ხოლმე. ალილოზე არასოდეს წავსულვარ. პირიქით, აქეთ ველოდებოდი მეალილოებს.

- რა ასაკამდე გჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობის? - ალბათ 13 წლამდე. ისე ფუთავდნენ ჩემი მშობლები, ვერ ვხდებოდი ან უბრალოდ მინდოდა და ვიჯერებდი. ჩემს შვილებსაც 7-8 წლამდე ჰქონდათ იმის განცდა, რომ მათთან თოვლის ბაბუა მოდიოდა.

- ოჯახის წევრები ალბათ თქვენც გიკეთებენ საჩუქრებს, ხომ? - უფრო მე ვუკეთებ საჩუქრებს, თუმცა დედმამიშვილებს გვაქვს ტრადიცია - ვიცით, ვის რა უყვარს, რა გაუხარდება და ვცდილობთ, ეს დღე გავულამაზოთ ერთმანეთს.

- სხვა წლებში დადიოდით ვინმესთან? - როცა მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ბედობას, 2 იანვარს ჩავდიოდი ფოთში და ამ დღეს ჩემს ამომრჩევლებთან ერთად ვხვდებოდი.

- რა დაგებედება ბედობას, ამას აქცევთ ყურადღებას? - ბედობის დღეს სულ ვფიქრობ, რომ მშვიდად, კარგი განწყობით, შვილებთან და ოჯახთან ერთად შევხვდე. 14 იანვარიც მიყვარს.

- დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებს აქვთ თქვენთან ყოფნის დეფიციტი? - დიახ. ჩემი ქალიშვილი უკვე 14 წლის არის, რატი 26-ის გახდა. უკვე დიდები არიან და ახლა გაგებით ეკიდებიან ყველაფერს. პატარები რომ იყვნენ, მაშინ უფრო ჰქონდათ ამ დეფიციტის გამო განცდები. რომ წამოიზარდნენ, უფრო დავუმეგობრდით ერთმანეთს, საერთო ინტერესებიც მეტი გვაქვს. ახალ წელს მოუთმენლად ელოდებიან. ამ დღეს თავს აძლევენ უფლებას, მითხრან, რა უნდათ და მეც ვცდილობ, ავუსრულო. ყველაზე დიდი საჩუქარი მაინც ჩვენი ერთად ყოფნაა, ძალიან გვენატრება ერთმანეთი.

ეკა ბესელია ვაჟთან ერთად

- სახლში დღესასწაულებზე კერძების კეთება გიწევთ? - სტუმრებისთვის არასამარხვო მეგრული კერძები მზადდება... ელარჯის გაკეთებას არავის ვანდობ. რაც შეეხება სამარხვოს, ტრადიციულად, მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. გოზანაყს ვერ ვაკეთებ, ჩემი და ან დედაჩემი მიმზადებენ. თუმცა, წელს მინდა მეც ვცადო. რაც შეეხებას სუფრის გაფორმებას, ვიზუალურ მხარეს, ეს კარგად გამომდის და ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. თუმცა, თუ დამჭირდა, ყველაფერს კარგად მოვამზადებ. სუფრის გაფორმებისას იმ ფერებს ვიყენებ, რაც აქტუალურია და ყოველ წელს იცვლება.

- ასტროლოგის რჩევებს თუ ითვალისწინებთ საახალწლო სუფრის გაწყობისას? - მეტ-ნაკლებად. სულ მინდა, მიხეილ ცაგარელს დაველაპარაკო. მით უმეტეს, ჩემი წელი მოდის და მისი აზრი მინდა მოვისმინო, მაგრამ ეს ვერასოდეს მოვახერხე. ისე, საინტერესო მოსაუბრე ჩანს, ვუსმენ ხოლმე მის გადაცემებს. არ ვარ ასტროლოგიის მიმდევარი, მაგრამ საინტერესოა.

- როგორც მიხეილ ცაგარელი ამბობს, მასთან ხშირად მიდიან პოლიტიკოსები და რჩევებსაც იღებენ, თქვენ თუ დაინტერესებულხართ ამით? - არა, არასოდეს ვყოფილვარ ასტროლოგთან.

- რა მოლოდინები და სურვილები გაქვთ 2019 წელს? - რახან ჩემი წელი მოდის, იმედი მაქვს, განსაკუთრებული ცვლილებები იქნება. ეს წელი სამახსოვრო იქნება როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ქვეყნისთვის. მგონია, უფრი პოზიტიურ, მშვიდ და უფრო დადებით ველში გადავალთ. ახლა ქვეყანას ძალიან სჭირდება მშვიდი გარემო, მეტი სიყვარული და მეტი სიკეთე. მინდა, 2019 წელს დიდი როლი ვითამაშოთ პოლიტიკოსებმა გარემოს დამშვიდებაში. სიახლეების შეთავაზება იქნება ჩემი მნიშვნელოვანი ამოცანა. დაიღალა საზოგადოება დაძაბულობითა და ამდენი გაუთავებელი დაპირისპირებით, იქნებ გამოგვივიდეს და 2019 წელი იყოს სიყვარულის წელი.

- თუმცა, ოპოზიციის ლიდერები ხშირად გაკრიტიკებენ. ამაზე როგორ რეაგირებთ? - ჩემი მისამართით ხშირად ისვრიან ტალახს. პოლიტიკოსის არჩევანია - წინა ხაზზე უნდა ყოფნა, ამის გამბედაობა და შინაგანი ძალა აქვს თუ უკანა ფლანგზე, ჩრდილში უნდა დგომა. თუ ჩრდილში ხარ და არ ხარ აქტიური, თუ პრინციპულად არ გამოხატავ შენს პოზიციებს, მაშინ არ მოგხვდება ეს ტალახი. მე რაღაცნაირად ასეთი ბედისწერა მაქვს ეტყობა, ხასიათიც მაქვს ასეთი - მებრძოლი ვარ და ვერ ვეგუები უსამართლობას. არ შემიძლია, ჩრდილში ვიდგე და ვუყურო, როცა სხვებს ესხმიან თავს. პერსონალური თავდასხმები სულ სხვების გამო მიმიღია. სულ სხვას ვიცავ ხოლმე, ეს შეიძლება იყოს ჩემი თანაგუნდელი, საქმე ან ქვეყნის ინტერესი და ა.შ. არასოდეს ვიმალები, არ გავრბივარ და არ მეშინია ამის, თამამად ვიღებ დარტყმებს. ხშირად არ ჩანს ეს კარგად, მაგრამ გამბედავი ნამდვილად ვარ, შემიძლია თავი გავიმეტო სხვებისთვის.

- როცა საკუთარ თავთან რჩებით და აანალიზებთ შემოტევებს, როგორ ხასიათზე დგებით? - ემოციურად ძალიან მძიმეა, ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ არ არის მძიმე. თავმოყვარე ადამიანისთვის, რომელიც ღირებულბებს, ფასეულობებს, ეთიკას აქცევს ყურადღებას, მძიმეა. ვცდილობ, სხვებთან ურთიერთობისას არ გავცდე მორალურ ჩარჩოებს მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე აკრძალულ მეთოდებს იყენებს. ხშირად გამოუყენებიათ აკრძალული მეთოდები ჩემს წინააღმდეგ, მე არასოდეს გადავდივარ ზღვარს, მაგრამ პასუხს ყოველთვის ვცემ. დამალულ, შეშინებულ, გაქცეულ, ჩრდილში მყოფ ეკა ბესელიას არ ვცემდი პატივს. ჩემს თავს ვიცნობ მებრძოლს, წინა ხაზზე მყოფს და რადგან ეს შემიძლია და იოლ გზას არ ვირჩევ, ამით ვამართლებ ყველაფერს. ვთვლი, რომ შინაგანად მართალი ვარ, თუმცა შვილები საკმაოდ განიცდიან, განსაკუთრებით - უფროსი, მაგრამ მერე ვუხსნი და როცა ვსაუბრობთ, საერთო პოზიციაზე ვჯერდებით. მეც ვცდილობ, რაღაცნაირად მოვახერხო და ჩემი შვილები ავარიდო ასეთ ემოციურ მომენტებს, მაგრამ იოლი არ არის.

- შობას ტაძარში ხვდებით? - შობას აუცილებლად ეკლესიაში ვხვდები, საშობაო ალილოშიც მივიღებ მონაწილეობას, ძალიან მიყვარს ეს რიტუალი.

ეკა ბესელია ქალიშვილთან ერთად

- იქნებ ცოტა რამ თქვენს ქალიშვილზეც გვითხრათ, ისევ მოდელობას აპირებს? - ლიზა მოდელობაზე ფიქრობდა, სილამაზის კონკურსებშიც მონაწილეობდა და ბევრი საერთაშორისო პრიზიც აქვს მიღებული. ახლა გატაცებულია ხატვით და მომწონს, როგორც ხატავს. ძალიან კარგად წერს, აკეთებს ჩანახატებს. დადის სპორტზე, ფრენბურთს თამაშობს, მრავალმხრივი ნიჭი აქვს და ძალიან საინტერესო გოგოა.

- გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. რას ეტყოდით საზოგადოებას?

- მინდა, ყველას მივულოცო შობა-ახალი წელი. მინდა, მოვესწრო და ერთად შევხვდეთ დამდეგს გამთლიანებულ და გაერთიანებულ საქართველოში, მსურს ვისურვო ქვეყანასა და ოჯახებში სიმშვიდე, მეტი სიყვარული, მეტი სიკეთე. დაწყნარებული ქვეყანა მინდა გვქონდეს, სადაც საზოგადოება არ იქნება ასე დაპირისპირებული. ვისურვებდი, 2019 წელი მეტი სიკეთისა და სიყვარულის წელი იყოს.

თეა ხურცილავა ჟურნალი "გზა"