ბურუსით მოცული მკვლელობები - კვირის პალიტრა

ბურუსით მოცული მკვლელობები

"რუსეთმა სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის მაშინ 4 მილიონი დოლარი გამოყო"

ვაგრძელებთ ვიქტორ ჭელიძის სკანდალური აღიარების გამოქვეყნებას. ამჟამად იგი გვესაუბრება იმ პირთა ბურუსით მოცულ სიკვდილის გარემოებებზე, რაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას უძღოდა წინ.

2008 წელს უკვე დევნილი ვიყავი, მაგრამ გავიგე, რომ კოდორის ხეობაში სამი ათასი კაცის ხელმძღვანელად კობა ღურწკაია დანიშნეს, რომელიც ელიავას ამბოხების დროს უკრაინაში გავამგზავრეთ სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის მართულ პირად მიგვაჩნდა.

მე კი მას საზღვაო ძალებში ყოველთვის ინფორმატორად ვიყენებდი. ღურწკაია არის ის სარდალი, რომელიც ოსეთიდან სალიარს ეზიდებოდა, როცა ალეკო სუხიტაშვილი შიდა ქართლის  შსს-ს სამმართველოს უფროსი იყო. ყველას ხელს აძლევდა გასვრილი კაცი, კონტრაბანდისტი, სეპარატისტებთან კავშირში მყოფი სარდალი 2008 წლის ომში. მიშას ისეთი ბანდა ჰყავდა ირგვლივ, ცხინვალზე შეტევა მას კი არა, ალექსანდრე მაკედონელსაც რომ დაეწყო, დამარცხდებოდა!..

რუსეთთან ომის დაწყებაზე მას შემდეგ დავფიქრდი, რაც ბათუმის მოვლენების შემდეგ პრეზიდენტმა აფხაზეთში შესული იმ გემის ჩაძირვის ბრძანება გასცა, რომელზეც ჟირინოვსკი, ლუჟკოვი და სხვები იყვნენ. ბობოყვათში ვიყავით,  პრეზიდენტი საზღვაო ძალების სარდალს, ზურა ირემაძეს ესაუბრებოდა. მალე ზურა ოთახიდან თვალებგაფართოებული გამოვიდა, ამ კაცს ჩემი დაღუპვა უნდა, აფხაზეთში მოსიარულე გემების ჩაძირვა დამავალაო.

მიშას გარეთ კორესპონდენტები დახვდნენ, მანაც მაშინვე გაახმაურა ის, რაზეც ირემაძეს ელაპარაკა: "გავეცი ბრძანება, გახსნან ცეცხლი და ჩაძირონ ყველა გემი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების უნებართვოდ შევლენ აფხაზეთში". ერთი შეხედვით, მართალი იყო სააკაშვილი, მაგრამ გემების ჩაძირვას მოჰყვებოდა რუსეთის სამხედრო აგრესია ან პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეღიარებინათ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა.

ზურა აღელვებული იყო. ამასობაში გენშტაბის უფროსი იუკურიძე თანამდებობიდან გადააყენეს და მის შემცვლელად ირემაძეს განიხილავდნენ. ბრძანება დაწერეს კიდეც, ერთ კვირაში პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს და ვამჩნევ, ზურა ნერვიულობს, უჩვეულოდ აფორიაქებულია, მეუბნება, ჩემს ქალიშვილს დაცვა უნდა დავუყენოო.

ჩემი აზრით, იმიტომაც ნერვიულობდა, რომ აჭარის მოვლენების დროს ასლანის მხარდასაჭერად რუსული ფული ჰქონდა აღებული და ამას არავინ შეარჩენდა. აღელვებდა ისიც, რომ პრეზიდენტისგან პირდაპირი დავალება მიიღო, როგორც კი აფხაზეთის წყლებში ლუჟკოვისა და ჟირინოვსკის გემი გამოჩნდება, გაანადგურეო. მოკლედ, ზურა ირემაძე ორ ცეცხლშუა იყო.

2004 წლის 12 აგვისტოა. მე და ზურა ვწერთ კონცეფციას საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის დივიზიონის გაერთიანების შესახებ, მუშაობაში გვათენდება. არაქათი რომ გამოგვეცალა, ზურას ვუთხარი, წავიდეთ, დავისვენოთ, წერა კი ხვალ გავაგრძელოთ-მეთქი. შტაბიდან მის სახლამდე ერთი კილომეტრი იყო. სახლში მივიყვანე და შინ წავედი. გზაში დამირეკა, ხვალ დილით ადრე მოდი, არ დაგეზაროსო. შინ რომ მივედი, ისევ დამირეკა. ტელეფონი ავიღე, მაგრამ უცბად გაითიშა. კვლავ ზარია, ახლა თავისი ცოლის, მანანას ტელეფონით მირეკავს.

ვუპასუხე და კავშირი კვლავაც გაწყდა, ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო. ახლა მე დავიწყე მასთან რეკვა, მაგრამ "მაგთის" ვეღარ იჭერს. ავნერვიულდი, ტელეფონში სხვა სიმბარათი ჩავდე და ისევ დავურეკე. ეზოში ჩავედი, ზღვასთან ახლოს, და აქეთ-იქით დავდივარ. ჩემი მეუღლე მეუბნება, ალბათ, ცოლ-ქმარი რაღაცაზე კამათობს, წავიდეთ, მანანას მე დავაწყნარებო. მანქანაში უნდა ჩავსხდეთ, ისევ რეკავს ტელეფონი.

ბადრი როინიშვილი, ჩვენი საერთო მეგობარი მირეკავს, ის საზღვაო  ძალების დაზვერვის ოფიცერია, ზურასთან უფრო დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ახლავე წამოდი ჰოსპიტალში, ზურა მოკვდაო. თავზარი დამეცა, ჰოსპიტალში მისული კი ასეთ ამბავს ვიგებ: თურმე ზურას ქალიშვილი ურეკავს და ეუბნება, მამა, ვიღაც სახლში გვივარდება, ფანჯრის რიკულის მონგრევასა და შემოსვლას ცდილობსო. ზურამ, როგორც ჩანს, მე დამირეკა, რადგან იფიქრა, მანქანით მის გოგოსთან უფრო სწრაფად მივიდოდი. თამთას სახლში იყო ჩვენი საერთო მეგობრის, ბადრი როინიშვილის ქალიშვილი თათიაც.

ზურამ ჩემთან დაკავშირება ვერ შეძლო და ფეხით გაიქცა. მისი სახლიდან თამთას სახლამდე 500 მეტრია. თან გზაში, "სტეჩკინს" ისროდა, ვანო მერაბიშვილმა რომ აჩუქა. სახლში სრული სიმშვიდე დახვდა, საფრთხე აღარავის ემუქრებოდა. სავარძელზე დაეშვა, იარაღს ტყვიებით სავსე მჭიდი გამოაცალა, ალბათ, ბრაზის გამო, კიდევ რომ არ გაესროლა და იქვე განუტევა სული.

რა მოხდა იმ ავბედით დღეს? ერთი მხრივ, სპეცსამსახურს შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე განახორციელოს ზეწოლა, დაარეკვინოს თუნდაც ღვიძლ მამასთან ცრუ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მეორე მხრივ, ისიც უნდა დავუშვათ, რომ თამთას მართლაც უვარდებოდა სახლში ვიღაც. თუმცა, ამ ბოლო ვერსიის ჭეშმარიტებაში თავად ეჭვი მეპარება.

იმ დღეს ბადრი როინიშვილისთვისაც დაურეკავს მის ქალიშვილს, მაგრამ ბადრი გზაში პოლიციელებს გაუჩერებიათ და ზურაზე ადრე გოგონებთან მისვლა ვერ მოუსწრია.

ჰოსპიტლის ექიმის თქმით, ზურას ინფარქტი და ინსულტი ერთად დაემართა. სისხლძარღვები გაგლეჯილი ჰქონდა, ღვიძლი - დაშლილი. ასეთი რამ თურმე იშვიათად ხდება. როცა წნევა მაღლა იწევს, ამ დროს გული თუ გასკდა, ტვინში სისხლი აღარ ჩაიქცევა ან პირიქით, ღვიძლი თუ დაიშალა, ადამიანს ინსულტი არ დაემართება.

სისხლის გაჟონვაც, გულის გასკდომაც, ღვიძლის დაშლაც, სისხლძარღვების მოსპობაც თურმე დარიშხანის მოხმარებამ შეიძლLება გამოიწვიოს. ადამიანი ამ ნივთიერების დიდ დოზას თუ ერთბაშად მიიღებს, სწრაფად კვდება, ნელ-ნელა მიღებაც  კი სიკვდილს იწვევს, ოღონდ განსაზღვრული პერიოდის შემდეგ, ზუსტად ისეთივე სიმპტომებით, როგორითაც ზურა მოკვდა.

სამწუხაროდ, ირემაძის ოჯახი დაითანხმეს, რომ ცხედრის ექსპერტიზა არ მოეხდინათ. "მოკვლევის მასალების" მიხედვით, ზურა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოკვდა, რის გამოც, ოჯახს თუ არ ვცდები, 30 ათასი ლარი  გამოუყვეს და ყოველთვიური დახმარებაც დაუნიშნეს.

როცა ზურას ცხედართან მარტო დავრჩი, ყურებიდან და პირიდან გამოჟონილი სისხლი ბამბით მოვწმინდე და ჩვენი სამსახურის თანამშრომელს, უფროს პოლკოვნიკ შალამბერიძეს მივეცი შესამოწმებლად. მან ბამბა ძმაკაცს მიუტანა რუსეთის ბაზაში, რომელიც მაშინ  ბათუმში იყო განთავსებული, მეორე კი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში წაიღო. სისხლში დარიშხანი აღმოჩნდა.

ზურას სიკვდილის დღესვე მივედი მისი ქალიშვილის სახლში, რომლის თქმითაც ფანჯრის გისოსებს ვიღაც ამტვრევდა. სახლი თეთრად იყო გალესილი. ზურას ქალიშვილი მეორე სართულზე ცხოვრობდა, ფანჯარასთან ვინმე რომ ამძვრალიყო, კედელს ნაფეხურები უნდა დამჩნეოდა. ასეთი ნაკვალევი არსად ჩანდა, არც გისოსი იყო მორყეული, რომელიც ზურამ რამდენიმე დღის წინ ჩააბეტონა.

ზურას დაკრძალვიდან ერთი კვირა გადის და ჩემთან ზურას სიძე დათუნა რუხაძე მოდის. ის გემის კაპიტანი იყო. მეუბნება, მე და თათია როინიშვილი (ბადრი როინიშვილის ქალიშვილზეა საუბარი) ბათუმში მივდივართ და თუ შეგიძლია, შენი მანქანა გვათხოვეო. შავი "ოპელი" მყავდა. ვიცი დათუნა ნარკოტიკის მომხმარებელია, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე. წავიდა ბათუმში ჩემი მანქანით, მე კი იმ საღამოს ტელეფონი გამოვრთე და ადრიანად დავიძინე.

დილის 5 საათისთვის გამეღვიძა, მობილური ტელეფონი რომ ჩავრთე, 30-მდე ზარი მაინც იყო შემოსული. ისევ მირეკავენ და მეუბნებიან, დათუნა მოკვდაო. სასწრაფოდ მის სანახავად გავვარდი. გრიგოლეთის გზაზე ჩემი მანქანა იყო ამოყირავებული. იქვე დათუნას ცხედარი ესვენა. თათია როინიშვილი კი არსად ჩანდა...

ის ადგილი, სადაც დათუნას ცხედარი იპოვეს, წითლად იყო შემოხაზული. ოფიციალური ვერსიით, დათუნამ ქვას დაარტყა თავი და გარდაიცვალა. მოვიკითხე თათია როინიშვილი. მითხრეს, სახლშიაო.

დათუნას ცხედარი დავათვალიერე: კისერი მოტეხილი, თავი კი დაზიანებული ჰქონდა. თუმცა იმ წითლად შემოხაზულ ადგილსა და ქვაზე სისხლის კვალი ვერ შევამჩნიე, რამაც ძალიან გამაოცა. გულგახეთქილი  წავედი ბადრი როინიშვილთან. შეშინებულ თათიას შუბლი ოდნავ ჰქონდა გაკაწრული, აქეთ-იქით ნერვიულად დადიოდა. გაკვირვება ვერ დავმალე: ასეთი ავარია მოხდა და თათია არ დაშავებულა.

დათუნა 180 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა, მერე მანქანა ერთბაშად დატრიალდა, ბოძს შეასკდა და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვსო, - მითხრა. მოგვიანებით გამოძიებამ დაწერა, რომ თათია მანქანიდან გადმოვარდა მანამ, ვიდრე მანქანა ამოყირავდებოდა. ამ ვერსიაზე ეჭვი თავიდანვე გამიჩნდა. თანაც, დათუნას მამამ, პოლკოვნიკმა მამია რუხაძემ (რომელიც პოლიციის თანამშრომელი, პროფესიონალი იყო) დათუნას ტელეფონზე შემავალი ზარები ნახა.

მის  შვილთან სიცოცხლის ბოლო წუთებში თათიას დაურეკავს, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი კი ფიჭურ კომპანიაშიც აიღო. ცხადია, მანქანაში ერთად მყოფი ადამიანები საუბარს ტელეფონით არ დაიწყებდნენ. გამოძიებას რომ მოენდომებინა, სიმართლეს იოლად დაადგენდა, მაგრამ...

არ ვიცი, ვინ აიძულა თათია, ტყუილი…ეთქვა.…ვიმედოვნებ, გამოძიება დაინტერესდება ამ ახალი გარემოებებით.

არ ვიცი, ამ დავიდარაბაში როგორ მოხვდა ირემაძის სიძე, რომელიც ფლაგმანი გემის კაპიტნის თანაშემწე იყო. ზურასავით ისიც სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულად გამოაცხადეს და საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის ქალიშვილის, თამთა ირემაძის ოჯახს განსაზღვრული თანხა გამოუყვეს.…ასე ჩაფარცხეს საქმე.

არავის ეგონა, თუ ამ საკითხზე ხმას ამოვიღებდი, რადგან ჩემი ძმაკაცის მეუღლისა და ქალიშვილისთვის მიცემულ კომპენსაციაზეა ლაპარაკი. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. რას ჰქვია თანხის დაკარგვის შიში, როცა ხალხი  იღუპება?!…საზღვაო ძალების სარდლის მოვალეობის მაშინდელ შემსრულებელ ზაზა ერქვანიას დოკუმენტების გაყალბებისთვის (რაც სისხლის სამართლის დანაშაულია) პასუხი უნდა მოეთხოვოს. ალბათ, მკითხავთ, რატომ არ უნდათ ირემაძის საქმის გამოძიებაო. როგორც უკვე მოგახსენეთ, მას რუსული ფული ჰქონდა აღებული,  დავალება კი - შეუსრულებელი.

რუსეთმა იმხანად მიშაზე თავდასხმისთვის 4 მილიონი დოლარი  გამოყო. ერთხელ ერთ-ერთ გაზეთში დაწერეს, ირემაძე  რუსეთის სპეცსამსახურის ბრძანებებს ასრულებდაო. გამოდის, რუსული სპეცსამსახური შემცდარა. არ გაითვალისწინა, რომ ირემაძე პატრიოტი იყო. ე.ი. შეიძლებოდა ის ამ მიზეზითაც გაენადგურებინათ.

მეორე მხრივ, ირემაძის სიკვდილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, თავდაცვის სამინისტრომ თურქ მრჩეველთა ინსტრუქციებით დაიწყო მოქმედება. ამის შედეგად აღარა გვყავს საზღვაო ძალები, რომელიც  ჯერ მიზანმიმართულად დაასუსტეს, ბოლოს კი სახელიც გადაარქვეს. იმხანად თავდაცვის სამინისტროში სადაზვერვო სამსახურის გაუქმებაზეც  დაიწყეს ლაპარაკი იმ მოტივით, ამერიკელები  ისედაც გვაწვდიან ინფორმაციას და დაზვერვა რა შავ ქვად გვინდაო.

არადა, როცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსული გემების ჩაძირვის ბრძანება გასცა, თურქული გემები თავისუფლად შედიოდნენ აფხაზეთში. ერთხელ, ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე, მეზღვაურებმა გააჩერეს გემი, სადაც აღმოაჩინეს "დამოუკიდებელი" აფხაზეთის მოსახლეობისათვის თურქეთში დაბეჭდილი  პასპორტები, რომლებიც კარგა ხანს ჩემთან, სამსახურში ინახებოდა. თურქულ გემზე სახელმწიფოს მიერ ძებნილი რამდენიმე პირი (ამჯერად გვარებს არ დავასახელებ)  და კონტრაბანდული იარაღიც  იყო. იარაღის ამოღებაზე რატომღაც აღარავის უფიქრია.

ეკიპაჟიც და ძებნილებიც უსიტყვოდ გაუშვეს. მეზღვაურებს ვუთხარი, ბარემ ეს პასპორტებიც გაგეტანებინათ-მეთქი, "დამოუკიდებელ აფხაზეთს" მაინც არავინ ცნობს, ის საცოდავები ამბიციას მაინც დაიკმაყოფილებდნენ და რუსულ პასპორტებს აღარ აიღებდნენ-მეთქი. ჩემი აზრით, მაშინ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთს სულაც არ უნდოდა. ეს არ გააკეთა მანამ, ვიდრე ოფიციალურმა თბილისმა ცხინვალს ჭურვები არ დაუშინა და ფართომასშტაბიან ომში არ გადაზარდა კონფლიქტი. რა თქმა უნდა, ზურა ირემაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, მოვლენების ამგვარად განვითარებას შეეწინააღმდეგებოდა.

აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, საქართველოს დასუსტებასა და დაქუცმაცებას შესაძლოა თურქული ბაზების გახსნაც კი მოჰყვეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ზურა ირემაძე თავისუფლად შეიძლებოდა მოეკლათ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებსაც. სხვათა შორის, ირემაძის სიკვდილის შემდეგ მალე  ზურაბ ჟვანიაც უცნაურად "გაიგუდა".

არის ინფორმაცია, რომ ირემაძის გენშტაბის უფროსად დანიშვნა ჟვანიას უნდოდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბრძანებაც იყო დაწერილი, მაგრამ ზურა ოთხიოდე დღეში გარდაიცვალა. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ღამეს, ასე დილის  4 საათისთვის, აღელვებული ოქრუაშვილი ბათუმში ჩამობრძანდა და საზღვაო ძალებში განგაში გამოაცხადა.

მაშინ განგაშის დანიშნულებას ვერ მივხვდით,…მისი საჭიროება სულაც არ ყოფილა. ალბათ, ოქრუაშვილს ჟვანიას მკვლელობაზე უკვე ჰქონდა ინფორმაცია და ალიბის შექმნა სურდა. როცა ზურა ირემაძის სიკვდილის  მიზეზის გამოძიება მოვითხოვე, მაშინ დავუპირისპირდი ოქრუაშვილს. თავდაცვის სამინისტროში ყველას ვუთხარი, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ-მეთქი. მას შემდეგ ოქრუაშვილი თურმე ყველა თათბირზე მაგიდაზე მუშტებს  აბრახუნებდა და გაჰყვიროდა, ჭელიძე ამდენ ხანს რატომ არ დაიჭირეთო.

ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი მრავალი დანაშაული ამძიმებს. სხვათა შორის, ჩემგან გაჟონა ინფორმაციამ იმის თაობაზეც, რომ ოქრუაშვილი იგორ გიორგაძეს საიდუმლოდ ხვდებოდა, ამ უკანასკნელის ინსტრუქციებით ხელმძღვანელობდა. ისინი სანადიროდაც კი ერთად დადიოდნენ.

P.P.S. საზღვაო სარდლის მოადგილის, ვიქტორ ჭელიძის სკანდალურ აღიარებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მზად ვართ განსხვავებული მოსაზრებებიც გამოვაქვეყნოთ.

(გაგრძელება იქნება)