"არასდროს გავხდები პარლამენტის იმ თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც პრინციპულ საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება" - კვირის პალიტრა

"არასდროს გავხდები პარლამენტის იმ თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც პრინციპულ საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება"

ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების იდეა ირაკლი კობახიძისგან მოდის, მაგრამ ამ იდეის მოფიქრების დროს ის ალბათ მარტო არ იყო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

“ეს იყო მცდელობა იმისა, რომ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის მომხიბვლელი გზა ეჩვენებინათ, რაზეც მაშინაც გამეღიმა და ვთქვი, რომ თანამდებობები არ მაინტერესებს და პოლიტიკაში კომფორტისთვის არ მოვსულვარ. კომფორტის ზონიდან მაშინ გავედი, როცა თავისუფალი პროფესია მქონდა და მხოლოდ ჩემს თავს ვეკუთვნოდი. ვიყავი ადვოკატი და წავედი ბრძოლის ველზე. ვთქვი, რომ ჩემთვის კომფორტის ზონაში გადასვლა საინტერესო არ არის. ვთქვი, რომ მზად ვარ, საერთოდ წავიდე პოლიტიკიდან, საერთოდ წავიდე სახლში, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს სამართლიანობის იდეას არ გაამრუდებს და კომიტეტს არ დავტოვებთ, მაგალითად ვანო ზარდიაშვილის ხელში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის შეფასებით, გუნდში ადგილი აქვს არა ძველებისა და ახლების დაპირისპირებას, არამედ ფასეულობათა და ღირებულებათა შორის წინააღმდეგობას.

“არასდროს გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც ამ პრინციპულ საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება. მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები - დამითმია მათთვის, ვინც პოლიტიკაში თუ ხელისუფლებაში ამ მიზნით მოვიდა. ჩემთვის წყალგამყოფია თემა, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს უკავშირდება“, - აღნიშნა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ, რომ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეთა სია არ დამტკიცდეს. ბესელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სია პარლამენტიდან გასაწვევია.