"მართალია, საქართველოში ჩემთვის ყველა კარი დაგმანულია, მაგრამ აქეთ-იქიდან მოვუვლი, რაღაც ხვრელს ვიპოვი და მაინც ჩამოვალ" - კვირის პალიტრა

"მართალია, საქართველოში ჩემთვის ყველა კარი დაგმანულია, მაგრამ აქეთ-იქიდან მოვუვლი, რაღაც ხვრელს ვიპოვი და მაინც ჩამოვალ"

"ამერიკელები თამარ მეფეზე ფილმს გადაიღებენ"

"როდესაც ქართული ფილმი - "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" ნახეს,  მარტინ სკორსეზე აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს,… დარბაზი "ბრავოს" გაიძახოდა"

"აქ კინოვარსკვლავს შეუძლია პოლიტიკოსის მიმართ ამერიკელების 99%-ის განწყობა შეცვალოს"

უკვე დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ საქართველოში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას სააკაშვილი გეგმავს, თავად წყვეტს, ვინ ჩამოიყვანოს ქვეყანაში: კუტუნიო, კრის დე ბურგი, სტივ უანდერი თუ უიტნი ჰიუსტონი...

ახლახან კი უცნაური ამბავი გავიგეთ: თურმე ჰოლივუდის თანავარსკვლავედი საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოსვლას გეგმავდა და არ ჩამოუშვეს. აპირებდნენ თუ არა ისინი ოპოზიციის მხარდაჭერას და თუ საჭირო გახდა, მოირგებს თუ არა კევინ კოსტნერი დავით გამყრელიძის როლს, ამის გარკვევა ვაშინგტონში მყოფ ცოტნე ბაკურიასთან "სკაიპის" მეშვეობით ვცადეთ. იგი პოლიტიკას დიდი ხანია ჩამოშორდა და გზა ჰოლივუდისკენ გაიკაფა.

- რთულია გზა პოლიტიკიდან ჰოლივუდამდე?

- ეს შემთხვევით მოხდა. რამდენიმე ამერიკული ორგანიზაციის წევრი გახლდით და ერთხელ "მკერდის კიბოთი დაავადებულთა ასოციაციის" კონფერენციას დავესწარი.…მოხდა ისე, რომ გვერდიგვერდ აღმოვჩნდით მე და Kკევინ კოსტნერი;…გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, მერე მან ლოს-ანჯელესში მიმიპატიჟა.

- მაინც რით დააინტერესეთ კინოვარსკვლავი?

- ვერ გეტყვით, თავიდან ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი, მერე ავუხსენი, რომ საქართველო მისთვის კარგად ნაცნობი ჯორჯია არ იყო. ძალიან უშუალო ურთიერთობა გამოგვივიდა...

- ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებთანაც მეგობრობთ?

- მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი. ისინი ძალიან ცნობილი ადამიანები არიან, მათზე ლაპარაკი მკვეხარობას დაემსგავსება.

KvirisPalitra.Ge- ფოტოებიდან ჩანს, რომ უხერხულად სულაც არ გრძნობთ თავს ამ ადამიანების გვერდით.

- თავი უხერხულად რატომ უნდა ვიგრძნო?! ქართველებს არანაკლები გვაქვს საამაყო. ერთხელ გადავწყვიტე, სახელგანთქმული ამერიკელებისათვის საქართველო გამეცნო. ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კინოთეატრში ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი მოვიწვიე და მიკროფონით გამოვაცხადე:

ახლა ნახავთ ქართულ ფილმს "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!" ფილმი ინგლისურად ნათარგმნი არ იყო, არც ტიტრები ჰქონდა რომელიმე სხვა ენაზე. შეკრებილ საზოგადოებას მისი შინაარსი ორიოდე სიტყვით გავაცანი და ფილმის ჩვენებაც დაიწყო...

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებისთვის არც ერთი სიტყვა არ იყო გასაგები, ვერ წარმოიდგენთ, ქართულმა კინომ რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა! ლეგენდად ქცეული რეჟისორი მარტინ სკორსეზე აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს,… დარბაზი "ბრავოს" გაიძახოდა.

უეცრად გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: ფილმის დამთავრებისთანავე ნინელი ჭანკვეტაძის და გია როინიშვილის კლიპის ჩვენება დაიწყო: "თოვლის ფიფქი, თავნება!" - მღეროდა ქალბატონი ნინელი.…დავიძაბე...…თურმე, სპეციალურ აპარატურაზე ფილმის გადატანისას კლიპიც გადაიტვირთა.

აღფრთოვანებული ამერიკელები სიმღერასაც დიდი ოვაციებით შეხვდნენ... ზოგიერთი ისეთი სტუმარიც მყავდა მოწვეული, ჰოლივუდში კუდი ყავარზე რომ აქვს გადებული.…დიდებულად დაგვირგვინდა ყველაფერი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი დაფასება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. იმის შემდეგ ძალიან ბევრმა ჰოლივუდში და გნებავთ, მთლიანად ლოს-ანჯელესშიც, იცის, საქართველო სად არის, როგორი კულტურის ქვეყანაა.

ხშირად მიხდება ურთიერთობა ტომ ჰენქსთან, ჯონ ვოიტთან (ანჟელინა ჯოლის მამასთან), ალ პაჩინოსთან, გენიალურ ჯეიმს ვუდსთან, რომელიც ქართველებს ყველაზე მეტად ახსოვთ ფილმით "ერთხელ ამერიკაში" (მაქსის როლის შემსრულებელია), მარტინ სკორსეზესთან და მრავალ სხვა ლეგენდარულ ადამიანთან, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

ასევე ურთიერთობა მაქვს რობერტ კენედის ცოლთან, ეტელ კენედისთან, ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრთან, რობერტ გეიტსთან და ამერიკის ყოფილ სამხედრო მდივანთან, ჰენრი კისინჯერთან.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე, ვწერ სხვადასხვა გავლენიანი გამოცემისთვის სტატიებს,… მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა საკმაოდ გავლენიან იმიჯმეიკერულ კომპანიებთან,  ვმუშაობ კონსულტანტად სხვადასხვა სფეროში, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩემთვის მაინც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა.

- იმიჯმეიკერული კომპანიები ახსენეთ, რომლებიც ალბათ პოლიტიკოსთა იმიჯზეც ზრუნავენ.

- კი, ნამდვილად ასეა. იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიო მასშტაბის არაერთ ასეთ კომპანიას ჩემი მეგობრები მართავენ.

KvirisPalitra.Ge- ჰოლივუდის მსახიობები თუ აქტიურობენ, რომ ხალხმა ამა თუ იმ პოლიტიკოსს დაუჭიროს მხარი?

- ყველაზე დიდი მონსტრი ლობისტების ოცნებაა კინოვარსკვლავების ამგვარად გამოყენება, მაგრამ ეს არცთუ იოლი გახლავთ. ჰოლივუდის მსახიობი არ ჰგავს ჩვენთვის ნაცნობ ზოგიერთ გაჭირვებულ ხელოვანს (ყველაზე არ ვამბობ), რომელიც ერთ მოხარშულ ინდაურად და რამდენიმე დოლარად გაიყიდება.

აქ ყველაფერი იყიდება, გარდა სინდისისა.  ჰოლივუდის მსახიობებიდან ზოგს იყენებენ, ზოგს - ვერა. თუმცა, არის იშვიათი შემთხვევები, როცა ვარსკვლავებს ყველას თვალწინ დაატარებენ პოლიტიკოსები. მაგალითად, მაკკეინს ხშირად თან ახლავს სტალონე, რესპუბლიკელი მაჰადი ხშირად ჩაკ ნორისთან ერთად ჩნდება საზოგადოებაში. თქვენ რომ იცოდეთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე დიდი ფული ჰოლივუდიდან შემოდის.

მაგალითად, სპილბერგი იტყვის: მე ვმართავ ვახშამს ბარაქ ობამასთვის, თითო მაგიდა ღირს 25 ათასი დოლარი!… იცით, ასეთ დროს რა ამბავია ხოლმე? ყველას უნდა საღამოზე მისვლა, ამდენად, ამერიკაში  დიდი გავლენა აქვთ მსახიობებს პოლიტიკაზე. აქ კინოვარსკვლავს შეუძლია პოლიტიკოსის მიმართ ამერიკელების 99 %-ის განწყობა შეცვალოს.

აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი რომ შეკრიბო ერთად და 24 საათი ალაპარაკო, აქაურ მოქალაქეზე ისეთ გავლენას ვერ მოახდენენ, როგორსაც რობერტ დე ნიროს ან მელ გიბსონის  ერთი სიტყვა. მე თან ვახლდი ერთ-ერთ ჰოლივუდელ ვარსკვლავს მოგზაურობისას;

თვითმფრინავიდან მიწაზე ფეხი დავდგით თუ არა, მას აზიის 6 ქვეყნის მეფისაგან სადილზე მიწვევის თხოვნა მოუვიდა და როცა ფართო მოედანზე ერთად შეკრებილ 100 ათასამდე ტრანსში მყოფ ადამიანს შეხვდა, იგრძნო, რომ ეგზალტირებული მასა სიყვარულისგან სიამოვნებით დაგლეჯდა, ამიტომ კინოვარსკვლავი ვერტმფრენიდან ჩამოშვებული გალიით სასწრაფოდ გაიყვანეს.

KvirisPalitra.Ge- თქვენს მეგობარ კევინ კოსტნერს მართლა უნდოდა საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოსვლა?

- აქ ძალიან სერიოზული პროექტის განხორციელებაზე იყო საუბარი, რომლის ავტორები საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ. 3 წელიწადია მიმდინარეობს ფილმის გადაღება, რომელიც საკმაოდ კარგად გავრცელდება მსოფლიოში, ვინაიდან ამაში დიდი ფულია ჩადებული. ფილმი ეხება ადამიანს, რომელიც მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, არის ღარიბი, მაგრამ დიდი სურვილი აქვს ნახოს, რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა.

ეს ადამიანი ხან ურიკით მგზავრობს, ხან ველოსიპედით, ხან დანჯღრეული მანქანით, ზოგჯერ - ტაქსითაც.… გზადაგზა რაღაცას წაიმუშავებს, ორ კაპიკს გააკეთებს, საჭმელს იშოვის და ახალი ქვეყნისკენ მიდის.…ამ ფილმისთვის საჭირო კადრები სხვადასხვა ქვეყანაში გადაიღეს, რომელთა შორის იყო მაროკო, განა, რუსეთი და ა.შ. მე მინდოდა, კადრები საქართველოშიც გადაეღოთ და საკმაოდ გავლენიანი ადამიანები ამაზე დავითანხმე.

არა მარტო კოსტნერი, საქართველოში ჰოლივუდის მრავალი გამოჩენილი ადამიანი ჩამოვიდოდა, რასაც დიდი ფული მოჰყვებოდა, ტურისტებსაც მოვიზიდავდით...

საქართველოში რომ გაიგეს, ცოტნე ბაკურიას ვიღაცები ჩამოჰყავს საქართველოშიო, ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ მშვენიერი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ხელი შეეშალათ.

წინააღმდეგობა გაგვიწია საქართველოს საელჩომაც, მერიამაც, რომლის წინ ერთ-ერთი სცენის გადასაღებად მცირე ხნით ხალხი უნდა შეკრებილიყო; მაშინ, 2007 წლის შემოდგომაზე, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ეს არ მოხერხდა.

- ხალხი ისედაც იკრიბებოდა მრავალათასიან აქციებზე. იქ თუ კევინ კოსტნერი გამოცხადდებოდა და მომიტინგეებს მხარს დაუჭერდა, ვის დაარწმუნებდით, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი სცენის გადაღება იყო? სი-ენ-ენიც ელვის უსწრაფესად გაავრცელებდა სკანდალურ ინფორმაციას.

- თქვენ რატომღაც მხოლოდ კევინ კოსტნერზე ამახვილებთ ყურადღებას, არადა,  მხედველობაში მყავს არა მხოლოდ ის, არამედ ალ პაჩინო, ანა ფერესი, ჯონ ვოიტი, ტომ ჰენქსი და ბევრი სხვა, რომლებიც ნებისმიერ დროს განაცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს და არა - ერთ ადამიანს.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩამოდის მელ გიბსონი საქართველოში… და ამბობს: "ხალხო, საქართველოში ხდება უბედურება, ხალხს უჭირს, შიმშილით კვდება, ცივილიზებულმა სამყარომ თვალები უნდა გაახილოს!"…როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?!

KvirisPalitra.Ge- კულუარული ინფორმაციით, კევინ კოსტნერი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, ქართველ "რესპუბლიკელებს" და "ახალ მემარჯვენეებს" გულშემატკივრობს.

- კიდევ ერთხელ ვამბობ, იგი ქართველ ხალხს გულშემატკივრობს. ჩვენ ვსაუბრობთ უდიდეს კინოინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებზე, რომელთა მთავარი გმირები ლიბერალიზმის, თავისუფლების, დემოკრატიის მოტრფიალეები არიან. კოსტნერი მართლაც გახლავთ რესპუბლიკური პარტიის წევრი, მაგრამ ის ტიპური რესპუბლიკელი არ არის, უბრალოდ, ამა თუ იმ საკითხზე გააჩნია კონსერვატორული შეხედულებები, მე კი იმდენი ფინანსური საშუალება არ მაქვს, რომ გამოვიყენო ჩემი ურთიერთობები, ვიღაც დავაინტერესო,…ბოლოს და ბოლოს, საქმეს უნდა მოვწყვიტო ადამიანი, რომლისთვისაც დრო ფულია...

- გულწრფელად გვითხარით, რაც საქართველოდან წახვედით, ქართველ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა არ გქონიათ?

- კი, როგორ არ მქონია. რამდენიმე მათგანი ჩემი სტუმარიც იყო ვაშინგტონში. მათ სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ. საერთოდ, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ მაქვს ადამიანებთან ურთიერთობა. მეგობრები მყავს ამჟამინდელ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.…

- თქვენი აზრით, როგორი მომავალი აქვს ფილმს, რომელსაც საქართველო-რუსეთის ომზე გადაიღეს, სადაც სააკაშვილის როლს ენდი გარსია ასრულებს?

- ეს მხოლოდ ერთი ადამიანის წარმოჩენას ემსახურებოდა, მაგ ფილმზე ჰოლივუდში არაფერი იციან!

- არ მითხრათ, რომ საქართველოში გადაღებული ერთი სცენის გარდა არც ერთი სხვა კადრი არ გადაუღიათ.

- არა, ეს მე არ ვიცი, უბრალოდ, ამ ფილმის დისტრიბუციისთვის ფული თუ არ დაიხარჯა, რაც გულისხმობს მის რეკლამირებასა და სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელების საკითხების მოგვარებას, მის გადაღებას აზრი აღარ აქვს, ე.ი. სახელმწიფომ რაც დახარჯა, ის თანხა მხოლოდ ერთი ადამიანის მოკლევადიან პიარს მოახმარა. ვისაც კინემატოგრაფიასთან კავშირი აქვს, კარგად გაიგებს, რასაც ვამბობ. ჰოლივუდში თუ ამ ფილმზე არავინ არაფერი იცის და თუ დისტრიბუციის საკითხები მოუგვარებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამერიკულ კინოთეატრებში ვერასოდეს გავა.

ენდი გარსია ნამდვილად კარგი მსახიობია, მაგრამ მან მხოლოდ ფული აიღო და ხვალ თუ ფილმი ვერ გავრცელდება, ნაკლებად ანაღვლებს. შესაძლოა, საქართველოს სახელიც კი ვერ გაიხსენოს. საქართველოში ვიღაცებს მილიონების წინ და უკან ყრა არ ეზარებათ! არ გეწყინოთ, მაგრამ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობთ, არც ის იცით, ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით საბჭოთა კავშირის ყოფილი 15 რესპუბლიკიდან საქართველო ეკონომიკური განვითარების ტემპით რომ მე-14 ადგილზეა, მხოლოდ ტაჯიკეთს უსწრებს.

თქვენ კი გგონიათ, მსოფლიოს ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში მე-14 ადგილზე ხართ და სულ ცოტათი ჩამორჩებით სინგაპურს.…იცით, რომ ახლახან ჟურნალმა "ნიუსვიკმა" მსოფლიოს 100 მოწინავე სახელმწიფოს სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ ვერც ერთი პარამეტრით ადგილი ვერ დაიკავა (მხედველობაში მიიღეს ხალხის განათლებასთან, ჯანმრთელობასთან, კრიმინალურ მდგომარეობასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, სტაბილურობასთან დაკავშირებული მაჩვენებლები)? ბურკინა-ფასო, კამერუნი, გაბონი და კიდევ არაერთი ქვეყანა მოხვდა ამ ჩამონათვალში! მეუბნებიან, თურმე საცურაო აუზები შენდება ქვეყანაში.

იცით, რომ ჩრდილო კორეაში 2 მილიონი საცურაო აუზია, თანაც სულ მარმარილოთი მოპირკეთებული, გამჭვირვალე, იონიზებული წყლით სავსე, მაგრამ განა შეიძლება ითქვას, რომ იქ ყველაფერი კარგად არის? 21-ე საუკუნეში დედამიწიდან გაგზავნილი რობოტები მარსზე დადიან, ადამიანებმა კი ლამის სხვა გალაქტიკაში დაისვენონ, თქვენ კი ყოველდღე ჩაგჩიჩინებენ, რომ თუ შინ ნათურა გინთიათ, დიდი მიღწევაა.

KvirisPalitra.Ge- ისევ კინოინდუსტრიას დავუბრუნდეთ. რამდენადაც ვიცი, ჰოლივუდი დაინტერესდა პროექტით, რომელიც თამარ მეფის პერიოდის ეკრანიზაციას ეხება.

- ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი, რომლის ავტორიც მე ნამდვილად არა ვარ. ვიცი, რომ ამაში ჩართულია ძალიან გავლენიანი ადამიანების ჯგუფი. ფილმის გადაღებით დაინტერესებულია ორი წამყვანი კინოსტუდია, უკვე გამოყოფილია რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი, თუმცა პროდიუსერები 100 მილიონამდე თანხის შეგროვებას გეგმავენ.

- როგორ ხსნით ამ პროექტით ამერიკელების დაინტერესებას?

- მოგეხსენებათ, რაოდენ აქტუალურია რადიკალური ისლამის თემა, საფრთხეების განხილვა, ფილმი კი ეხება მე-12 საუკუნის საქართველოს - მცირერიცხოვან, მართლმადიდებელ ქვეყანას, რომელიც უზარმაზარი მუსლიმანური სამყაროს წინაშე თავისი ძლევამოსილებით ბრწყინავდა!…ამასთან, ქალის ფენომენი მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის.

თავად ამერიკა ქალ პრეზიდენტს ვერ ეღირსა, ჩვენ კი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალი მეფე და არა - დედოფალი, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა, შემოიღო ქვეყანაში ადვოკატის ინსტიტუტი. გესმით, ეს ამბავი ამერიკელებზე როგორ გავლენას ახდენს?

რაც მთავარია, ქვეყანაში უძველეს ეპოქაში არსებობდა თანასწორობა როგორც ქალისა და მამაკაცის, ასევე ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით; თამარ მეფეს რამდენიმე მუსლიმანი მრჩეველი ჰყავდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუბაზ სანიკიძეს და ისტორიკოსთა ჯგუფს, რომლებმაც ამ ეპოქაზე ძალიან ბევრი ისტორიული ცნობა მომაწოდეს. აქვე გაგიმხელთ, რომ ამ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ბრედ პიტი შეასრულებს. თამარ მეფის სახე კი, ჯერჯერობით, ვერაფრით შეარჩიეს.

- ალბათ, საქართველო ძალიან გენატრებათ.

- მართლაც მენატრება და,…ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩამოვალ. მართალია, მანდ ჩემთვის ყველა კარი დაგმანულია, მაგრამ აქეთ-იქიდან მოვუვლი, რაღაც ხვრელს ვიპოვი და ჩამოვალ, თუმცა ჩემგან პოლიტიკურ აქტიურობას აღარავინ უნდა ელოდოს.