კაჭრეთში "ქართული ოცნების" შეხვედრას მთავრობის წევრებიც ესწრებიან - რა საკითხზე მსჯელობს მმართველი გუნდი? - კვირის პალიტრა

კაჭრეთში "ქართული ოცნების" შეხვედრას მთავრობის წევრებიც ესწრებიან - რა საკითხზე მსჯელობს მმართველი გუნდი?

კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრას საქართველოს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან, - ამის შესახებ კაჭრეთში, პარტია "ქართული ოცნების" შეხვედრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრისას არაერთ თემას განიხილავენ, მათ შორის საქართველოს მთავრობის გეგმებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

"შეხვედრისას დეტალურად გავივლით ყველა თემას. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის გეგმებთან, რაც მიმართულია ქვეყნის ევროატლანტიკურ გეგმებთან. ამ საკითხებზე გვჭირდება ახლო კომუნიკაცია მთავრობასთან. შეხედრას ესწრება საქართველოს მთავრობა და პარლამენტის დეპუტატები, "ქართული ოცნების" წევრები", - განაცხადა ზალკალიანმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემაა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

"ტარდება სემინარი, შეხვედრა, რომელშიც ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის გაუმჯობესდეს კოორდინაცია. არის კონკრეტული თემებიც. ძირითადი თემაა კოორდინაციისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება. ესაა დანერგილი პრაქტიკა დასავლეთის, ევროპის ქვეყნებში", - განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებიან აღნიშნულ შეხვედრას ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ სემინარები გაგრძელდება და მოიცავს პარლამენტის წევრთა გაცილებით დიდ ჯგუფს.

"რაც შეეხება თქვენს კითხვას, სემინარს პარლამენტართა მხოლოდ ნაწილი ესწრება. კომიტეტების თავმჯდომარეები ბევრნი არ არიან. იქნება ასეთი შეხვედრები, როდესაც სხვა ნაწილი დაესწრება. შეუძლებელია ასეთი სემინარის 50-100 კაციან ჯგუფებში ჩატარება. ესაა ამ სემინარის პირველი ეტაპი, სემინარები გაგრძელდება და მოიცავს პარლამენტის წევრთა გაცილებით დიდ ჯგუფს. კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი აქ არაა", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სემინარი უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"