ბენდუქიძე - ბენდუქიძეზე - კვირის პალიტრა

ბენდუქიძე - ბენდუქიძეზე

"გგონიათ ბევრმა ქართველმა იცის, ხარსა და ბუღას შორის რა განსხვავებაა?"

"როგორც წესი, კაჟის ადამიანებიც ტყდებიან"

"ხელისუფლებაში, მათ შორის - პარლამენტში, სხვადასხვა გუნდია"

"2004 წლის მაისი, მოსკოვი. ნაცნობი მირეკავს და მეუბნება, მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჟვანიამ ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრობა შემომთავაზა. ასე, 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი", - იხსენებს კახა ბენდუქიძე საქართველოში დაბრუნებას რუსეთში ოცდახუთწლიანი  ცხოვრებისა და საქმიანობის  შემდეგ.

- სულ სამჯერ გამოვიცვალე საქმიანობა: მეცნიერებიდან ბიზნესში გადავედი, ბიზნესიდან სახელმწიფო სამსახურში და ახლა განათლების სფეროში ვარ. ხუთი წელი მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე, მაგრამ რეალურად ერთ საქმეს ვაკეთებდი.

- ერთგან წერთ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ "რაღაცის გაკეთება მოვახერხე, რაღაცის - ვერა. რაღაცები შემეშალა, რაღაცები სხვებს შეეშალათ. რაც გაკეთდა ქვეყანაში, ზოგი რამ მომწონს, ზოგი რამ - არა". ბატონო კახა, მაინც რა შეგეშალათ და რა არ გამოგივიდათ?

- შეცდომა ბევრი იყო... შეცდომა იყო, რომ არასაკმარისად ვიბრძოლე,  შეცდომა იყო, რომ 2004 წელს საგადასახადო კოდექსზე მსჯელობისას კომპრომისზე წავედი. ჩემი აზრით, მაშინვე აჯობებდა გადასახადების უფრო მნიშვნელოვანი შემცირება, მაგრამ  რადიკალურ ნაბიჯებზე უარს ვამბობდი, რათა ზოგიერთ კოლეგასთან ურთიერთობა არ გამეფუჭებინა.

არ შეიძლება გუნდის გადაწყვეტილებებს ანგარიში არ გაუწიო. უამისოდ იზოლაციაში აღმოჩნდები და შესაძლოა, მხოლოდ სამი დღე იყო მინისტრი. ზოგიერთ საკითხზე ჩემი აზრი გავიტანე, ზოგიერთზე - ვერა.

ახალგაზრდობიდანვე მქონდა წარმოდგენა, რომ ადამიანი ან კაკალს ჰგავს, ან ატამს.  კაკალი გარედან მაგარია და შიგნით - რბილი. Aატამი  გარედან კი რბილია, მაგრამ შიგნიდან აქვს ისეთი მაგარი კურკა, აგურითაც რომ ვერ გატეხ. სჯობს ადამიანი შინაგანად იყოს მაგარი, ღერძი ჰქონდეს, ვიდრე ფორმალურად იყოს კაჟივით და პირველივე პრობლემაზე ბზარი გაუჩნდეს, ადვილად მოსარევი გახდეს.

ცოტას კამათობდა და ჩხუბობდაო, ჩემზე ვერ იტყვიან, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, გამეკეთებინა, კამათი რომ არ  დამზარებოდა. მაგალითად, სატყეო რეფორმა ისეთი არ გამოვიდა, როგორიც უნდა გამოსულიყო. ვისაც სოფლად აქვთ ტყეები (მაგალითად, დასავლეთ საქართველოში), უნდა დაჰკანონებოდათ. საამისოდ კანონიც მქონდა მომზადებული, მაგრამ... ალბათ, ჩემი შეცდომაა, რომ ეს კანონი ვერ გავიდა.

ასევე ვერ ვიქნები კმაყოფილი იმით, როგორაც წარიმართა 100 საავადმყოფოს პროექტი, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების იდეა იყო. ეს პროექტი ისე ვერ განხორციელდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. ბიუროკრატიული არაეფექტურობის გამო საქმე ძალიან გაჭიანურდა და მოგეხსენებათ, გაჭიანურებული საქმე ეშმაკისაა.

ამას კრიზისი და ომიც დაერთო. მე რომ თავიდან ბოლომდე ამ პროექტზე პასუხისმგებელი ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. გეგმაც მქონდა, 2008 წელს საავადმყოფოების დიდი ნაწილი დამთავრდებოდა.  პროექტის შეფერხება, რომელიც ძალიან მინდოდა გაკეთებულიყო, ჩემი მარცხიცაა. გული მწყდება, რომ ამის გაკეთების საშუალება  არ მომეცა.

- საკადრო პოლიტიკაში წინსვლად მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური რეფორმები კახა ბენდუქიძით დაიწყო და საქმე ბოლოს ვერა ქობალიას ჩააბარეს?

- მჯობის მჯობი არ დაილევა. ისეთი პირი უჩანს, ქალბატონი ვერა უფრო ეფექტური მინისტრი იქნება,  ვიდრე ორი წინამორბედი.

ქალბატონ ვერას და მე საერთო ის გვაქვს, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვედით, წარმოდგენა არ გვქონდა, ვინ რას აკეთებდა ამ ქვეყანაში. მის მონდომებას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ბევრ რამეს შეძლებს.

თუმცა უნდა ვთქვა, რომ შეცდომა იყო ეკონომიკის მინისტრების წინა ორი (ლაშა ჟვანია და ზურაბ პოლოლიკაშვილი) დანიშვნა, მაგრამ ამას მინისტრის მუშაობის შემდეგ ხვდები, წინასწარ ხომ არ იცი? ჩემი დანიშვნის გადაწყვეტილებაც ძალიან სწრაფად მიიღეს, ღრმა შესწავლის გარეშე.

- მაგრამ ზურაბ ჟვანიამ იცოდა, რომ თქვენ გქონდათ გამოცდილება და წარმატებული ბიზნესი.

- ჩემზე ბევრი ფული ჰქონდა გაკეთებული ბადრი პატარკაციშვილს, მაგრამ ეკონომიკის მინისტრად მისი დანიშვნა არ შეიძლებოდა. ფულის გაკეთება ხომ არ არის პარამეტრი იმისა, რომ ადამიანი შეძლებს ეკონომიკის მინისტრობას? არც ის არის აუცილებელი, მინისტრი იმ დარგის სპეციალისტი იყოს, სადაც ინიშნება. მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა.

არ არის აუცილებელი ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკის პროფესორი იყოს, განათლების მინისტრი - განათლების სფეროში ნამუშევარი, კულტურის მინისტრი კი  მაინცდამაინც ჩანგზე  უკრავდეს, შს მინისტრს დაკითხვების გამოცდილება ჰქონდეს, თავდაცვის მინისტრმა კი კარგი სროლა იცოდეს. მინისტრის  ფუნქცია არ არის დაკავშირებული კონკრეტულ უნარ-ჩვევებსა და განათლებასთან. მთავარი მსოფლმხედველობრივი საკითხია.

- მაგრამ, ალბათ, არც ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრივით უნდა იყოს, რომელმაც განაცხადა, ჰოლანდიიდან დედალ და მამალ ძროხებს ჩამოვიყვანთო.

- ამ შემთხვევაში  პრობლემა და  ხარვეზი დაკავშირებულია ქართულის ცოდნასა და არა მინისტრობასთან. მინახავს ძალიან ჭკვიანი თბილისელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თხა ცხვრის ქმარია, ან ბატკანსა და თიკანს ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებენ. ამ ხალხს არც განათლება აკლია და არც ინტელექტი, სადოქტოროებიც აქვთ დაცული, მაგრამ სოფლის ცხოვრებას არ იცნობენ და ტერმინებიც არ იციან.

ისე, რა თქმა უნდა, აჯობებდა მინისტრს ეთქვა, ძროხებსა და ბუღებს ჩამოვიყვანთო, მაგრამ გგონიათ ბევრმა ქართველმა იცის, ხარსა და ბუღას შორის რა განსხვავებაა? საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაიზარდა და განათლებაც იქ  მიიღო. ის ინგლისურად ბევრად უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე ბერძნულად, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იყოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი. სომხეთის წინა პრეზიდენტმა (ქოჩარიანმა) სომხურად წერა მას შემდეგ ისწავლა, რაც პრეზიდენტი გახდა. ცხადია, კარგია, სოფლის მეურნეობის მინისტრმა იცოდეს, რა არის მახა და ზანდური, მაგრამ აბა, თქვენ თუ იცით?

- ქართული ხორბლის უძველესი ჯიშებია.

- გცოდნიათ. ტრაგედია და  დრამა ის იქნება, თუ სოფლის მეურნეობის მინისტრს არ ეცოდინება, როგორ განვითარდეს სოფლის მეუნეობა. მეორე საკითხია, რამდენად პროფესიონალი იქნება სხვა ხალხი  სამინისტროში. მაგალითად, შეცდომაა, როდესაც მინისტრი მიდის და ყველა თანამშრომელი იცვლება.

- ჩვენთან ხშირად ასე ხდება. ყველას თავისი გუნდი მოჰყავს.

- ეს აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკაა. ეკონომიკის მინისტრად რომ დავინიშნე, ჩემი გუნდით არ მოვსულვარ. ვინც დამხვდა, იმ ხალხთან ვიმუშავე, მხოლოდ თანამშრომელთა რაოდენობა შევამცირე სამჯერ კონკურსით. მოადგილეებიც კი არ შემიცვლია. ასევე კონკურსით ორი კაცი მივიღე. ზოგისაგან გამიგია, ვისაც არ ვიცნობ, მასთან მუშაობა არ შემიძლიაო. თუ ამის ფუფუნება გაქვს, კარგია, მაგრამ იმასთანაც უნდა შეგეძლოს მუშაობა, ვისაც არ იცნობ. ჩემთვის მთავარია, ადამიანი კარგად აკეთებდეს საქმეს.

- ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გაატარეთ და იქნებ იქ უკეთ დაინახეთ, რას გვერჩის ჩვენი მეზობელი?

- რუსეთისთვის  საქართველო გართულებული ცალმხრივი სიყვარულივითაა. რადგან  საქართველოს ეს სიყვარული გაუქრა, რუსეთი შფოთავს. როდესაც გვერდით ამხელა მეზობელი ჰყავს, საქართველოსთვის მასთან განშორება ადვილი არ იქნება. კიდევ დიდი ხანი დასჭირდება საქართველოს შემოტრიალებას ისე, რომ რუსეთზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული.

არ შეიძლება ერთდროულად ამერიკისკენაც ვიყოთ და რუსეთისკენაც. ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან მეორე. ფინეთი ოდესღაც რუსეთის ნაწილი იყო, დღესაც მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ ამ ქვეყნებს, მაგრამ ფინეთი არ არის რუსეთის ორბიტის ქვეყანა. ჩვენთვის ფინეთი უნდა იყოს მაგალითი.

100 წლის წინ ფინეთის ქალაქის მოსახლეობამ რუსული იცოდა, დღეს კი ინგლისური იციან. ჩვენ ვიქნებით ან მოლდავეთივით, სადაც ნახევარი მოსახლეობა რუსულად ლაპარაკობს, ან ფინეთივით, სადაც ყველა ლაპარაკობს ფინურად და ინგლისურიც კარგად იციან. მხოლოდ ენის პრობლემა არა გვაქვს, ჩვენ საბჭოთა ცხოვრების წესსაც უნდა დავემშვიდობოთ. ამიტომაც მის მემკვიდრეს მაქსიმალურად უნდა დავშორდეთ.

- ამას წინათ თქვენი "ერთი ბიჭის ისტორია" წავიკითხე, რომელიც დავით აღმაშენებელზეა. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ამ წერილს დიდი მსჯელობა მოჰყვა, ზოგმა გაგკიცხათ, წმინდანად შერაცხილი მეფე ებრაელად გამოიყვანაო. რა იყო ამ წერილის დაწერის მოტივი, დავით აღმაშენებელი თქვენი საყვარელი მეფეა თუ...

- დავით აღმაშენებელი ნამდვილად არ არის ჩემი საყვარელი მეფე. ვნახე კომენტარები, როგორ შეიძლება დავითზე იმის თქმა, რომ  ებრაელი იყოო. მხოლოდ ის ვთქვი, რასაც   ბაგრატიონები თავად აცხადებენ, ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლები ვართო. მათ საგვარეულო გერბზე ამიტომაც იყო გამოხატული ქნარი და შურდული.

"ერთი ბიჭის ისტორიაში" აღვწერე ფაქტები, რომლებიც დავით აღმაშენებლის დროს მოხდა, მაგრამ აღვწერე თანამედროვე სიტყვებით, ისე როგორც თანამედროვე ქართული ენაა მოწყობილი, რადგან არ მიყვარს მაღალფარდოვანი ქართული ენა. ამ წერილის დაწერას ერთი შემთხვევა უძღოდა წინ: ერთი ინგლისელი ჟურნალისტი იყო ჩამოსული, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს. მითხრა, საღამოს თუ დრო გექნებათ, მოდით, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში იქნებითო.

მივედი და საუბრისას შევნიშნე, დღეს პოლიტიკოსმა რომ იგივე გააკეთოს, რაც დავით აღმაშენებელმა გააკეთა, ეგრევე ჩაირეცხება-მეთქი და ინგლისელ ჟურნალისტს მოვუყევი, რომ დავითმა ურჯულოები ჩამოასახლა და თბილისი დაიპყრო; რომ თბილისისთვის ბრძოლაში ქართველები და არაბები კი არა, ქართველები ებრძოდნენ ერთმანეთს; რომ დავით აღმაშენებელს დედა და ბებია ქართველები არ ჰყავდა და არც ეკლესია  უჭერდა მხარს.

მანამდე ერთი წერილი წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ მას მხარს მხოლოდ რუის-ურბნისის ეპარქია უჭერდა და ამიტომაც ჩაატარა იქ საეკლესიო კრებაო. არ ვიცი, ეს სწორია თუ არა, მაგრამ სიმართლეს ჰგავს. ჩემს ამ საუბარს "ლიბერალის" რედაქტორი შორენა შავერდაშვილი შეესწრო და მითხრა, ეგ ისტორია აუცილებლად  უნდა დაწეროთო და მეც დავწერე.

- თვლით რომ პოპულარული ხართ?

- გოგა ხაინდრავამ, რომელთანაც თავის დროზე კარგი ურთიერთობა მქონდა, ამას წინათ ჩამოთვალა რამდენიმე გვარი, მათ შორის - ჩემიც და დასძინა, ესენი რუსეთის აგენტები არიანო. მერე თქვა, ამერიკისო, ბოლოს კი  სომხეთის აგენტებად გამოგვაცხადა. პოლიტიკაში  დამკვიდრდა, შენი პოპულარობა შეიძლება არაპოპულარული ფიგურის ლანძღვით გაზარდო.

ბენდუქიძე არაპოპულარულია და მოდი, გავლანძღოთ და ხალხიც იტყვის, აუ, რა მაგარიაო! თანაც რა პატრიოტული, როდესაც, მაგალითად, "ჩიხრია ფიქრაძე" ლანძღავს ბენდუქიძეს. არა მგონია, ისეთი არაპოპულარულიც ვიყო, რომ ჩემზე ყველაფერი დაიჯერონ. Kიყვნენ ადამიანები, ვისაც არ ვეხატებოდი გულზე და პერსონალურად მებრძოდნენ.

- ეს ხალხი დღეს ხელისუფლებაშია?

- დიახ, მათ შორის - პარალამენტშიც.

- ანუ თქვენი მთავრობიდან წამოსვლა სახელისუფლებო გუნდებს შორის დაპირისპირების შედეგი იყო?

- ძალიან მაღლა გუნდები არ არსებობს. თუმცა  ფაქტია, ხელისუფლებაში, მათ შორის - პარლამენტში, სხვადასხვა გუნდია.

-  ბატონო კახა, ოცნება გიყვართ?

- ოცნება არა, მაგრამ სურვილები მაქვს ოხრად. იმდენი, რომ თქვენი სქელი გაზეთიც ვერ ეყოფა მათ  ჩამოთვლას. უპირველესად მინდა, ჯანმრთელად ვიყო, საქართველო განვითარებული, შეძლებული, ძლიერი ქვეყანა იყოს, თავისუფალი უნივერსიტეტი კი - წარმატებული. ასევე მინდა, ჩემი ნათესავები იყვნენ კარგად.