"ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!" - კვირის პალიტრა

"ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწერალთა მსოფლიო გაერთიანება საერთაშორისო პენკლუბისა და მისი ამერიკული ფილიალის სახელით ორი საპროტესტო წერილი მიიღო.

მსოფლიოში აღიარებული მწერლები, რომელთა შორისაც ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატია, საერთაშორისო პენკლუბის ქართული ცენტრის სამი წევრის: ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინისა (იგივე შოთა დიღმელაშვილი) და ალექსი ჩიღვინაძის უკანონო დაპატიმრებამ და დაჯარიმებამ აღაშფოთა.

მარიო ვარგას ლიოსა, ტონი მორისონი, რასელ ბენქსი და სხვა სახელოვანი მწერლები საქართველოს პრეზიდენტისგან, მთავარი პროკურორისა და სახალხო დამცველისგან მკაცრად მოითხოვენ კაკაბაძის, გაგარინისა და ჩიღვინაძის უფლებების დაცვას.

"თქვენო აღმატებულებავ, გწერთ ამერიკის შეერთებული შტატების პენკლუბის 3500 წევრის სახელით", - ნათქვამია მწერალთა მიმართვაში, რომელიც უმაღლეს ხელისუფალთ განუმარტავს, რომ მიმართვა ამ ორგანიზაციის 101 ქვეყნის 144 მოქმედი ცენტრის პოზიციას გამოხატავს.

14 აგვისტოს პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ, შოთა გაგარინმა და ალექსი ჩიღვინაძემ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საპროტესტო არტაქცია მოაწყვეს. ორგანიზატორები ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელწოდებას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელი დაერქმიათ. საპროტესტო არტაქცია "ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!" მათი დაპატიმრებით დასრულდა.

გელა ნიკოლაიშვილი, ირაკლი კაკაბაძის ადვოკატი: - 14 აგვისტოს პოეტები შეიკრიბნენ ისანში, ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისში, სადაც გზის პირას ბუშის უზარმაზარი გამოსახულება ჰკიდია. აქციის მონაწილეებმა აბრას შავი საღებავით ჯორჯ ბუშის ქუჩის ნაცვლად უოლტ უიტმენის ქუჩა დააწერეს. პოლიცია იმ დროს გამოცხადდა, როცა აქციის მონაწილეები ლექსებს კითხულობდნენ.

KvirisPalitra.Geპოლიციელები კარგა ხანს რეკავდნენ სადღაც, რა ვქნათო. ბოლოს ვიღაცამ უბრძანა ტელეფონით, დააპატიმრეთ ეგენიო. პოეტებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში, წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს. ამ ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ამსახველი ვიდეოფირი სასამართლოს წარვუდგინეთ. საქმე ის არის, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა.

უთხრეს, უნდა დაგაკავოთო, ისინიც მორჩილად ჩასხდნენ მანქანაში. მოსამართლეს ვთხოვეთ, ენახა ფირი, მაგრამ უარი მივიღეთ. სასამართლომ პოეტებს 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს.

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებგვერდის მთავარი რედაქტორი: - ორივე მიმართვა ძალიან მკაცრია. მწერლები ვერ მალავენ აღშფოთებას ქართველი კოლეგების უკანონოდ დაპატიმრების გამო. ორივე მიმართვაში გაპროტესტებულია შოთა დიღმელაშვილის ჟურნალ "ტაბულიდან" გათავისუფლებაც. მოგეხსენებათ, "ტაბულის" რედაქტორი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩორგოლეიშვილია.

შოთა გაგარინი სტილისტად მუშაობდა. ჩორგოლეიშვილმა მას "ფეისბუკით" აცნობა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც დიღმელაშვილი ამბობს, რედაქტორმა მიზეზად მისი სოციალური აქტივობა მოიყვანა და უთხრა, ჩემთვის უნდა შეგეთანხმებინაო.

ამერიკული პენკლუბი მიმართვის ასლს აშშ-ში საქართველოს ელჩს ბათუ ქუთელიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს უგზავნის. პენკლუბის მიმართვის მეორე ადრესატები კი საქართველოს პრეზიდენტი, მთავარი პროკურორი და სახალხო დამცველი არიან.