"ზუსტად ვიცი, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთი აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას" - კვირის პალიტრა

"ზუსტად ვიცი, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთი აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას"

თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ავტომატურად აღიარებს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, დღეს საქართველოს საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს საკმაოდ ფრთხილად ეკიდება, თუმცა პოლიტიკოსები და ექსპერტები ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივისთვის შესაძლოა, დამღუპველი იყოს.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი თემები წამოიწია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მეტ-ნაკლებად აქტუალურია პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მხარდაჭერას ეხება. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის. მე სრულიადაც არ მიკვირს ის ძალიან ფრთხილი მიდგომა, რომელსაც ახლა საქართველოს საპატრიარქო იყენებს. ის მაქსიმალური ყურადღებითა და სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს, რასაც ვერ ვიტყვი ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებზე. მინდა, მათ პირდაპირ ვკითხო: ბატონებო, ჩვენთვის რა არის უმნიშვნელოვანესი და უზენაესი - საქართველოს ინტერესები თუ ზოგადად ნათქვამი სიტყვები სამართლიანობასთან დაკავშირებით? ჩვენი სამშობლოს ერთიანობა თუ უკრაინელი ხალხის ინტერესი? პატივს ვცემ ყველა ხალხს, მათ შორის უკრაინას და უკრაინელებს, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესი ჩემთვის უზენაესია.

იმ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მივმართავ, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისკენ - ერთი წამითაც არ ვუშვებ, რომ თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა და არ გინდათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება. ნამდვილად არ მოგაყენებთ ასეთ შეურაცხყოფას, მაგრამ ვიტყვი, რომ ახსნა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ, ის არის, რომ უბრალოდ, არ იცით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს სიტყვებს და არ გესმით, რომ ეკლესიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზუსტად ვიცი, თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად გაკეთებს იმას, რაც აქამდე არ გაუკეთებია - აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობისკენ და დამღუპველი საქართველოს ერთიანობის პერსპექტივისთვის. ასე, რომ გონს მოდით, პატივცემულო პოლიტიკოსებო და პროდასავლურობის და უზენაესი სამართლიანობის ფარდას ამოფარებულები ნუ მოითხოვთ ისეთ რამეს, რაც შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის დამაქცეველი აღმოჩნდეს. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ისევ სიფრთხილით იმოქმედებს და არ მოხდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, რომელიც როგორც ძალიან ბევრი რელიგიის მცოდნე და თეოლოგი ამბობს, არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც ეს შეიძლება ზოგჯერ პროპაგანდის მანქანიდან ჩანდეს. იმოქმედეთ საკუთარი ინტერესებიდან და არა ამერიკისა ან ზოგადად, დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებს, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ მათი ინტერესები განსხვავდება მიუხედავად მათ შორის მეგობრული ურთიერთობებისა, და თითოეული საკუთარ პოზიციას იკავებს. ეს ნორმალურია, რადგან ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"