"იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიაზე? - კვირის პალიტრა

"იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ" - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიაზე?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში განიხილებოდა.

შესაბამისად, ივანიშვილისთვის უცნობია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს.

ამასთან, როგორც ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში განმარტავს, ბესელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში მისი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა.

ამ ფონზე, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.

გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი", - აცხადებს ივანიშვილი.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს