ხომ არ ბნელა? - კვირის პალიტრა

ხომ არ ბნელა?

"არა ვარ იმ ჭკუაზე, მერაბიშვილს პრესაში გამოვუქვეყნო სამოქმედო გეგმა"

"თუ შედეგი წელს არ გვექნა, 2011 წელს პოლიტიკას ჩამოვშორდები"

"გგონიათ, შევარდნაძესა და სააკაშვილს არ შემოუთავაზებიათ არაფერი, მაგრამ დიდი სიამოვნება მივიღე, როდესაც მათი შუამავლები რამდენჯერმე უარით გავისტუმრე. ხუთი წამითაც არ მიფიქრია, მათი წინადადებები მიმეღო", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც "ფორუმისთვის" შედეგის მიღწევის ბოლო ვადად დეკემბრის ბოლოს ასახელებს:

- სააკაშვილი ბევრჯერ შეეცადა ჩვენს მოცელვას, მაგრამ არ გამოუვიდა. მიტინგების დროც დადგება რამდენიმე კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ პრესასა და ტელეეთერში ერთმანეთს ვლანძღავთ და ვთათხავთ, უკვე მეოთხე თვეა ვმუშაობთ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და უკვე გეგმაც შევიმუშავეთ. ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან ჩართული და ხელისუფლება ვეღარ ამბობს, არაფერს შევცვლიო. სინამდვილეში სააკაშვილი არაფრის შემცვლელი არ არის, მაგრამ... "ფორუმს" აქვს ასეთი ფორმულა, თუ სააკაშვილი არ შეცვლის საარჩევნო გარემოს, მას ჩვენ შევცვლით.

- ბადრი ბიწაძემ განაცხადა, შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე დაიწყოს ლაპარაკი და არაფერი გააკეთოს ხელისუფლების შესაცვლელად, ეს კი ამ შემოდგომას გადააგორებინებს სააკაშვილსო.

- ვინ ამბობს ამას? ხელისუფლებას სწორედ ბადრი ბიწაძე აგორებდა, როდესაც სააკაშვილის მთავრობაში იყო. რას გვთავაზობს ნინო ბურჯანაძე - სახალხო კრებას? სახალხო კრებაზე რომ ხალხი შეიკრიბება, რა საკითხები უნდა განიხილოს და როგორ იქნება კენჭისყრა, ან სახალხო კრების მეორე დღეს რა მოხდება? ქალბატონ ბურჯანაძეს ამ კითხვებზე პასუხი არა აქვს.

იქნებ ვიღაცამ თქვას, თქვენ შესთავაზეთ კონკრეტული წინადადებებიო. შევთავაზეთ და ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ, რა შევთავაზეთ ნინო ბურჯანაძესა და სახალხო კრების ინიციატორებს. ვუთხარით, რომ სახალხო კრებაზე სამი საკითხი უნდა დასმულიყო: როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ - საპარლამეტოს თუ საპრეზიდენტოს?

როგორი იქნება ქვეყნის საგარეო ორიენტაცია და როგორ გავუშვებთ სააკაშვილს? კრების 50 ათასმა მონაწილემ რომ დაიძახოს, მიშა უნდა წავიდესო, როგორ უნდა გავუშვათ? ამისთვის კომიტეტებია შესაქმნელი, რეგიონებშია გასასვლელი და მობილური ჯგუფები გასაკეთებელი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა იყოს, ქალბატონი ნინო კი აცხადებს, საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოსო, რადგან თვითონ უნდა პრეზიდენტობა. ხომ არ ბნელა?

- საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე რა მოსაზრება აქვს ფორუმს?

- ჩვენი იდეაა მშვიდობიანი კავკასია. ბალტიისპირეთს არა აქვს კონფედერაცია, მაგრამ ხომ არიან სიამტკბილობაში?

- მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის სიამტკბილობა ძნელი წარმოსადგენია.

- ეს შესაძლებელი იქნება, თუ მსოფლიოს დიდი მოთამაშეები შეთანხმდებიან. თავის დროზე, ეს იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაახმაურა. ძალები, რომლებიც ამ იდეას ეთანხმებიან, საქართველოშიც არიან, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, რუსეთშიც და ევროპაშიც.

- მაგრამ ეს იდეა გულისხმობს ნატოზე უარის თქმას.

- ნატოში არ იღებენ ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული პრობლემა აქვს, ჩვენ კი ოკუპირებული ქვეყანა ვართ. ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს: ან უნდა დავიბრუნოთ წართმეული ტერიტორია, რისი შნოც არ გვაქვს, ან უარი ვთქვათ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. მაშინ ნატოშიც მიგვიღებენ და მთელი მსოფლიოც ტაშს დაგვიკრავს, რა ცივილიზებული ყოფილა ქართველი ერი, ტერიტორიებზე ნებაყოფლობით თქვა უარიო, მაგრამ რა სიკვდილად მინდა ნატო, თუ ტერიტორიებზე უარი ვთქვი? გორში ნატოს ბაზა იქნება, ცხინვალში - რუსეთის და როდის დააყრიან ერთმანეთს, კაციშვილს არ ეცოდინება.

სააკაშვილის ლაპარაკი კონფედერაციაზე სულიერად დაავადებული ადამიანის ბოდვაა. ვერ ატყობთ, ეს კაცი რა ჭკუაზეა?

როდესაც ხელისუფლება უარს იტყვის საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, ლეგიტიმური უფლება გვაქვს, საყოველთაო საპროტესტო გამოსვლებით მოვახდინოთ მისი დემონტაჟი.

- გგონიათ, ხალხი ისევ გამოვა ოპოზიციის მოწოდებაზე?

- თუ არ გამოვა, ბრძანდებოდნენ სახლში!  ამირანი არა ვარ, რომ ბაყბაყდევს თავი მოვჭრა. გმირობას არავის ვთხოვ, ერთადერთს ვითხოვ, - როცა ვიტყვით, იმ დროს გამოვიდეთ.  წინასწარ დროს არ გამოვაცხადებ. Aარა ვარ იმ ჭკუაზე, მერაბიშვილს პრესაში გამოვუქვეყნო სამოქმედო გეგმა. ნეტავ ვინმე ჩემზე უკეთ გააკეთებდეს ამ საქმეს და სულ არ მინდა პოლიტიკაში ყოფნა. ერთი ნორმალური ლექცია წამაკითხა და არაფერი მინდა ამ ქვეყანაზე მეტი.

უნივერსიტეტი თავისუფლების ინსტიტუტის კანტორა გახდა და იქ რა მინდოდა? წამოვედი. რექტორის შეცვლა ვერაფერს გამოასწორებს, რადგან მამალი მგელივით ადგას თავზე უნივერსიტეტს თავისუფლების ინსტიტუტი. თევზი თავიდან ყარს, ხელისუფლებაა შესაცვლელი.

- პირველი კლასიდან ინგლისურის შესწავლა ბევრმა უარყოფითად შეაფასა.

- ეს არის მცდელობა, ინგლისური სახელმწიფო ენად გამოცხადდეს, რასაც არ დავუშვებთ. საქართველოში ორი სახელმწიფო ენა არსებობს: ქართული და აფხაზური. სხვა სახელმწიფო ენა საქართველოს არ ექნება. რა მნიშვნელობა აქვს, დედაენას რუსულით შეგვიცვლიან, ინგლისურით თუ თურქულით?

სააკაშვილისთვის არავის დაუვალებია, სახელმწიფო ენად ინგლისური გამოაცხადეო. ამ ხელისუფლებაში ან დებილები არიან, ან მოღალატეები. უფრო მეტად კი დებილი დამნაშავეები მგონია, კრეტინებიც არიან და ბოროტებიც.

თუ შედეგი წელს არ გვექნა, 2011 წელს პოლიტიკას ჩამოვშორდები. ის კაცი არა ვარ, საკრებულოში კაც-ნახევრის შეყვანაზე ვიოცნებო. ჩემი ოცნება თანამდებობა არ არის. ჩემი ოცნება ქვეყნის ფეხზე დაყენებაა და მეტსაც გეტყვით, - მე ისტორიას ვეთამაშები. რასაც ვაკეთებ, ისტორიასთან თამაშია და არა ის, ჩემმა ცოლ-შვილმა ტელევიზორში ხშირად დამინახოს.

ამ ბრძოლიდან ან ყველაფერს მივიღებ, ან არაფერს. თუ ოპოზიცია არ დაგვიდგება გვერდით, მაშინ მარტო დავიწყებთ ბრძოლას. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იმიტომ ვიწყებთ, რომ ვხედავთ, ნაწილ-ნაწილ დახერხავენ საქართველოს.

თავიდანვე ვეუბნებოდი აწ განსვენებულ ზურაბ ჟვანიას, ეს კაცი მოვთოკოთ, თორემ გააფრენს-მეთქი, მაგრამ მაშინ ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე "ნაცმოძრაობას" შეუერთდნენ. ქართველებს ჭკუა საბალახოდ ხომ არა გვაქვს გაშვებული? დავფიქრდეთ, რა გვემუქრება.

გულიანად ვიცინე, სააკაშვილი თვითმფრინავში რომ იჯდა და ხელს აქნევდა. კაცი ჯანზე ვერ არის და პრეზიდენტად გვყავს. პუტინს მიჰბაძა, ფრენა მოინდომა, მანამდე კი მანქანის მართვაში არ დაუდო ვითომ ტოლი და "ფორმულა" გამოცადა ავტობანზე.

ხომ ყველაფერში ჰბაძავს პუტინს, ახლა ცხენზე შეჯდეს, გააჭენოს და ყალყზე შეათამაშოს. თუ სააკაშვილი ამას გააკეთებს, ჩავთვლი, რომ დავით აღმაშენებელია და "ნაცმოძრაობაში" გადავალ ფორუმიანად, მაგრამ მანამდე არ მეტკინა არაფერი, მაგან ცხენი ყალყზე ვერ შეაყენოს.

- სააკაშვილი ამბიციური კაცია და რომ შეაყენოს?

- ცხენი ცოცხალი ორგანიზმია და მაგას გააჩერებს? მაშინვე გადმოაგდებს და კისერს მოატეხინებს.

"ვიცით, რომ ჩვენი დარწმუნება იოლია, ამიტომაც არანაირი არგუმენტი აღარ გვარწმუნებს"

ანდრე მორუა