"ვიდრე ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში" - კვირის პალიტრა

"ვიდრე ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში"

ვიდრე ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გია ვოლსკის მიერ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც "ამ პოზიციებით ერთ გუნდში ყოფნა შეუძლებელია". მისივე თქმით, ეკა ბესელია ორშაბათს ყველა საკითხზე თავად ისაუბრებს.

"ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ორააბათს ექნება ურთიერთობა მედიასთან და ისაუბრებს ყველა საკითხზე. მის მაგივრად სხვას ვერ შევაფასებ. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი, სანამ ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი ასევე გამოეხმაურა, თავისი კოლეგის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას "ამბოხებული დეპუტატების" შესახებ. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო "ამბოხებული დეპუტატები" რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

"მე არ ვიცი რას გულისხმობენ "ამბოხებულ დეპუტატებში" და უმჯობესი იქნება განმარტონ. თუ ამაში იმ ადამიანებს გულისხმობენ ვინც ვერ ხედავს სასამართლოს მომავალს ჩინჩალაძესთან, გვრიტიშვილთან და სხვებთან ერთად, მათ შეუძლიათ მოისმინონ მეთოფიშვილის და გვრიტიშვილის აზრები და დაეთანხმნონ. ზრდასრული ხალხია, ბევრი მათგანი დიდი ხანია პოლიტიკაშია და თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი მათ შეუძლიათ მოისმინონ ჩინჩალაძის და მიქაუტაძის აზრები",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ ის სწორედ მეთოფიშვილისა და მისი გუნდის წევრების გარეშე ხედავს სასამართლოს.

"ჩვენი ინტერესი არის სასამართლოს მომავალი წარმოვიდგინოთ ამ ადამიანების გარეშე. ჩვენ სასამართლოს მომავალს ვხედავთ თავისუფალი ადამიანებით დაკომპლექტებულ სასამართლოში. ჩვენ ვხედავთ ჩვენი სასამართლოს მომავალს იმ ადამიანებით დაკომპლექტებულ სასამართლოში, რომლებიც დაცლილი არიან ყველანაირი გავლენებისგან, არ არიან დისკრედიტებულები, აქვთ თავისუფალი აზროვნება, არ ყოფილან სხვების სამსახურში, არასდროს გაუუბედურებიათ ადამიანები და არ ყოფილან დაკვეთის ქვეშ. ჩვენ სასამართლოს მეთოფიშვილის, ჩინჩალაძის და კონკრეტული გვარების გარეშე ვხედავთ", - აღნიშნა დეპუტატმა.

"ინტერპრესნიუსი"