"რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ?" - კვირის პალიტრა

"რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ?"

უნდა ახსნან ჩვენი პოზიციის რომელი კონკრეტული ნიუანსები არ მოსწონთ და რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ? - ასე პასუხობს გედევან ფოფხაძე მისი თანაგუნდელის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას, რომელმაც მას, ეკა ბესელიას და მათ თანამოაზრეებს "ამბოხებულები“ უწოდა. ფოფხაძე იმედოვნებს, რომ ცქიტიშვილის ეს განცხადება ხუმრობაა.

"უნდა ახსნან ჩვენი პოზიციის რომელი კონკრეტული ნიუანსები არ მოწონთ. ჩინჩალაძე უნდათ? მურუსიძე უნდათ? მოსწონთ სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეები? მაშინ რა საერთო აქვთ "ქართულ ოცნებასთან"? ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები? რაში გამოიხატება ამბოხი, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ? ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო, ეს არასწორი პოზიციაა. ვინც ამას ამბობს ალბათ ხუმრობს და ჩავუთვლი უკბილო ხუმრობად ჩემი გუშინდელი ხუმრობის არ იყოს", - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, იგი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვას არ ელოდება.

"გარიცხვას არ ველოდები, სხვა რაღაცეებს ველოდები. ველოდები საღამოს მეგობრებთან შეხვედრას, დავგეგმეთ... გარიცხვა იქნება თუ არ იქნება, ეს არ არის აქტუალური. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის მქონე ხალხი უნდა გაირიცხოს, მითუმეტეს სახელისუფლებო პარტიიდან, შევახსენებ: სახელისუფლებო პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს. თუ დემოკრატია არ იქნება "ქართული ოცნების" შიგნით, არც ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია", - აღნიშნა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო "ამბოხებული დეპუტატები“ რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.