2019 წელს ჩემი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს უფრო აქტიურად წარმოდგენა მსოფლიო რუკაზე - კვირის პალიტრა

2019 წელს ჩემი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს უფრო აქტიურად წარმოდგენა მსოფლიო რუკაზე

2019 წელს ჩემი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს უფრო აქტიურად წარმოდგენა მსოფლიო რუკაზე ყველა კუთხით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების ჩაკეტვაზე დასმული კითხვის პასუხად მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისახედია ევროკავშირთან უნვიზო მიმოსვლის საკითხი, რადგან სტატისტიკა არ არის მთლად სახარბიელო, თუმცა, საფრთხე არ არსებობს.

"არ ვიცი სამი იქნება, ხუთი თუ რამდენი საკითხი, მაგრამ მთავარი მიზანი იქნება საქართველო იყოს უფრო აქტიურად წარმოდგენილი მსოფლიო რუკაზე ყველა კუთხით, სადაც მე შევძლებ. მაქვს რამდენიმე მიმართულება, სადაც შეგვიძლია უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი, ერთი არის, მაგალითად, გარემოს დაცვა.

მომავალ კვირას დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომ ვნახოთ როგორ შეიძლება უფრო მეტი უსაფრთხოება მოუტანოს ამ მისიამ იმ მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. ესეც იქნება ერთ-ერთი თემა, როცა ვიქნები ბრიუსელში, ევროკავშირში და გვექნება შეხვედრები. ნათელია, ამას თქმა და ხაზგასმა არც უნდა, რომ ევროკავშირთან უფრო აქტიური ურთიერთობა, ჩვენი წევრობისკენ მიმართული ყველა ნაბიჯი და ამ პერიოდში სანამ ამას მივაღწევთ, ბევრი კომპონენტით შევსება ამ ურთიერთობის და მეტად გააქტიურება ჩვენი ურთიერთობების ევროკავშირთან არის მთავარი მიზანი. ასევე მისახედი იქნება ვიზების საკითხი. ის სტატისტიკა, რაც გვაქვს არ არის მთლად სახარბიელო, თუმცა, საფრთხე არ არსებობს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი და ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ არის ბევრი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი თემა მთავრობასთან სასაუბრო დიასპორის საკითხი იქნება, კერძოდ, ორმაგი მოქალაქეობა.

"დიასპორა საკმაოდ ცუდად არის ინფორმირებული ორმაგ მოქალაქეობაზე მიღებული კანონის შესახებ. დღეს კიდევ ვიღებ ძალიან ბევრ კითხვას, თუ სად, როდის და როგორ შეიტანონ განცხადება ამ კუთხით. მომავალ კვირას მექნება პრაქტიკულად ყველა მინისტრთან შეხვედრა, რომ გავცვალოთ მოსაზრებები ყველა მიმართულებით. საინფორმაციო კამპანია დიასპორის მიმართულებით აუცილებელი და სასწრაფოა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"