"გადაწყვეტილება მიღებულია" - რაზე შეთანხმდნენ ირაკლი კობახიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი? - კვირის პალიტრა

"გადაწყვეტილება მიღებულია" - რაზე შეთანხმდნენ ირაკლი კობახიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. შეხვედრა პარლამენტის შენობაში შედგა.

როგორც შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან დეტალურად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი.

"ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია. გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე. აქ წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის: პარლამენტის წევრები, ასევე წარმოდგენილია მთავრობა იუსტიციის სამინისტროს სახით, აქ არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებაც, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი. აქ ასევე წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წამრომადგენლები.

ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც შესაძლებელია კრიტერიუმებსა და პროცედურაზე მსჯელობა, თუ რა სახით, რა დონის საკანონმდებლო აქტით უნდა გაიწეროს ისინი და ა.შ. ამაზე რა თქმა უნდა, დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. უახლოეს მომავალში უნდა ჩაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დავიწყებთ მსჯელობას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში. იურიდულად შეუძლებელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, მთავრობის თუ გენერალური აუდიტორის წარდგენა. გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა პროცედურას და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი დეკემბერში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, მოსამართლეთა სიის ფორმალური ჩაგდება მოხდეს, რათა ჯერ შემუშავდეს პროცედურა და კრიტერიუმები, ხოლო შემდეგ წარმოდგენილი იყოს განახლებული სია.

"არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი განახლებული სია. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კანდიდატების ფორმალური ჩაგდების პროცედურა, ეს შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან ნებისმიერი სხვა რამ. მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე წარმოდგენილი იყოს განახლებული სია. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები და ამ ტექნიკური და იურიდიული დეტალების პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება არ იქნება სწორი. დღემდე არის წარმოდგენილი ოთხი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის მიერ. გამომდინარე იქედან, რომ ამ კანდიდატების გაწვევა არის შეუძლებელი, ეს საკითხი ჰაერში არის გამოკიდებული. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, ეს არის ამ კანდიდატების ფორმალურად ჩაგდება. შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს, რომ ყველაფერი, რაც იყო ადრე, აღარ არის რელევანტური და ხდება ახალი კანდიდატების წარმოდგენა. ეს არის ტექნიკური ნიუანსები, თუმცა ამაზე მსჯელობა აუცილებლად გვექნება", - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი მიქაუტაძის თქმით კი, უახლოს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე იმსჯელებენ. რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, მას თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა.

"პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო ჯგუფი შეთანხმდება...

მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზადაა სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. აქაა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"