"ივანიშვილმა შესაძლოა, კობახიძის ფრთა მოსამართლეთა საკითხს გადააყოლოს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა შესაძლოა, კობახიძის ფრთა მოსამართლეთა საკითხს გადააყოლოს"

"საოცარია, რომ დღეს საზოგადოება იძულებულია, დაიცვას ის სისტემა - ვგულისხმობ ბანკებს - რომელიც სწორედ საზოგადოებისგან არ იმსახურებს დაცვას, რადგან საბანკო სისტემამ დიდი მონაწილეობა მიიღო ჩვენი მოსახლეობის გაღატაკებაში"

გასული კვირის მთავარი თემა კვლავაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. უფრო აშკარად გამოჩნდა, რომ ეს თემა საპარლამენტო უმრავლესობაში მნიშვნელოვან წყალგამყოფად იქცა. შექმნილ ვითარებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი, თუმცა სპეციალურ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: "მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი". როგორც ამ განცხადებით გაირკვა, მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა, რადგან ეს უფრო ადრე იყო გადაწყვეტილი. ივანიშვილმა გააკრიტიკა ბესელია და განაცხადა, იგი წავიდა გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგო. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელის, გიორგი მიქაუტაძის შეხვედრის შემდეგ გაცხადდა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა განახლებული სია მხოლოდ ახალი პროცედურისა და კრიტერიუმების მომზადების შემდეგ განიხილება...

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან საუბარი სწორედ მმართველ პარტიაში შექმნილი ვითარების შეფასებით დავიწყეთ:

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვაკვირდებით 2020 წლის სამთავრობო კოალიციის ფორმირების პროცესს. სრულიად ბუნებრივია, "ოცნებაში" დიდი ხნის წინ დაწყებული დაპირისპირების კატალიზატორი მოსამართლეების თემა რომ აღმოჩნდა. იმას, რაც პარლამენტში ხდება, ერთმნიშვნელოვნად თაობათა ბრძოლას ვერ დავარქმევთ, რადგან იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც აშკარად გამოხატეს თავიანთი უარყოფითი პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართ, არიან ისინიც, ვინც იდგნენ "ქართული ოცნების" სათავეებთან, და შედარებით ახალი თაობის წარმომადგენლებიც, მაგალითად: ბექა ნაცვლიშვილი, ლევან კობერიძე, თამარ ჩუგოშვილი და ა.შ. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში აშკარად მიმდინარეობს ღირებულებითIი ბრძოლა, თუმცა ამავე დროს ეს არის ბრძოლა საკუთარი პოლიტიკური მომავალისა და ახალი პოლიტიკური ერისთვის.

გამოკვეთილ ორ გუნდს პრინციპულად განასხვავებს ის, თუ რას უკავშირებენ ისინი თავიანთ პოლიტიკურ მომავალს. იმ ჯგუფს, რომელიც თავის პოლიტიკურ მომავალს დღევანდელი იუსტიციის საბჭოს მორალურ სახეს უკავშირებს და ეს მომავალი მასთან და იმ მოსამართლეებთან კოაბიტაციაში წარმოუდგენია, ვისაც ლობირებს, პირობითად დავარქვათ "კოლექტიური კობახიძე".

მეორე მხარეს კი თავისი პოლიტიკური მომავალი და ახალი პოლიტიკური იმიჯის ფორმირება წარმოუდგენია იმ პრინციპის დაცვით, რომელსაც ჰქვია სამართლიანი სასამართლო და სასამართლო სისტემასა თუ პარლამენტში მორალური გარემო.

აი, ეს არის ნამდვილად წყალგამყოფი, თუმცა ე.წ. ანტიმოსამართლეთა ფლანგიც ძალიან ჭრელია და ვერ ვიტყვით, რომ ამის საფუძველზე შეიძლება ერთიანი პოლიტიკური გუნდი ჩამოყალიბდეს. ამ ფლანგზე აღმოჩნდნენ ბესელია და ჩუგოშვილი. შესაძლოა, ისინი დროებით ერთ პოზიციაზე ვიხილოთ, მაგრამ ვფიქრობ, დროთა განმავლობაში დღევანდელი "ოცნების" ბაზაზე რამდენიმე ჯგუფს მივიღებთ.

- დასაწყისში ახსენეთ, რომ შესაძლოა, 2020 წლის სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების პროცესს ვადევნებდეთ თვალს. იქნებ უფრო ზუსტად განმარტოთ, რას გულისხმობთ? - უკვე გაისმა ვერსია, რომ შესაძლოა, ამ პროცესებით ივანიშვილი თავისთვის კომფორტულ ოპოზიციას ქმნიდეს. ამის მტკიცება წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - ხვალ რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა დანაწევრდეს დღევანდელი "ქართული ოცნება", ივანიშვილისთვის მომავალ სამთავრობო კოალიციაში მათი ყოფნა უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე ფრთისა.

ამ, ასე ვთქვათ, "დაუმორჩილებლების" ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს ამომრჩევლის სერიოზული ბაზა. ეს არის ის ხალხი, ვინც 2012 წელს "ოცნების" ამომრჩეველი იყო სწორედ იმიტომ, რომ უნდოდა თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვა და უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრება... ეს ის ამომრჩეველია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში შინ დარჩა და მხოლოდ მეორე ტურში წავიდა ხმის მისაცემად...

ეს ხალხი პოტენციურად სწორედ "ოცნებიდან" წამოსული პოლიტიკოსების ამომრჩეველია, თუ, რა თქმა უნდა, ისინი შეძლებენ თვითორგანიზებას და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას. მათი მონაწილეობით, შესაძლოა, მივიღოთ ის მესამე ძალა, რომელზეც კარგა ხანია, ვლაპარაკობთ...

თუმცა, მაგალითად, მამუკა ხაზარაძისა და "თიბისი ბანკის" გარშემო დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე ჩნდება კითხვა: თავისუფალი ფული დარჩება თუ არა თავისუფალი იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობების დაფინანსება მოხერხდეს?!

ყველა საეტაპო, გარდამტეხ პერიოდში ვართ როგორც პოლიტიკური სივრცის სეგმენტირების, ისევე იმ ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ხელისუფლებაში მოსვლით.

"კობახიძის ჯგუფი" ყველა იმ პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელთა დეკლარირებითაც მოვიდა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წელს და რომელთაც ამ წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად იცავდა კიდეც.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ იუსტიციის საბჭოს წარდგენილი სიის მოწინააღმდეგე ის მაინცდამაინც არ არის, მეტიც - "ქართული ოცნების" ლიდერი აშკარად დაუპირისპირდა ეკა ბესელიას... - ჩემი აზრით, ივანიშვილის განცხადება ცალსახა ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. მას რამდენიმე შრე აქვს. ერთი ის არის, რომ მისი გულისწყრომა ბესელიას მიმართ აშკარაა და გარკვეულწილად, ამის ახსნა შეიძლება. საქმე ის არის, რომ 2018 წლის გაზაფხულზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, პირდაპირ თქვა - დავბრუნდი, რადგან გუნდი იშლებოდაო, ახლა კი ბესელია აღმოჩნდა პირველი მედროშე, ამ რღვევის გაფორმების ინიციატორი, რამაც აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუნდის გაერთიანება ვერ შეძლო. ჩემი აზრით, მისი გულისწყრომა სწორედ ამით არის განპირობებული. ის ფიქრობს, რომ გუნდის გასაერთიანებლად მის ძალისხმევას ეკა ბესელიამ შეუშალა ხელი. აქვე ვიტყვი - ამ განცხად+ებაში არსად ჩანს, რომ ის ირაკლი კობახიძეს უჭერს მხარს... რაც შეეხება მოსამართლეთა თემისადმი მის დამოკიდებულებას... აქაც ერთი მხრივ აშკარად გამოჩნდა, რომ მას იუსტიციის საბჭოს მიმართ აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება არა აქვს, ისევე როგორც კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის დაჩქარებული პროცესის მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, ივანიშვილის განცხადებაში ასახულია ის უარყოფითი განწყობაც, რომელიც ამ პროცესს პარლამენტსა და საზოგადოებაში მოჰყვა. მან განაცხადა, რა დროც დასჭირდება ამ საკითხის საჯარო განხილვას, ის დრო დაეთმობა და პროცესები შეთანხმების შედეგად გაგრძელდებაო და ეს აშკარად იყო საზოგადოებრივი განწყობის პასუხი... ამას მოჰყვა გაგრძელებაც - ირაკლი კობახიძისა და მიქაუტაძის შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ ჯერ პროცედურა და კრიტერიუმები განისაზღვრება და შემდეგ განიხილება განახლებული სია. გამოითქვა წარდგენილი სიის ფორმალური ჩაგდებისთვის მზადყოფნაც.

კიდევ კარგი, ხელისუფლებას საბოლოოდ არ დაჩლუნგებია თვითგადარჩენის ინსტინქტი და საზოგადოების წინააღმდეგობის შემდეგ უკან იხევს ხოლმე.

ასეა თუ ისე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ოდიოზური ათკაციანი სია ჩავარდება, მომავალი სიის შემადგენლობა კი საზოგადოების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

- საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბესელიასთან ერთ გუნდში ვეღარ იქნებიან... ბევრი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" დაშლა გარდაუვალია... - ჩემი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს. აქ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი - ეს ადამიანები გრძნობენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათი უმრავლესობის ადგილი "ქართული ოცნების" სიაში არ იქნება, ამიტომაც სხვადასხვა ფორმით იბრძვიან საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად. სწორედ ამის გამო "ქართული ოცნების" სეგმენტირება გარდაუვალი პროცესია. მას დაშლისგან მოსამართლეთა ოდიოზური სიის ჩაგდებაც კი ვერ დაიცავს,

თუმცა ეს ახლა მოხდება, გაზაფხულზე თუ ცოტა მოგვიანებით, ძნელი სათქმელია. ვერც იმას გეტყვით, წასვლის მსურველები ერთ დიდ ფრაქციას ჩამოაყალიბებენ თუ რამდენიმე პატარა ფრაქციად დაიშლებიან, თუმცა, ვიმეორებ -ეს, ჩემი აზრით, გარდაუვალია.

ვფიქრობ, ეს ჯანსაღი პროცესია და იძლევა უკეთეს შანსს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჯანსაღი სამთავრობო კოალიცია შეიქმნას. "ქართული ოცნების" სახის გადასარჩენადაც ეს პროცესი მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ არის მეორე საკითხიც: თუ "ოცნებიდან" სახიერი ადამიანების უმეტესობა წავიდა, ვის იმედად რჩებიან "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი? "კოლექტიური კობახიძისა" და ამ სასამართლოს "მაყურებლების"?!

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საით წავა კალაძე თავისი თბილისითა და მეთოდურად ნაგები იმიჯით. ამ ექვსი წლის განმავლობაში და იმ ვითარებაში, როდესაც "ოცნება" არ მიესალმებოდა ადამიანებს, ვისაც პოლიტიკური ამბიცია უჩნდებოდა, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება შეძლო. კალაძე "ქართულ ოცნებაში" ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც არჩევნები ივანიშვილის პირდაპირი ჩართულობის გარეშე მოიგო. ამავე დროს, ის მოქნილი პოლიტიკოსიცაა, ამიტომაც მგონია, რომ ეცდება, საკუთარი იმიჯი სასამართლო სისტემის "მაყურებლებთან" არ გააიგივოს...

ისე, თუ ბიძინა ივანიშვილი დაინახავს, რომ კობახიძის ფრთა ისეთი ტოქსიკურია, "ქართულ ოცნებას" ძალიან უშლის ხელს, არ არის გამორიცხული, ისინი ამ ოდიოზურ მოსამართლეთა საკითხს გადააყოლოს კიდეც.

"ქართული ოცნების" ნაწილს ერთი რამ არ ესმის: მოსამართლეთა ეს ჯგუფი დღეს თუ სასამართლო სისტემის "მაყურებელია", ხვალ შეიძლება მთელი პოლიტიკური სისტემის მაყურებლად იქცეს. ეს მოსამართლეები კი ჰგონიათ მორჩილები, მაგრამ ისინი მორჩილები არიან მანამ, ვიდრე ძალას ხედავენ. თუ ამ ხელისუფლებას ფეხი დაუცდა, სისუსტის გამოვლენისთანავე ეს "მაყურებლები" იქნებიან პირველები, ვინც კბილებით დაგლეჯენ დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის იბრძვიან და ვისთან ურთიერთობასაც ხელსაყრელად მიიჩნევენ, იქით გადაინაცვლებენ. ასე რომ, თუ ამ მოსამართლეების შენარჩუნებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ 2020 წლის არჩევნებში "ოცნებას" გაყალბება "გაუპრავონ", თავს დავდებ - ისინი 2020 წელს ვისგანაც ძალას იგრძნობენ, იქით წავლენ და მხარს იმას დაუჭერენ.

- პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკიდან" მასალების გატანის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისმის არაერთი ვერსია, რომ ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ან პოლიტიკურ პროცესს, ანუ ხელისუფლება ე.წ. თავისუფალი ფულის ოპოზიციის ყულაბაში მოხვედრის საფრთხისგან იზღვევდეს თავს, ან ანაკლიის პორტისადმი ინტერესს. თქვეს ისიც, რომ შესაძლოა, "ქართულ ოცნებაში" ამ გზით მოსამართლეთა სკანდალის გადაფარვა სცადეს... - დავიწყოთ იმით, რომ ქვეყანა კი არა, სატირულ-იუმორისტული ჟურნალი ვართ. ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ვიცინოთ თუ ვიტიროთ, არ ვიცით. ამ გადაწყვეტილებაში საღ აზრს ვერ ვხედავ, ვერც პოლიტიკურად და ვერც ფინანსურად. თუ ვინმემ ეს საკითხი იმიტომ შემოაგდო, რომ მოსამართლეების თემა გადაეფარა, ამით პრობლემა უფრო გაამწვავა - გაჩნდა ეჭვი, რომ "ქართულ ოცნებას" ასეთი ოდიოზური მოსამართლეები სწორედ ბიზნესის კონტროლისთვის სჭირდება.

მართლაც საოცარია, რომ დღეს საზოგადოება იძულებულია, დაიცვას ის სისტემა - ვგულისხმობ ბანკებს - რომელიც სწორედ საზოგადოებისგან არ იმსახურებს დაცვას, რადგან საბანკო სისტემამ დიდი მონაწილეობა მიიღო ჩვენი მოსახლეობის გაღატაკებაში. თუმცა უარეს მდგომარეობაში ჩავცვივდებით, თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, რადგან საბანკო სისტემის ჩამოქცევამ, შესაძლოა, სახელმწიფოს ჩამოქცევა გამოიწვიოს. ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე - ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და ანაკლიის პორტის მომავალი, რომელიც არ არის ჩვეულებრივი პორტი და რომელსაც დიდი შემოსავალი და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება უკავშირდება. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, რომლისადმი ინტერესი აქვს აშშ-სა და ევროპას.

თავის დროზე დიდი ძალისხმევა დაიხარჯა, რომ ეს პორტი რუსული ან ჩინური გავლენის ქვეშ არ აღმოჩენილიყო ანუ მათი საკუთრება არ გამხდარიყო.

სიმართლე გითხრათ, ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესში ლოგიკას ვერ ვხედავ. ხაზარაძის მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ სვლის სურვილი არ ჩანს. რა ინფორმაცია აქვს მმართველ გუნდს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მან "ქართული ოცნების" რჩეულ კანდიდატს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა. საერთოდ, ქართულ ბიზნესს არ ახასიათებს ოპოზიციის მხარდაჭერა მანამ, სანამ უკიდურესად არ შეავიწროებენ. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ფიქრს, რომ მათი თავისუფლების გარანტია ხელისუფლების კეთილგანწყობა კი არა, თავისუფალი და კონკურენტული პოლიტიკური გარემოა. ამიტომ უფრო გაუგებარია ეს ნაბიჯი. თუ მიზეზი პოლიტიკური მოტივია, ჩემთვის ეს სრულიად აუხსნელია.

ითქვა ისიც, თითქოს ვიღაცას ბანკის აქციების ფასის დაგდება და შესყიდვა სურდა, მაგრამ ესეც ალოგიკური მეჩვენება...

თუ ვინმემ გადაწყვიტა, პროტესტანტი დეპუტატებისთვის ეჩვენებინა, ჩვენს წინააღმდეგ ვინც წავა, ხელშეუხებელი არავინ იქნება - ნახეთ, ხაზარაძეც კი არ არის ხელშეუხებელიო, არ ვიცი... ღირდა ეს ყველაფერი ასეთ ხმაურად?! ეს საკითხი გაცილებით რეზონანსული გახდება, თუ დროულად არ გაჩერდა.

უცნაურია, რომ ამ საკითხს უკავშირებენ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც აქვს აქტივები დასავლეთში და იცის, როგორი მნიშვნელოვანია იმ სამყაროსთვის ფინანსური სტაბილურობა. "თიბისის" საქმე დასავლეთისთვის შეიძლება ისეთივე წითელ ხაზად იქცეს, როგორი წითელი ხაზიც თავის დროზე "რუსთავი 2" იყო.

ვფიქრობ, ეს პროცესი უფრო შორს არ წავა. მოსინჯეს, ხმაური ატეხეს, საზოგადოების აქტიური ნაწილის განწყობა გაიგეს და ახლა გაჩერდებიან... შეიძლება ამას ბანკის აქციების ფასის შემცირება მოჰყვეს, მაგრამ არა ისეთი, რომ ამან რყევა გამოიწვიოს.

- ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინ არის და კანონის წინაშე ყველა თანასწორია... - ვეთანხმები მათ, თუმცა ეს შერჩევით არ უნდა მოხდეს... საინტერესოა, ხელისუფლებაში ფარცხალაძესთან დაკავშირებით რატომ ვერ ხედავენ პრობლემებს?

ის დღემდე სახელისუფლებო ინტერესების გამტარებელია. ეს კაცი ეკონომიკური მონოპოლიებისა და ბიზნესინტერესების კუთხით მთავარ ფიგურად იქცა. საოცარია, რად უნდათ ასეთი სახელგატეხილი ადამიანი?! აი, ეს იცის უკონტროლო ძალაუფლებამ!

- სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა, თუმცა ჟურნალისტებმა შეკითხვების უმეტესობაზე პასუხი ვერ მიიღეს. ქალბატონი სალომე, ძირითადად, პასუხობდა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის... - ამ პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი მოქალაქის დონეზეც კი ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას საქართველოს წინაშე, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ის ხელისუფლების მორჩილი იქნება 2020 წლის არჩევნებამდე. სალომე ზურაბიშვილი ჩემი აზრით, მას აქვს ამბიცია, ჰყავდეს თავისი დეპუტაცია მომავალ პარლამენტში და ამისთვის "ქართული ოცნების" სიაში კვოტას მოითხოვს. სწორედ ამიტომ 2020 წლამდე ის დისკომფორტს არ შეუქმნის მმართველ პარტიას, მერე კი იმის შესაბამისად იმოქმედებს, როგორც განაწილდება ხელისუფლება.