"დღეს საქმე გვაქვს სახელისუფლებო საძმოების ქსელთან..." - კვირის პალიტრა

"დღეს საქმე გვაქვს სახელისუფლებო საძმოების ქსელთან..."

"ივანიშვილი, საკუთარი თავის გარდა, არასოდეს არავის აძლიერებს. სხვების დაპირისპირებაში თუ ვინმეს მხარეს დაიჭერს, ეს მხოლოდ დროებითი და ტაქტიკური მხარდაჭერაა, რომლის ვექტორი შეიძლება მალე 180 გრადუსით შეიცვალოს, იგულისხმება თითქოს სამუდამოდ მოკვეთილთა კვლავ აღზევებაც", - ამბობს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.

- ივანიშვილს, როგორც ყოვლისშემძლეს, ვერ წარმოუდგენია პოლიტიკური დამარცხება, ამიტომაც შეეცადა 2013 წელს ტრიუმფატორის როლში დაეტოვებინა საჯარო ასპარეზი და გუნდზე პასუხისმგებლობა ნელ-ნელა მოეხსნა. თუმცა მისივე შეცდომების გამო გუნდმა იმდენად სწრაფად დაიწყო დაქსაქსვა, რომ გარდაუვალი მარცხის თანამოზიარეობა დაემუქრა და იძულებული შეიქნა, დაბრუნებულიყო, მაგრამ უკიდურესად დავიწროებული ოცნებით - ძალაუფლების კიდევ რამდენიმე წამით, წუთით, წლით გახანგრძლივების ამოცანით.

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ადეკვატურად აღიქვამს შექმნილ ვითარებას? - როგორც ამგვარი ამოცანით შეპყრობილი ნებისმიერი ხელისუფლისთვის, ისე მისთვისაც, თავისუფალი ადამიანი სახიფათოა, მორჩილი - სასურველი, პრინციპული - უმადური, პატიოსანი - სუსტი, ცბიერი - ჭკვიანი; ზნეობა ტვირთია, კანონი - სურვილი, სიკეთე იყიდება, ადამიანი თოჯინაა, ცხოვრება კი შურისძიება... ამიტომ არ ესმის, რას აშავებს, როდესაც მურუსიძის, ფარცხალაძის, გუნდის თუ ხაზარაძის საქმეებს აკეთებს...

- მართლაც დაარღვია ბესელიამ გუნდურობის პრინციპი? რას ფიქრობთ "ოცნებაში" შექმნილ ვითარებაზე? - ახალი სახელისუფლებო ინსტიტუტი ისე მოგვევლინა, ვერც კი შევნიშნეთ, მაინც რა არის ეს გუნდი, ვინ და როდის მიანიჭა მას საქვეყნო საქმეების გადაწყვეტის უფლებამოსილება, კონსტიტუციის რომელ მუხლში წერია"გუნდზე, როგორც ხელისუფლების უზენაეს ორგანოზე? პარლამენტი გაგვიგია, მთავრობა გაგვიგია, საპარლამენტო უმრავლესობა გაგვიგია, საპარლამენტო კომიტეტი, ფრაქციაც გაგვიგია - ყოველ მათგანს კონსტიტუცია და კანონი ანიჭებს სახელმწიფო ძალაუფლების კონკრეტულ სეგმენტს, განუსაზღვრავს უფლებამოსილებას, მაგრამ "ოცნების" გუნდს ვინ მისცა უფლება, რომ ყველა ამ კონსტიტუციურ სახელმწიფო ორგანოზე ზევით დადგეს და მათ ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილებები?! "ბიძინას არაფორმალური მმართველობა" ყურს ჭრიდა და ახლა "ბიძIინას გუნდის მმართველობა" შემოვიღეთ?! ამ უბედურების სათავე ის არის, რომ ვერაფრით დავაღწიეთ თავი საბჭოურ მენტალიტეტს და ვერაფრით ვისწავლეთ, მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის რა განსხვავებაა. ეს არის პრობლემა და არა ბესელიაზე ატეხილი აურზაური.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მან ცალკე პარტია ჩამოაყალიბოს?

- არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

- "ოცნება" დაშლის ზღვარზეა? - პარტია "ქართული ოცნება" ვერასოდეს დაიშლება, რადგან პარტიად არასოდეს შექმნილა. საქმე გვაქვს სახელისუფლებო საძმოების ქსელთან, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, მათ სხვა აღარაფერი აკავშირებს ერთმანეთთან. მათი ძალაუფლების ერთადერთი წყარო ივანიშვილია, მისი მორალურ-სახელისუფლებო რესურსი კი იმდენად სწრაფად ამოიწურა, მისი კომპენსირება შეუძლებელი ხდება ფინანსური და პოლიციური რესურსებით. ამიტომ მმართველი კონგლომერატი უკვე დაშლილია და ახლა შეკოწიწებას ცდილობენ.

- ივანიშვილის განცხადება მოსამართლეობის კანდიდატების სიის შესახებ ნიშნავს თუ არა, რომ უვადოდ სწორედ მათ გაამწესებენ? - სახელისუფლებო ვერტიკალი, რომლის გაძლიერებასაც ივანიშვილი ერთ წელიწადში დაგვპირდა, მას სასამართლოში უკვე შექმნილი აქვს და დაფუძნებულია სიაში მყოფ რამდენიმე პირზე. ამიტომ არ ველი მათ შეცვლას. შეიძლება რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი""ბარტყი" გადმოაგდონ და მათ ნაცვლად ორიოდე ავტორიტეტული მოსამართლე წარადგინონ, მაგრამ ეს საქმეს ვერ უშველის...

- დიდი რეზონანსი მოჰყვა "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას... - ხაზარაძესთან საეჭვო ურთიერთობაში ეჭვმიტანილი პრემიერ-მინისტრის გადაყენებიდან ათ დღეში ათი წლის წინანდელ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აქ კომენტარი აღარც არის საჭირო... შეიძლება ხაზარაძემ ათი წლის წინ მართლაც დაარღვია კანონი, მაგრამ შეიძლება არც არაფერი დაურღვევია. სამაგიეროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოძიების ახლა და ასე დაწყებით ნამდვილად დაარღვია პროკურატურის საქმიანობაში ჩაურევლობის კანონი.

ვფიქრობ, მხოლოდ ანაკლიაში არ არის საქმე. ისე კი ჩემს ვარაუდებზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო თავად ხაზარაძის ვერსიებია, რომელთა გასაჯაროებას მას, ალბათ, მოვლენათა განვითარება აიძულებს, მათ შორის, ამ საქმეში ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო როლზეც.