"წლების განმავლობაში ივანიშვილი დაუფარავად ლობირებდა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს" - კვირის პალიტრა

"წლების განმავლობაში ივანიშვილი დაუფარავად ლობირებდა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე მმართველ გუნდში კვლავ ვნებათაღელვაა. ვითარებას მეტი სიმძაფრე ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ შესძინა, რომლის თანახმადაც, პარლამენტისთვის ამ სიის წარდგენას ობიექტური მიზეზები ჰქონდა და საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ივანიშვილი მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს უჭერს. წავლენ თუ არა "ქართული ოცნების" დეპუტატები ლიდერის წინააღმდეგ, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ამ მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს პარლამენტი უყრის. "კვირის პალიტრა" იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სანდრო ბარამიძეს ესაუბრა:

- იუსტიციის საბჭოს რამდენიმე არამოსამართლე წევრმა და ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრებმა შეიმუშავეს რამდენიმეკაციანი სია და თავხედურად წარუდგინეს პარლამენტს. ვფიქრობ, სია შეთანხმებული იყო ივანიშვილთანაც. მისი განცხადებითაც ნათლად გამოჩნდა, რომ მხარს უჭერს მას. ვხედავთ იმასაც, რომ პარლამენტში ეს სია იოლად ვერ გავა.

სანდრო ბარამიძე აღმოჩნდნენ ისეთი დეპუტატები, რომლებმაც დაუფარავად დაიწუნეს მოსამართლეთა სია. სწორედ ამის გამო მომეჩვენა განცხადებაში ივანიშვილის გაღიზიანება იმ დეპუტატებით, რომლებმაც გაბედეს და უარი თქვეს სიის მხარდაჭერაზე.

- ფიქრობთ, გაუჭირდება პარლამენტს სიის დამტკიცება? - უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, "ოცნებას" პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს, ანუ 39 დეპუტატი უნდა წავიდეს წინააღმდეგ. როდესაც ამ საკითხს კენჭს უყრიან, მაშინ გამოჩნდება, არიან თუ არა "ოცნების" დეპუტატები მზად იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ.

- შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? - უპირველესად ივანიშვილს - წლების განმავლობაში ის დაუფარავად ლობირებდა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს. პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ დეპუტატებსაც, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე ასწიონ ხელი, ოღონდ ლიდერს ასიამოვნონ.

- რატომ დუმს თეა წულუკიანი?

- არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

- როგორც იუსტიციის მინისტრს, მას არ ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა?

- გამიჭირდება ამაზე საუბარი და არც მსურს. ახლა მთავარი პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრებზეა. კენჭისყრის შემდეგ მთელი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ვინ რას და ვის უყარა კენჭი.

- მართლმსაჯულების რეფორმა რომ ჩავარდა, არც ამაზეა წულუკიანი პასუხისმგებელი? - სასამართლოს რეფორმა არ ჩავარდნილა. მაგალითად, იუსტიციის საბჭოს 6 არამოსამართლე წევრი რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან ინიშნება, ეს კარგია და რეფორმის ჩავარდნას არ ნიშნავს. უბრალოდ პარლამენტმა არ აირჩია ღირსეული კანდიდატები. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ კანონი, რეფორმა და როგორ იყენებს ნორმებს "ქართული ოცნება".

- მაგრამ ფაქტია, სასამართლოს საზოგადოება ძველებურად არ ენდობა. - როგორ დაუბრუნდება ნდობა, როდესაც იქ ეს ხალხია გაბატონებული. რეფორმის მეორე ეტაპზე გამოსაცდელი ვადისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რომ შევიტანეთ, ცუდი იყო? სხვა საკითხია, იუსტიციის საბჭომ ეს როგორ გამოიყენა - ფორმალურად მიუდგა და მაინც გაიყვანა ის ხალხი, რომლებიც აწყობდათ. როგორიც გნებავთ, ისეთი კანონი დაწერეთ, აზრი არა აქვს, თუ გეყოლებათ სათავეში ისეთი ხალხი, როგორიც იუსტიციის საბჭოშია.

- დეპუტატების ნაწილის აზრით, იუსტიციის საბჭო დასაშლელია.

- იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს, მაგრამ ვინ დაშლის?! ან პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ამის თაობაზე, ან უფრო ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა, თუ საკანონმდებლო ორგანო გაიწვევდა იმ სამ არამოსამართლე წევრს, რომლებიც აირჩია და რომლებიც იქ მარტო იმისთვის არიან, რომ ხელი აუწიონ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსამართლეებს. ამ სამს თუ გაიწვევენ, ჩიხში შევა იუსტიციის საბჭო და მოუწევთ დათმობებზე წასვლა.

- სახელდობრ ვინ არის გასაწვევი?

- ხარებავა, ქადაგიძე და მესამეს ვერ ვიხსენებ.

- თუ პარლამენტმა მოსამართლეთა ეს სია დაამტკიცა, როგორ განვითარდება მოვლენები?

- ეს მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან. საზოგადოება მოთმინებით უნდა დაელოდოს არჩევნებს და ღირსეული ძალა აირჩიოს, ძალა, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება ასეთი ხალხის პარპაში სასამართლოში. ახალ ძალას სხვადასხვა ბერკეტის გამოყენების საშუალება ექნება, მაგალითად, იმპიჩმენტის ან სხვა უფრო რადიკალური რეფორმების გატარების, რითაც ბოლო მოეღება ამ კლანის პარპაშს.

იხილეთ ასევე: "სამართლის" 10 მაფიოზი"